ხარშილაძისა და ძაძამიას სკანდალური ჩვენებები

ხარშილაძისა და ძაძამიას სკანდალური ჩვენებები

"საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა გრძელდება. გუშინ და გუშინწინ ბრალდებულის სტატუსით მისი დაცვის ყოფილი წევრები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია ნაფიცმა მსაჯულებმა დაკითხეს. ხარშილაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ ჟვანიასგან შეთავაზება მასაც ჰქონდა. აქამდე კი იმიტომ არ საუბრობდა, რომ გარდაცვლილი პრემიერის რეპუტაციას უფრთხილდებოდა. ამ ჩვენებას ადასტურებს მეორე ბრალდებული ძაძამიაც. მისი თქმით, ექსპრემიერს 3 წლის განმავლობაში 10-მდე კონსპირაციული ბინა ჰქონდა დაქირავებული", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხარშილაძისა და ძაძამიას სკანდალური ჩვენებები / "ჟვანიას ორიენტაციის შესახებ ვიცოდი, შემოთავაზებაც მქონდა მისგან".

"ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების ჩვენების არ სჯერა მის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს ელენე თევდორაძეს. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ბრალდებულებმა ეს ვერსია შეთხზეს - "თუ ჟვანიამ შესთავაზა რამე ხარშილაძეს, მაშინ ამაზე ახლა რატომ დაიწყო ჭორაობა? თუ მის რეპუტაციას უფრთხილდებოდა, მაშინ ახლა რამ აიძულა რომ ასეთი რამე ელაპარაკა?" - კითხულობს თევდორაძე. კონსპირაციული ბინების დაქირავებას რაც შეეხება, ამაზე თევდორაძე ამბობს, რომ ჟვანია ბინებს მართლაც ქირაობდა, თუმცა რამდენად ხშირად იყენებდა მას და ხვდებოდა თუ არა პოლიტიკოსებს არაფორმალურ შეხვედრებზე, ეს არ იცის, თუმცა დასძენს რომ კონსპირაციული ბინები ბევრ სხვა პოლიტიკოსსაც ჰქონდა დაქირავებული, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა. 18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი რომ არ შემიცვლია", - განაცხადა კობა ხარშილაძემ. მისი თქმით, ამ პერიოდში პოლიციის აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც მან პოლიციის აკადემიაში შეძლო ჩაბარება. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა. როგორც კობა ხარშილაძემ აღნიშნა, ახალი გამოძიების პირობებში სურდათ, რომ მას ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიეცა, თუმცა ამას ვერ გააკეთებდა - "როგორ შეიძლება ხელი ვინმეზე გამეშვირა, უნდოდათ მიშასთვის გადაბრალება, თუმცა ხელს ვერ გავიშვერდი ვინმესკენ, მაშინ როდესაც არაფერი არ ხდება", - განაცხადა ხარშილაძემ. მან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეც გაიხსენა", - განაგრძობს გამოცემა.

"2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, ოთხის ნახევარზე დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ მგონი უბედურებაა, ზურას ვერ ვაგონებო. წავედი ამ ბინაში, ფანჯარაზე ავედი და სწორედ ფანჯრიდან შევედი ბინაში. დავინახე ზურა იჯდა სავარძელზე და მარცხნივ ჰქონდა თავი გადაწეული. დავუძახე რამდენჯერმე, არ მიპასუხა, შემდეგ ჟალუზი მოვხსენი, შევედი. ზურა იატაკზე დავაწვინე, პულსი გავუსინჯე, ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. უსუპოვთანაც მივედი, ისიც გარდაცვლილი იყო, ორივე შიშველ მდგომარეობაში დამხვდნენ. ამის შემდეგ გიორგი ბარამიძეს დავურეკე. ისე მოვიქეცი, როგორც ყველა მოიქცეოდა, ამას განსაკუთრებული ერთგულება არ სჭირდება. დავურეკე ბარამიძეს, რომელსაც ეძინა. თავიდან არ დამიჯერა, რაც ვუთხარი. შემდეგ მითხრა, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ამის შესახებო. დავუკავშირდი პრეზიდენტს და ვუთხარი, რაც მოხდა. იქიდან იყო სიჩუმე, შემდეგ კი მითხრა, რომ მერაბიშვილი მიხედავდა ამ საქმეს", - განაცხადა კობა ხარშილაძემ. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი, პირადი. დაცვის წარმომადგენლები კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან არ ჩერდებოდნენ, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ მეზობლებში", - დასძენს გამოცემა.

"ამ თემაზე გუშინ ბრალდებულის სტატუსით დაიკითხა ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამიაც, რომელმაც ხარშილაძის ნათქვამი დაადასტურა. მის დაკითხვამდე კომენტარი საქმის პროკურორმაც გააკეთა. ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ ბრალდებულები ცდილობენ, ნაფიცი მსაჯულების ემოციაზე გავლენა მოახდინონ - "ალბათ ძაძამიაც იგივე აბსურდზე ისაუბრებს, რაზეც კობა ხარშილაძემ ისაუბრა. ამ ბრალდებულების მთავარი მიზანია, რომ თავის გადარჩენის მიზნით, თქვან ყველაფერი, რაც კი შეიძლება თქვას ადამიანმა. ეს სიმართლე იქნება თუ ტყუილი იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ისინი აკეთებენ აქცენტს ისეთ ემოციებზე, რაც ნაფიცებზე გავლენას მოახდენს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაფიცი მსაჯულები ყოველგვარი ემოციების გარეშე, ცივი გონებით მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გუბელაძემ. მიხეილ ძაძამია კი ამბობს, რომ პრემიერის გარდაცვალების დეტალებზე აქამდე არ უსაუბრია, რადგან არ სურდა ჟვანიას სახელს "ჩირქი" მოსცხებოდა. ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავად მასზე ათასი სიბინძურე იწერებოდა და ციხეში ყოფნის პერიოდში მას ბანკის ვალები დაუგროვდა", - წერს სტატიის ავტორი.

"როდესაც ბინაში შევედი, დავინახე, რომ ჟვანია იატაკზე იწვა. შესვლის შემდეგ კობა ხარშილაძემ მთხოვა, გამათბობელი გამომერთო. გაზის გამათბობელი შიშინის ხმას გამოსცემდა. როდესაც გამოსართავად მივედი, გამათბობელი ცივი იყო, გამორთვის შემდეგ კი შიშინის ხმა შეწყდა. თუ ჩემი ნათქვამის არ გჯერათ, მზად ვარ საზოგადოების წინაშე სიცრუის დეტექტორით დამკითხონ", - ამბობს ძაძამია, რომელიც იმასაც ადასტურებს, რომ ჟვანიას ცხედარი მართლაც გაიტანეს გარეთ და მანქანაში ჩასვეს, მერე კი უკან დააბრუნეს იმ ადგილას, სადაც თავიდან იწვა. ამბობს, რომ ბინაში მას დანაშაულის კვალი არ დაუნახავს, სისხლი, ან რაიმე სხვა სახის დაზიანება არ შეუმჩნევია. "დარწმუნებული ვარ სრულად იმაში, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. თუ ეს ასე არ იყო, ჩამსვით ციხეში იმდენ ხანს, რომ მე იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე", - აღნიშნა მან. ძაძამიას განცხადებით, კონსპირაციულ ბინასთან დაკავშირებით მან ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში შეიტყო. ამბობს, რომ 3 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ბინა ექნებოდათ დაქირავებული. მან ასევე განაცხადა, რომ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში მიჰყავდა საკუთარი და არა სამსახურებრივი მანქანით. ძაძამიას თქმით, შეხვედრები კინსპირაციულ ბინაში ღამით ხდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ იქ ვინმე ცნობილი პოლიტიკოსი არ უნახავს", განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ხარშილაძე თავის გადასარჩენად ათას სიბინძურეს იგონებს. მივმართავ მას: შენ თუ კაცი ხარ, მაშინ რატომ დარჩი ზურასთან სამსახურში თუ ასეთი რამე მართლა შემოგთავაზა?! ან რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკი ამდენი წლის მერე?!! ამას ჰქვია დედაკაცივით ჭორაობა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ განცხადების მე არ მჯერა. იმის გამო რომ რაღაცნაირად გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან ხარშილაძე და ძაძამია ტყუილებს ლაპარაკობენ. ამით ცდილობენ რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი მოქმედება. ამბობენ, აქამდე იმიტომ არ საუბრობდნენ ამაზე, რომ ჟვანიას რეპუტაციისთვის ჩრდილი არ მიეყენებინათ. მაინტერესებს, ახლა რატომ მოუნდათ ეს? რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ?! არ ვიცი რა დავარქვა მათ ამ საქციელს. არ ვიცი ეს თვითონ მოიგონეს თუ ვიღაცამ მისცა მითითება. არ ვიცი ვინ შედიოდა მათთან ციხეში და ვინ გამოდიოდა. შესაძლოა ადვოკატებთან ერთად შეთხზეს ეს ვერსია. შოკირებული ვარ მათი ამ ჩვენების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მოგონილი და ამას იმის გამო აკეთებენ, რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლონ. იმის ვაჟკაცობაც კი არ ეყოთ, რომ რაღაც სხვა მოეფიქრებინათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე.

"რა თქმა უნდა ხარშილაძეს და ძაძამიას არაერთხელ შევხვედრივარ. ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირში" როდესაც ვიყავით, იმ პერიოდიდან მახსოვს ეს ბიჭები. ჩვენთან ოფისში მოდიოდნენ ხოლმე. ზურა ასეთი ადამიანი იყო, რომ ვისთანაც მუშაობდა მათ ენდობოდა, ბოლომდე ეყრდნობოდა. ადამიანისთვის ზურგში დანის ჩარტყმა არ იცოდა, თუ რამე იყო, პირდაპირ ეტყოდა. ნდობა რომ არ ჰქონოდა ამ ბიჭების მიმართ, პირდაპირ ეტყოდა... არ ვიცი, რამდენად ხშირად ქირაობდა კონსპირაციულ ბინებს, მაგრამ ვიცი, რომ ზოგჯერ ქირაობდა. სხვათა შორის ამ მეთოდს მხოლოდ ზურაბ ჟვანია არ იყენებდა, ამას ძალიან ბევრი პოლიტიკოსი იყენებდა. მაგალითად, მე ვიცი, რომ კონსპირაციული ბინები ნაქირავები მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. რისთვის იყენებდა, ეს ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება იმას, იყენებდა თუ არა ზურაბ ჟვანია ამ ბინებს პოლიტიკოსებთან არაფორმალური შეხვედრების დროს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს", - დასძენს ელენე თევდორაძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ