„ასაკობრივ ლიმიტთან ერთად ტექდათვალიერებაც თუ ამოქმედდება, ეს მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“
მძღოლების დიდ ნაწილს ძველი ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება სურს, რასაც ვერ ვიტყოდით ტექდათვალიერებაზე. მათი შეფასებით, დღეს ავტოპარკი სავსეა 2000 წელს ქვევით არსებული მანქანებით. ამ სიუხვის გამო მათ სწორად მიაჩნიათ გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება. ამ საკითხზე შედარებით კრიტიკულია ტაქსისტების აზრი. მათი თქმით, ასეთი აკრძალვა მოსახლეობას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
თბილისში იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ზღვარი დაწესდება. საუბარია 2000 წლამდე არსებულ მანქანებზე. ცნობილია, რომ დედაქალაქში ძველი ავტომობილების შემოყვანა მას შემდეგ აიკრძალება, როდესაც დამუშავდება ტექდათვალიერების ზუსტი პარამეტრები, ტექნოლოგიები- რამდენი უწევს გადასახადი და რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა, რომ მან მიიღოს ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობა. მძღოლების უმეტესობა მოძველებული ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესების საკითხს დადებითად აფასებს, რასაც ვერ ვიტყვით ტექდათვალიერებაზე.
„თბილისში მართლაც რომ უნდა შეიზღუდოს იმ ავტომობილების რაოდენობა, რომელთა წლოვანება 2000-საც ვერ აღწევს. ეს მოხდება შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებით. ჯერ იმიტომ რომ ქალაქში უკვე გადაადგილება ჭირს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მანქანაა. არ შეიძლება ყველას ავტომობილი ჰყავდეს. ზოგიერთს, რომ შეხედავ, როდის გაძვრება ნაწილები, როდის დაიშლება, არ იცი. დედაქალაქში გაადგილებასთან ერთად უკვე სუნთქვაც ჭირს. კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობაა. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი ძველ ავტომობილებს მიუძღვით. წარმოიდგინეთ, თბილისში მინიმუმ 500 000 მანქანაა, აქედან უმეტესობა მოძველებულია. საიდან ვიცი ეს სტატისტიკა? გადით თუნდაც ქუჩაში, ამას ბევრი კითხვა არ სჭირდება. ასაკობრივ ლიმიტთან ერთად ტექდათვალიერებაც თუ ამოქმედდება, ეს მნიშნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამით ჰაერის მდგომარეობაც გაუმჯობესდება, აღარც ქუჩებში გადაადგილება გახდება გაუსაძლისი. ამდენი ავტომობილი რომ არის დედაქალაქში ამით არის გამოწვეული, რომ ჩვენთან ტრანსპორტირების საკითხი ძალიან მძიმედ დგას, ევროპაში საათივით არის აწყობილი და გადაადგილება დისკომფორტს არ წარმოადგენს, რასაც თბილისზე ვერ ვიტყოდი“,- ამბობს ნიკო ჯაფარაშვილი.
თბილისელი თამაზ ცხვარაძე ფიქრობს, რომ დღესდღეობით საქართველოში ავტოპარკი სავსეა ძველი ავტომობილებით. მან ჩვენთან საუბრისას გაიხსენა შარშან ძველ ავტომობილებზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებები და დასძინა, რომ მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, რომ გარკვეული ცვლილებების მისაღებად ნაბიჯები გადადგას, რადგან დღეს საქართველო გადავსებულია ძველი ავტომობილებით. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი
ინიციატივას“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული მონაცემებით, საქართველოში მილიონამდე რეგისტრირებული ავტომობილია, რომელთა უმრავლესობა მეორადია და ექსპლუატაციიის ვადაც ამოწურული აქვს. რესპოდენტების ნაწილი, მათ შორის თამაზ ცხავარაძეც ავტოპარკის განახლებას ითხოვს.