მსოფლიო ფეხბურთის 10 გრანდი, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოში ითამაშეს

მსოფლიო ფეხბურთის 10 გრანდი, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოში ითამაშეს

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თბილისში ძალიან ბევრ საფეხბურთო ვარსკვლავს უთამაშია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს შესარჩევ ქვეჯგუფებში თითქმის ყოველთვის ხვდებოდნენ ისეთი გრანდები, როგორიც იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა საფეხბურთო გიგანტები არიან. მათ შორის ყველაზე ხშირად თბილისში იტალია იმყოფებოდა. ბოლო ვარსკვლავთცვენა კი "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე შედგა. ჩვენ ამ სტატიაში საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოსულ იმ 10 ფეხბურთელზე შევაჩერეთ ყურადღება, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობენ. სია სუბიექტურია, შესაბამისად მკითხველთა აღშფოთება მათი საყვარელი ფეხბურთელის გამოტოვებისთვის მისაღები იქნება:

10: ალესანდრო დელ პიერო ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. დელ პიერო წლების განმავლობაში თამაშობდა ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა პადოვაში დაიწყო (14 თამაში, 1 გოლი), შემდეგ "ბებერ ქალბატონში" გადავიდა, სადაც 1993-2012 წლებში 513 შეხვედრაში 208 გოლი გაიტანა. დელ პიერო უკვე 38 წლის იყო, როდესაც ავსტრალიურ გუნდ "სიდნეიში" გააგრძელა კარიერა, ბოლოს კი ინდურ დელის "დინამოში" თამაშობდა. იტალიელ ვარსკვლავს საქართველოს ნაკრებისთვის 2 გოლი აქვს გატანილი. 2000 წელს, ანკონაში, იტალიამ საქართველო სწორედ დელ პიეროს 2 პენალტის მეშვეობით დაამარცხა. ტურინის "იუვენტუსს" საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ყავს და ისინიც და სხვა გუნდის მხარდამჭერებიც დამეთანხმებიან, რომ დელ პიერო ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ტექნიკით, შემოქმედებითობითა და საჯარიმო დარტყმების უბადლო შესრულებით. დელ პიერო იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა. აღსანიშნავია, რომ იგი 346 გოლით იტალიის ყველა დროის ბომბარდირებს შორის სილვიო პიოლას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. დელ პიეროს კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს 6 "სკუდეტო", იტალიის თასი, იტალიის 4 სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, უეფას ინტერტოტოს თასი და საკონტინტეტთაშორისო თასი. დელ პიეროს ქართველი გულშემატკივრების წინაშე იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ, 2001 წელს აქვს ნათამაშები, როდესაც საქართველო მეტოქესთან 1:2 დამარცხდა.

9. დელ პიეროს მსგავსად, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია უკრაინელი ანდრეი შევჩენკო. მისი საკლუბო კარიერა ასეთია: კიევის "დინამო" (117 თამაში, 60 გოლი), "მილანი" (208 თამაში, 127 გოლი), "ჩელსი" (48 თამაში, 9 გოლი), ისევ "მილანი" (18 თამაში, 0 გოლი) და კიევის "დინამო" (55 თამაში, 23 გოლი), უკრაინის ნაკრებში კი 111 თამაშში გატანილი 48 გოლით გამოირჩა. შევჩენკო კიევის "დინამოში" წარმატებული თამაშის შემდეგ "მილანში" 25 მილიონ ამერიკულ დოლარად გადავიდა. უკრაინელი ფეხბურთელი 2004 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შევჩენკომ "მილანთან" ერთად 2003 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2005 წელს და 2008 წელს კი ასევე "მილანთან" და "ჩელსისთან" ერთად ფინალში წააგო. "მილანში" ფანტასტიკური კარიერის შემდეგ შევჩენკო "ჩელსიში" გადავიდა 43.8 მილიონ ევროდ, რაც იმ დროისთვის ინგლისური კლუბებისთვის სარეკორდო თანხა იყო. თუმცა, უკრაინელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა, რამაც მის კარიერაში დაღმასვლა განაპირობა. შევჩენკო "ჩელსიდან" ისევ "მილანს" დაუბრუნდა ასევე უშედეგოდ, ხოლო შემდეგ მშობლიურ კიევის "დინამოში" გადავიდა და კარიერაც დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე და შევჩენკო წლების განმავლობაში იყვნენ თანაგუნდელები. ისინი ჯერ კიევის "დინამოში" თამაშობდნენ ერთად, ხოლო შემდეგ "მილანში". შევჩენკომ კალაძესთან ერთად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა. სულ შევჩენკოს თბილისში 2-ჯერ უთამაშია (2005 წელს - საქართველო-უკრაინა 1:2 და 2007 წელს – საქართველო-უკრაინა 1:1) საქართველოს ნაკრებში კი ყველა მატჩში ერთად 3 გოლი გაუტანია.

8. პაოლო მალდინი არამარტო "მილანის" და იტალიის ნაკრების, არამედ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მალდინის საფეხბურთო კარიერა მთლიანად "მილანს" და იტალიის ნაკრებს უკავშირდება – "მილანში" დაიწყო და "მილანშივე" დაამთავრა – 647 თამაში და 29 გოლი. იტალიის ნაკრებში 126 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მალდინი კლუბსაც და ნაკრებსაც კაპიტნობდა. აღსანიშნავია, რომ კალაძეს და მალდინის არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ ერთობლივად დაცვაში. ისინი წლების განმავლობაში თამაშობდნენ ერთად. მალდინიმ "მილანთან" ერთად 26 თასი მოიგო: 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 7-ჯერ სერია ა, ერთხელ იტალიის თასი, ხუთჯერ იტალიის სუპერთასი, ხუთჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და ერთხელ ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი. იტალიის ნაკრებთან ერთად კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა. პაულო მალდინის თბილისში ორჯერ აქვს ნათამაშები (1996 წელს-საქართველო-იტალია 0:0 და საქართველო-იტალია 1:2), სულ საქართველოსთან 4-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა გოლი არ გაუტანია.

7. ბრწყინვალე ფეხბურთელი, მეოჯახე, ქალების გულთამპყრობელი – სწორედ ასე ხასიათდება პოპულარული და გამორჩეული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი. მისი საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება, რომელიც სწორედ ამ გუნდში დაიწყო. ბექჰემმა ინგლისურ გუნდში სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით 265 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო დაპირისპირება ფერგიუსონთან, რის შემდეგაც მადრიდის "რეალში" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბექჰემმა მადრიდულ კლუბში 4 სეზონში 116 თამაშში 13 გოლი გაიტანა. ბექჰემის კარიერა "რეალის" შემდეგ "ლოს ანჟელეს გალაქსიში" გაგრძელდა, ასევე პერიოდულად ითამაშა "მილანსა" და "პსჟ"-ში, სადაც კარიერა დაასრულა. ბექჰემმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში ერთი მატჩი გამართა. 1996 წელს გამართულ შეხვედრაში საქართველო ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ინგლისთან 0:2 დამარცხდა. ფეხბურთის ლეგენდად აღიარებულ დევიდ ბექჰემს პოპულარული ქალბატონი ვიქტორია ადამსი ჰყავს ცოლად. დევიდი მომავალი მეუღლის გაცნობას იხსენებს და ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული კავშირშია საქართველოს დედაქალაქთან – თბილისთან: "1996 წლის ნოემბერი იყო. საქართველოს დედაქალაქ თბილისში სასტუმროს ნომერში ვიჯექი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის წინ. ტელევიზორი მუსიკალურ არხზე იყო ჩართული, სადაც "სპაიზ გერლზის" ახალი ვიდეო გადიოდა. მაშინ ვნახე პირველად ეკრანზე ვიქტორია, რომელსაც ტანზე მომდგარი შავი კოსტიუმი ეცვა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. მაშინ ვუთხარი გარი ნევილს, რომ ამ გოგოს უნდა შევხვდე მეთქი", -წერს ბექჰემი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

6. ანდრეს ინიესტა ყველა დროის ერთ-ერთი თუ არა, საუკეთესო გუნდის, "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია. მას თბილისში ორჯერ უთამაშია – ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2012 წელს საქართველოს წინააღმდეგ და "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ. ორივე შეხვედრაში მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწია. ინიესტას კარიერაც მალდინის მსგავსად მხოლოდ ერთ გუნდსა და ერთ ქვეყანას უკავშირდება – "ბარსელონას" და ესპანეთს. ინიესტა ბარსელონას ძირითად გუნდში 2002 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 361 თამაშში 33 გოლია. ესპანეთის ნაკრებში კი "ბარსელონას" კაპიტანს 104 თამაშში 12 გოლი აქვს. მის ანგარიშზეა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი. ანდრეს ინიესტა "ბარსელონასთან" ერთად 7-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ "კოპა დელ რეის" მფლობელი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 3-ჯერ უეფას სუპერთასის (მათ შორის თბილისში) და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ინიესტამ ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი და ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ინიესტას ასევე არაერთი ინდივიდუალური პრიზი აქვს.

5. ჩავი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. "ბარსელონა" ბრწყინვალე კარიერის შემდეგ წელს დატოვა და ყატარში გადავიდა, სადაც დაამთავრებს კიდეც სავარაუდოდ საფეხბურთო კარიერას. ჩავი ბოლომდე ემსახურა კატალონიურ კლუბს და წარმატების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელიც იყო. ჩავიმ "ბარსელონაში" 17 წლიან კარიერაში 505 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი 133 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ხავის ტიტულები ასეთია: 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, 3-ჯერ ესპანეთის თასი, 6-ჯერ სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ერთხელ მსოფლიო ჩემპიონობა და ორჯერ ევროპის ჩემპიონობა. ხავის სპეციალისტები ერთ-ერთი უდიდეს ნახევარმცველად ასახელებენ. გარკვეული სპეციალისტები კი მას ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აფასებენ. ხავიმ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, 2012 წელს ითამაშა, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა ქართველი ფეხბურთელები სოლდადოს გოლით 1:0 დაამარცხეს.

4. ტიერი ანრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – "არსენალში" 258 თამაშში 175 გოლი, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კი 123 თამაშში 51 გოლი. ის განთქმულია სისწრაფით, გოლების გატანის რეკორდით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით. ანრიმ "არსენალის" შემადგენლობაში 8 წელი ითამაშა, რის შემდეგაც "ბარსელონაში" 24 მილიონ ევროდ გადავიდა. ანრის ნათამაშები აქვს "მონაკოში", "იუვენტუსში", "არსენალში", "ბარსელონასა" და "ნიუ იორკ რედ ბულსში". გულშემატკივრებს ამ გუნდების შემადგენლობაში ანრის არაერთი ბრწყინვალე გოლი და სათამაშო ეპიზოდი ახსოვთ. ანრიმ მონაკოსთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, "არსენალთან" ერთად 2-ჯერ პრემიერლიგა, სამჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი, 2-ჯერ ინგლისური საფეხბურთო სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც"ბარსელონასთან" დამარცხდა. "ბარსელონას" შემადგენლობაში ფრანგმა თავდასხმელმა ორჯერ პრიმერა დივიზიონი მოიგო, ერთხელ ესპანეთის თასი, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ სუპერ თასი და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში კი ანრი მსოფლიოს, ევროპის და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გახდა. ანრიმ თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 2006 წლის 2 სექტემბერს ითამაშა და ქართველთა კარში გოლიც გაიტანა.

3. მესამე ადგილზე ვფიქრობ, მთლიანად გერმანიის ნაკრები უნდა დასახელდეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ეწვია თბილისს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო 2:0 დაამარცხა. მართალია 2014 წლის მუნდიალისას გერმანიას ცოტა პრობლემები დაეტყო, მაგრამ ამ გუნდის ჩამოსვლა და თბილისში თამაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის გუნდია, რომელშიც არავის გამორჩევა არ შეიძლება და ერთნაირად ძლიერად თამაშობენ მანუელ ნოიერი, მარიო გიოტცე, ტომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ფილიპ ლამი, ტონი კროოსი და სხვები. სწორედ გერმანიის ამ ნაკრებმა სძლია ბრაზილიას 7:1, ფინალში კი მარიო გიოტცეს გოლით არგენტინას სძლია და მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება "დინამო არენაზე" 29 მარტს გაიმართა და გამარჯვება გერმანიამ მოიპოვა. გოლები როისმა და მიულერმა გაიტანეს.

2. კრისტიანო რონალდო თბილისში ორჯერ არის ნამყოფი, თუმცა არცერთხელ არ უთამაშია. თავდაპირველად რონალდო თბილისის "დინამოს" მოწვევით იმყოფებოდა და კლუბის საწვრთნელი ცენტრის გახსნასა და მოსკოვის "დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. მეორედ კი რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. პორტუგალიის ნაკრებმა სომხეთთან თამაშამდე საწვრთნელი შეკრება სწორედ თბილისში გაიარა. ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, ოქროს ბურთი კი სამჯერ. რონალდოს საფეხბურთო კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო, სადაც 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა. სპორტინგიდან რონალდო 12.2 მლნ ევროდ მანჩესტერში გადავიდა, სადაც 6 ბრწყინვალე სეზონი გაატარა და 196 შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა. მანჩესტერიდან კი რონალდომ კარიერა რეალში განაგრძო. აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო თანხამ 96 მილიონი ევრო შეადგინა. რეალის შემადგენლობაში რონალდუს 165 მატჩში 177 გოლი დაუგროვდა. სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, ეროვნული ნაკრების მაისურით კრისტიანოს 116 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი.

1. ლიონელ მესიმ თბილისში ქართველ გულშემატკივრებს ორი დაუვიწყარი გოლი აჩუქა. სუპერთასის შეხვედრაში მესიმ "სევილიას" ორი ულამაზესი ჯარიმა გაუტანა. მესიმ თამაშის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე თავი საკუთარ სახლში ეგონა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლიონელ მესი ხავისთან, ინიესტასთან და ახლა უკვე ნეიმართან და სუარესთან "ბარსელონას" წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მესი "ბარსელონას" ძირითადად შემადგენლობაში 2004 წლიდან თამაშობს და 304 მატჩში - 275 გოლი აქვს, არგენტინის ნაკრებში კი 96 მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი. მესის ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 7-ჯერ აქვს მოგებული, ესპანეთის თასი სამჯერ, ესპანეთის სუპერთასი ექვსჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, უეფას სუპერთასი სამჯერ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ორჯერ. მესი 4-ჯერ არის გამხდარი მსოფლიოს საუკეთესი ფეხბურთელი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ასევე, მესის აქტივში უამრავი რეკორდია. კრისტიანო რონალდუ და ლიონელ მესი ქართველი გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელები არიან.

ამავე სიაში თავისუფლად შეიძლება მომხვდარიყვნენ: ალექსანდრო ნესტა, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, იკერ კასილასი, იურგენ კლინსმანი, პატრიკ ვიეიერა, ფრენკ რიბერი, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა და სხვები.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია