"მე და არაყი დიდი ხნის მეგობრები ვართ… ვიცი, რომ არ უნდა დავლიო, სულ ფორმაში უნდა ვიყო, ხომ შეიძლება უცებ რამე როლი შემომთავაზონ და ამის გამო "გავმაზო?" რამდენჯერმე მომივიდა ასე, მაგრამ არ ვნანობ… წამალიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა "ლომკა" არასდროს მქონია. მაშინ 24 წლის ვიყავი. მორფინისტების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება რომ ვნახე, შემზიზღდა, საბოლოოდ ვთქვი უარი და 20 წელია არ გავკარებივარ."
ბავშვობიდან, როგორც ბადრი ბეგალიშვილის შვილს ისე იცნობდნენ. "თეთრ ბაირაღებში" მოშიაშვილის როლს რომ თამაშობს, იმის შვილი ზურააო. ამით მთელი ცხოვრება ამაყობდა. რამდენიმე დღის წინ, როცა ზურაბ ბეგალიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამახსენდა. იმ დღესაც ნასვამი იყო. გულახდილად მესაუბრა და ამ პატარა სტატიას მაშინ "მსახიობის გულახდილი აღსარება დავარქვი".
ზურაბ ბეგალიშვილი:
- ყოველთვის მინდოდა, რომ ზურა ბეგალიშვილი ვყოფილიყავი და არა ბადრი ბეგალიშვილის შვილი. ეს მომენტი დღესაც მაქვს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბადრის შვილი თამაშობს ამ სპექტაკლში, ბადრის შვილი თამაშობს ამ ფილმში.მამა "თეთრი ბაირაღებით" და "ჩირიკი და ჩიკოტელა"-თი ახსოვს მაყურებელს. დედა, ბაბუა და სამივე შვილი მსახიობები ვართ. თუმცა ამ პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. მთელი ბავშვობა ფეხბურთს ვთამაშობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, სპონტანურად გადავწყვიტე სამსახიობო კარიერის გაგრძელება, მაგრამ პირველ წელს არ გამიმართლა. სამიანების ატესტატი მქონდა და ამის გამო ნახევარი ქულა დამაკლდა. სკოლაში მარტო ორ საგანს - ისტორიას და ლიტერატურას ვსწავლობდი. მოსწავლე კი არა, ხულიგანი ვიყავი. ძველ ბიჭებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მიძველბიჭია, უბრალოდ, ძველი ბიჭები პატივს მცემდნენ და ვუყვარდი, როგორც "ბეგალა". ეს ზედმეტსახელი დღემდე შემორჩა. 1981 წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და ოთხი წელი ვისწავლე. ყველაზე ბედნიერი დრო, რასაც ხშირად ვიხსენებ, სტუდენტობა იყო. დღემდე შევნატრი იმ დროს".
მისი კინოკარიერა, რეჟისორ ალეკო ცაბაძეს უკავშირდება. 1985 წელს რეჟისორმა "ლაქა"-ში, ერთ-ერთ როლში დააკავა. შემდეგ იყო "ღამის ცეკვა", "ორმაგი სახე" "ჭერი", "ორფეოსის სიკვდილი", "კალომასობა იოანესი", "ნუცას სკოლა"…
- სერიალებს თუ არ ჩავთვლით, სულ, დაახლოებით 27 ფილმში და 16 სპექტაკლში ვითამაშე, მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იცით რა არის? ხალხის სიყვარული. შეიძლება სულ სამი როლი ითამაშო, მაგრამ თავი ყველას დაამახსოვრო. სამი წელი, ფოთის თეატრში, მანამდე კი თუმანიშვილის თეატრში ვიყავი. ჩემდა სამწუხაროდ, რომელ სპექტაკლებშიც ვთამაშობდი, ყველა მოიხსნა. ახლა არც ერთ დასში არ ვირიცხები, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ ხალხი მცნობს, მესალმებიან და მესიყვარულებიან… რამდენიმე კვირის წინ "ქუჩის დღეების" სატელევიზიო პრემიერა იყო, ქუჩაში რომ გავედი, მანქანებს მიჩერებდნენ. მსახიობისთვის ყველაზე მაგარი რაღაც ეს არის. ჩემი ახალი როლის შემფასებელი ხალხია. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ "ღამის ცეკვაში", საქართველოს კინო-აკადემიის პრიზი "ნატო" მაქვს მიღებული. აღმოსავლეთ-ევროპის III კინოფესტივალზე კი ფილმ "თენდებაში" თამაშისთვის გრან-პრი.