მარინა ბერიძე "ნაციონალებისა" და "ოცნების" მუსიკალურ გემოვნებაზე

მარინა ბერიძე "ნაციონალებისა" და "ოცნების" მუსიკალურ გემოვნებაზე

წინა ხელისუფლების დროს მუდმივად ისმოდა საყვედური იმის თაობაზე, რომ უცხოელი ვარსკვლავები ჩამოჰყავდათ, რაშიც დიდძალი თანხა იხარჯებოდა. თუმცა საზოგადოება "ნაციონალური" მთავრობის იმ მქედებას მაინცდამაინც კრიტიკულად ახლა აღარ განიხილავს. პირიქით, აღნიშნავენ, რომ ის ყველაფერი გემოვნებიანი მუსიკის განვითარებას უწყობდა ხელს, საუბარია ჯაზსა და კლასიკურ მუსიკაზე.

"ოცნების" მთავრობა კი ისე აქტიურად ამ მიმართულებით არ მუშაობს და თუ რაიმეს აკეთებს, ხარისხით მოიკოჭლებს. ამ თემაზე ჩვენს კითხვებს მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე პასუხობს.

- ყველ დროს გემოვნებაზეა დავა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა დროს თავისი ხიბლი და მინუსიც აქვს... მასშტაბს კიდევ უფრო გავზრდი და ვიტყვი, რომ ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული. ამასთან, ყველა სფეროში არიან შემთხვევითი ადამიანები, ვინც რაღაც სერიოზული საქმის სათავეში ხვდებიან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გემოვნების ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის ნება. მიმაჩნია, რომ ის ავადსახსენებლი 9 წელი, როგორც ახლა მოიხსენიებენ ხოლმე, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბების კუთხით და მასშტაბით დიდი იყო. ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, მხოლოდ ორ სახელს დაგისახელებთ - დომინგო და სტინგი. მათ კონცერტზე მოხვედრა ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება გახლდათ, თუმცა შესაძლებლობა მომეცა, ბათუმში მათ კონცერტს დავსწრებოდი. ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრი წელია ვშრომობთ, ვაკეთებთ საქმეს, რაღაც საფეხურით აწევა ნამდვილად იყო და სახელმწიფოსთვისაც - კარგი გზავნილი... რასაკვირველია, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ რაც უნდა ვილაპარაკოთ, იმ პერიოდში ხომ შეიქმნა გრანდიოზული მიუზიკლები: "ქეთო და კოტე" და "ვერის უბნის მელოდიები". აქ საკამათოა ალბათ ის, ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან ხომ იყო მიახლოებული?!

ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, ტექნოლოგიებს სწავლობდნენ და ზედა "პლანკას" ასე სწევდნენ. ყოველ შემთხვევაში, მისწრაფება იყო იქითკენ, რომ რაღაც გრანდიოზული და მაღალი, უფრო ევროპული გემოვნებით შექმნილიყო.

სართოდ, გალა-კონცერტების მომხრე არ ვარ და ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი ფორმაა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს სჭირდება. ვერასდროს, ვერც ერთი პროდიუსერი მარტო 120-კაციან გალა-კონცერტს ვერ გააკეთებს. თან, ყველა მომღერალს ყველგან ვერ დააკავებ, მაგრამ არსებობს გემოვნება, რომლის მიხედვითაც მუსიკოსს სადღაც კონცერტში მიიწვევს. თუმცა საახალწლო კონცერტშიც ყველა მომღერალს ვერ გამოიყვან და თითოეული კმაყოფილი ვერ იქნება, ეს შეუძლებელია. ნებისმიერი ხელისუფლების დიდი მინუსია, როდესაც შოუბიზნესს მისთვის პრიორიტეტულ დარგად აქცევს, არადა, ის არ უნდა იყოს სახელმწიფოზე მიბმული. საკუთარი თავი თავად უნდა არჩინოს. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ნინო ქათამაძე, - ყველაფერს დამოუკიდებლად აგვარებს. კონცერტის გასამართად არც კულტურის სამინისტროს და არც მერიას არ სთხოვს თანხას. მუდმივად სახელმწიფოსთვის იმის თქმა, ფული მომეცი, რომ ამა თუ იმ მუსიკოსმა საავტორო კონცერტი გამართოს, არ შეიძლება და ანომალიაა.

- წინა ხელისუფლება ჯაზისა და კლასიკური მუსიკის მიმართ დიდ ინტრესს იჩენდა...

- ჯაზი ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა, რამდენი წელია, რაც გამუდმებულად ჯაზფესტივალი იმართება, რასაც კარგი შედეგი მოაქვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვყავს ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე და რამდენიმე ბავშვი, რომლიც მსოფლიო მასშტაბზეა გასული. პოტენციალი არსებობს და ეს სწორედ ჯაზისადმი ჩვენი დიდი ინტერესის შედეგია.

ჯაზის მიმართულებით ყოველთვის "ისთერპრომოუშენი" მუშაობდა. მათ ამ სფეროს მიმართ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინტერესი გააჩინეს, ეს ჟანრი მასობრივი და მოდურიც გახდა, ესეც კარგია და ნამდვილად მისაბაძი.

- როგორც აღნიშნეთ, წინა მთავრობა იყო ამის ინიციატორიო, მაგრამ უშუალოდ ორგანიზატორები "ისთერფრომოუშენი" წარმომადგენლები იყვნენ. მათგან ერთ-ერთი - მიშა გიორგაძე დღეს ჩვენი კულტურის მინისტრია. მას უკვე სხვა ხელიუფლების პირობებში უწევს მუშაობა და მისი მისამართით ზოგჯერ საყვედურები გაისმის, თუკი მაშინ ეს ადამიანი იმ ყველაფრის ორგანიზატორი იყო, დღეს რა ხდება? რას იტყვით ამაზე?

- მაინც მგონია, რომ მიშა არაჩვეულებრივი მენეჯერია, ძალიან განათლებული ადამიანი და ძალიან უყვარს გემოვნებიანი და კარგი მუსიკა, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი უფრო ზედა ეშელონებში უნდა იყოს. ასეთ დროს კი ცოტა ადამიანს შეუძლია შეებრძოლოს ზედა ეშელონებს, ამიტომ არ მგონია, რომ ის თავის ქმედებებში იყოს თავისუფალი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

ძალიან ცდილობენ, რომ რაღაცები გააკეთონ, უცხოური ბენდები ჩამოიყვანეს, ქართველებიც დააკავეს, მაგრამ თითქოს შედეგი არ არის, ამიტომ აუცილებალდ უნდა წაიშალოს "ნაცისა" და "ქოცის" ფენომენი, იმიტომ რომ, ზოგადად არსებობს მშრომელი ადამიანების ფენა, რომელიც ყველა პერიოდში მუშაობს, არ ჩერდება. ვიცით, ამ ქვეყანაში შოუს გამკეთებლები ვინც არიან, ნასწავლი აქვთ ყველაფერი და ხარისხის გარანტებიც არიან. ახლა სხვა მთავრობა რომ მოხვედი და ამ საქმისთვის ახალი ადამიანები ეძებო, მგონი, არ არის სწორი გადაწყვეტილება. სანამ ისინი იმეცადინებენ იმაში, რასაც სხვები მანამდე შესანიშნავად აკეთებდნენ და უძღვებოდნენ, ამაში დრო მიდის და ხარისხიც ეცემა. ამიტომ, ამას თავი უნდა დავანებოთ. კარგი მენეჯერი ყველა დროში კარგი მენეჯერია და არასდროს უნდა მიუდგე საქმეს ისე, თუ ვისისტია. ყველაფერი სწორედ ასეთმა მიდგომამ დაღუპა.

- ეს მთავრობა ხარისხიანი მუშაობით მ მიმართულბით რომ ვერ დაიკვეხნის, ე.ი. ამის ბრალია?

- მგონია, რომ საქმეც არ იციან, რაზეც გული მტკივა და თან, რაც არ იციან, ეს არის, რომ მუსიკოსისთვის, შემოქმედებითი ჯგუფისთვის კონცერტის შემდეგ მადლობის თქმაც არ ახასიათებთ და ესეც სამეცადინო აქვთ. არც პაატა ბურჭულაძის კონცერტის შემდეგ მინახავს ვინმე კულისებში შემოსული და არც ნანი ბრეგაძის (მე მომიხდა მათზე მუშაობა და ვიცი). არადა, არტისტისთვის ეს მნიშვნელოვანია და თითოეულს ეს იმ წუთას ყველა ნებისმიერ ჰონორარს ურჩევნია.

- გამოსავალი რა არის?

- ერთ შოუში ჩაიჭრებიან, მეორეში ჩაიჭრებიან და მესამეში უკვე წავლენ. რა, რა და ნიჭი კი არსებობს საქართველოში. ჩემი ნება რომ იყოს, კულტურის სამინისტროს სრულიად მოვაცილებდი კონცერტების გამართვის საქმეს და მხოლოდ ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსებაზე ვიქნებოდი გადართული. ნიჭიერი და პერსპექტიული ადამინები უნდა დააფინანსო, უცხოეთში სასწავლებლად გაუშვა. არ ატარო რაღაც შოუები... ამას ნიკა რურუას კულტურის მინისტრობისასაც ვამბობდი იმიტომ, რომ ჩვენი განძი ის ნიჭიერი თაობაა, რომელიც მოდის და რომელიც აუცილებლად სასწავლებლად უცხოეთში უნდა წავიდეს... ასე რომ, სამუშაო ბევრია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2020

"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება