ემზადება თუ არა ნანა ლეჟავა რევანშისთვის და აპირებს თუ არა "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსობას

ემზადება თუ არა ნანა ლეჟავა რევანშისთვის და აპირებს თუ არა "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსობას

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ნანა ლეჟავა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობისა და რევანშით დაბრუნებისთვის ემზადება, ნანა ლეჟავამ AMBEBI.GE-სგან შეიტყო.

ნანა ლეჟავა ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობა აზრადაც არ მოსვლია და მისი სამომავლო გეგმები სხვა ტელეკომპანიას უკავშირდება. ლეჟავას თქმით, 2006 წლის შემდეგ, "რუსთავი 2" მისი ცხოვრების დღის წესრიგში არ დგას.

- ელისო კილაძის ინფორმაციაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო? ელისო კილაძეს შეუძლია მშვიდად იყოს. მართლა საიდან მოიტანეს, ვერ ვხვდვები. მის სიბინძურეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ენას ძვალი არ აქვს. მე რომ ჩამოვდგე და რამდენი ბოროტი ადამიანიც არის, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ჭორებს იგონებენ, საშინელებებს ამბობენ და ამაზე კომენტარი ვაკეთო, მაშინ მე მე აღარ ვიქნები. აქედან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს არავისთან პოლემიკაში შესვლის, მით უმეტეს, ასეთ ბინძურ განცხადებებზე. "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებებს ვეცნობი, არავისთან კონტაქტი არ მქონია. დასასვენებლად ვიყავი და იქ ვეცნობოდი ინფორმაციას.

- სამაუწყებლო კომპანიაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

- (იცინის) არა, არანაირად. 2006 წლის შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-დან წამოვედი არხზე არანაირი სახით დაბრუნებაზე, არც მაშინ და არც ახლა არ მიფიქრია. მე მაინც ვფიქრობ, რომ სამართლებრივად ტელეკომპანიის ძველ მეპატრონეებს არხის დაბრუნება გაუჭირდებათ. მათ შორის ქიბარ ხალვაშს, ჯარჯისაც და დათოსაც. არც კი მიფიქრია "რუსთავი -2"-ში დაბრუნება, რატომ უნდა მეფიქრა?

- ცნობილი იყო თქვენი ახლო კავშირები ქიბარ ხალვაშთან, ალბათ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს მოსაზრება.

- დიახ, მაგრამ თავის დროზე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მიხეილ სააკაშვილთან და სხვებთანაც. მაგრამ არ ვიცი, ქიბარი წლების განმავლობაში არ მინახავს. როგორც სხვებისთვის, ასევე ჩემთვისაც სიურპრიზი იყო მისი ეს განცხადება. არც კი ვიცოდი, რომ ასე აპირებდა.

- იმის მიუხედვად, რომ საქმე სამართლებრივად რთულად გეჩვენებათ, თუ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია დაიბრუნა, როგორ გესახება თქვენი თავი მომავალში?

- "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ჩემი თავი არანაირად არაფერში მესახება. აბსოლუტურად სხვა გეგმები მაქვს სხვა ტელევიზიასთან დაკავშირებით. 2006 წლის შემდეგ, "რუსთავი 2" დღის წესრიგში ჩემს ცხოვრებაში არ დგას.

- თუ შეგიძლიათ სხვა ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ თქვენს გეგმებზე გვესაუბროთ?

- არა, ჯერჯერობით არა. "რუსთავი 2"-ში ჩემს კოლეგებს ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ასეთ ჭორს ნურავინ აყვება.

გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ნანა ლეჟავა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობისთვის ემზადება.

"ნანა ლეჟავა ემზადება თურმე რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსობისთვის - რევანშით უნდა დავბრუნდეო!

დაბრუნდება თუ არა, იმ დღესვე ვარღვევ კოლეგიალობას და ლეჟავას "კაი გოგოობის" ამბავს მოვყვები, რასაც რვა წელია საიდუმლოდ ვინახავ", - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქზე".

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია