სამართალდამცველებმა 5 კგ-ზე მეტი კოკაინი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 5 კგ-ზე მეტი კოკაინი ამოიღეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს. შესაბამისი ერთობლივი სპეციალური კომპლექსური ღონისძიებები შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, 4 პირი: ბრაზილიის ფედერაციის 2 მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული დე სილვა კამპოს ჟ. და 1981 წელს დაბადებული ლუის კარლოს მ, 1980 წელს დაბადებული, ეკვადორის რესპუბლიკის მოქალაქე ლიზარდო პ. და 1957 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ლევის გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დე სილვა კამპოს ჟ, ლიზარდო პ, ლუის კარლოს მ. და ლევის გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ დე სილვა კამპოს ჟ-სგან და ლიზარდო პ-სგან 196 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილო და 228,84 გრ კოკაინია, ხოლო ლევის გ-ს და ლუის კარლოს მ-ს ჩხრეკისას ამოღებულია 3 კილო კოკაინი.

"აღსანიშნავია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც სატრანზიტო გადაზიდვის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 12 კილოზე მეტი კოკაინი უკანონოდ შემოიტანეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ