რა უნდა გაეკეთებინა დაცვის სამსახურს, რომ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალება აერიდებინა თავიდან - საქმის პროკურორის ექსკლუზიური ინტერვიუ

რა უნდა გაეკეთებინა დაცვის სამსახურს, რომ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალება აერიდებინა თავიდან - საქმის პროკურორის ექსკლუზიური ინტერვიუ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ახალი ხელისუფლების პირობებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე არსებობს ერთი გამამართლებელი განაჩენი და ერთიც გამამტყუნებელი ვერდიქტი. ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელსაც სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და ამჟამად მისი საქმე პროკურატურას სააპელაციო სასამართლოში აქვს წარდგენილი. გამტყუნდნენ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრები, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია, რომელთა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. რა ეტაპზეა ყოფილი პრემიერის გარდაცვალების მთავარი საქმე და მოხდება თუ არა ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია, რატომ ეპარება პროკურატურას ეჭვი ჟვანიას გაზით გაგუდვის ვერსიაში, ამ საკითხებზე "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის პროკურორს, თორნიკე ნადირაძე ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, რამდენად კმაყოფილი ხართ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, რომელიც კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამოიტანეს. რომ გქონდეთ საშუალება, გაასაჩივრებდით თუ არა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამ საქმეზე ბრალდებულებს პრაქტიკულად არც ერთი დღე არ უწევთ პატიმრობაში ყოფნა?

- ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რამდენადაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიღეს ადეკვატური და ობიექტური გადაწყვეტილება. მათ დამნაშავედ სცნეს ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში - სამსახურებრივ გულგრილობაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ვფიქრობ, უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია ამტკიცებდნენ, რომ მათი ბრალეულობა საქმეში არ არსებობდა. გარდა ამისა, სამართლებრივი საფუძვლების მიღმა, მორალურადაც გაუმართლებელი იყო მათი მოქმედება, რადგან ისინი მანიპულირებდნენ, ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალების გამოაშკარავებით ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედების გზით, ცდილობდნენ, მიეღოთ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება. მათ სრულად გაიზიარეს ეს მტკიცებულებები, რაც აისახა კიდეც ვერდიქტში. მათ დაადასტურეს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიატოვო დასაცავი პირი კონკრეტულ სიტუაციაში, მით უმეტეს როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გასამხედროებული სამსახურია და პირდაპირ იყო გაწერილი ვალდებულებები, თუ რა უნდა გაეკეთებინა დაცვის წევრს, როგორ უნდა უზრუნველეყო და დაეცვა პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოება. მათ წინდახედულობის სამართლებრივად გაწერილი ნორმები დაარღვიეს, დატოვეს პრემიერი მარტო, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა მისი გარდაცვალება. რაც შეეხება შეკითხვას, გავასაჩივრებდით თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ პატივს ვცემთ ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ბრალდების მხარის მთავარი მიზანია, მიაღწიოს იმას, რომ მიღებულ იქნას გამამტყუნებელი გადაწყვეტილება კონკრეტული პირის მიმართ, რაც ბრალდების მხარეს სწორად მიაჩნია. შესაბამისად, რომც იყოს ამის შესაძლებლობა, ბრალდების მხარე ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა.

- პროკურატურა აგრძელებს ძიებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, ჟვანიას გარდაცვალება ხარშილაძის და ძაძამიას გულგრილობამ გამოიწვია. რას იძიებს პროკურატურა დამატებით და მიღებულმა ვერდიქტმა მიმდინარე გამოძიებაზე როგორ იმოქმედა?

- გამოძიება ერთი კონკრეტული მიმართულებით არ მუშაობს, მუშაობს ყველა მიმართულებებით, რათა ობიექტური გარემოებები დადგინდეს. ის, რომ დაცვის წევრების გულგრილობის შედეგია გარდაცვალება, არ მიუთითებს, რომ, პირობითად, მოკლულია პრემიერ-მინისტრი ან ვთქვათ, გაზით გაიგუდა. ამ მიმართულებით სხვადასხვა მხრიდან მიდის გამოძიება, რათა დადგინდეს რეალური მიზეზი - რის გამო გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი ვერდიქტი ხელს არ შეუშლის და რაიმე წინააღმდეგობაში არ იქნება ძირითად საქმესთან, რადგან აქ საუბარია შემდეგზე - პირადი დაცვის თანამშრომლებმა მკაცრად გაწერილი ვალდებულებები დაარღვიეს. ისინი რომ ადგილზე ყოფილიყვნენ, შესაბამის მოსალოდნელ შედეგს გარდაცვალების კუთხით თავიდან აიცილებდნენ. გამოძიება აქტიურად გაგრძელდება და სავარაუდოდ მომავალში დადგინდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი.

- თუმცა, სასამართლო განხილვების დროს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მოწმის სახით დაკითხეთ, ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმების ვალდებულებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმებოდა. რატომ სვამდით ამ შეკითხვებს, თუ კი საქმე არ მიდის უბედურ შემთხვევამდე?

- დაცვის მხარე აპელირებდა და მთელი ამ პროცესების განმავლობაში მიუთითებდა, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია CO-თი, მაგრამ ბრალდების მხარეს ჰქონდა საფუძვლიანი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოზიცია გარკვეულწილად ეჭვქვეშ დამდგარიყო. მე შემიძლია, მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი - მოწმე ნუგზარ ბელქანიას ჩვენება არის მნიშვნელოვანი, რომელიც მიუთითებს, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც გამათბობელი არასრულად მუშაობს და არასრული წვა მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში მილებზე ჩნდება მურის კვალი, იმ შემთხვევაში თუ მურის კვალი ჩნდება, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ გამათბობელი არის გაუმართავი. შესაბამისად, არსებობს რისკი, გამოიყოს CO. ამ გამათბობელზე კი, რომელიც იმ ბინაში იყო, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, ნუგზარ ბელქანიას ჩვენებით, მურის კვალი არ იყო და სრულფასოვნად მუშაობდა. ამასთან, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად გაიზიარა ბრალდების მხარემ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გამათბობლით მოწამვლა კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ. თეორიულადაც რომ დავუშვათ, ეს ადამიანი CO-თი იყო მოწამლული, ამ შემთხვევაშიც კი, ისევ და ისევ მივდივართ აღნიშნული პირების ბრალეულობასთან და ეს სწორად გაიზიარეს და შეაფასეს ნაფიცმა მსაჯულებმა. თეორიული შესაძლებლობაც რომ იყოს, რომ CO-ს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა ეს ადამიანი, სწორი გათვლების და წინდახედულობის შემთხვევაში, ბრალდებულებს ზურაბ ჟვანიას გადარჩენა შეეძლოთ.

- რა წერია FBI-ს დასკვნაში? ადვოკატებისგან ვიცით, რომ ამ დასკვნაშიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების მიზეზად გაზით გაგუდვა სახელდება. თქვენი აზრით, არ ამყარებს გაზით გაგუდვის ვერსიას ეს დასკვნა?

- FBI-ს დასკვნები მრავალი მიმართულებით არის განხორციელებული. რაულ უსუპოვისა და ზურაბ ჟვანიას ორგანიზმში CO-ს არსებობასთან დაკავშირებით დასკვნაში მითითება არის, რომ ორივეს ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა CO-ს კვალი, თუმცა ეს პირდაპირ არ მიუთითებს იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი კონკრეტულად "ნიკალას" გამონაბოლქვის შედეგად გარდაიცვალნენ. დასკვნაში წერია, რომ 50%-თ ამ ნივთიებერის ორგანიზმში არსებობა იწვევს ფატალურ შედეგს, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის სისხლში ეს ნივთიერება აღმოჩენილ იქნა 72%-თ და 74%-თ. ესეც ეჭვს აღძრავს. როგორ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმში CO-ს ეს რაოდენობა მოხვდეს. გარდაცვლილი სუნთქავდა? როგორც ზურაბ ჟვანიას დედამ, ქალბატონმა რემამაც აღნიშნა - თუ 50% უკვე სიცოცხლისთვის შეუთავსებელია, როგორ აღმოჩნდა 72% და 74%? სასიკვდილო დოზაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა როგორც რაულ უსუპოვის, ისე ზურაბ ჟვანიას ორგანიზმში CO-ს კვალი. ეს კიდევ ერთხელ ბადებს სერიოზულ ეჭვს. გარდაცვალების შემდეგ ხომ სუნთქვა შეუძლებელია.

- ანუ, ეს რაზე მიუთითებს, თქვენი აზრით, რაიმე ნივთიერებაა ორგანიზმში შეყვანილი?

- ამაზე, გაგიკვირდებათ და, ისაუბრა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ. არსებობს რკინის პენტაკარბოლიუმი - ნივთიერება, რომლის 2 მილილიტრის მიღებაც კი, ისეთივე შედეგს იწვევს, რასაც CO-თი გარდაცვალება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩატარდა ექსპერიმენტი იგივე სახლში, იგივე "ნიკალათი". ეს ჩაატარეს FBI-ს თანამშრომლებმა. 5 საათი გაგრძელდა ექსპერიმენტი, - გამოყოფდა თუ არა "ნიკალა" CO-ს. აღმოჩნდა, რომ CO-ს რაოდენობა ბინაში, იყო 200-ჯერ ნაკლები იმასთან შედარებით, რაც სიცოცხლის მოსპობას იწვევს. აქედან გამომდინარე, "ნიკალა" არ იყო სიცოცხლისთვის საშიში.

- ქალბატონი რემაც და ოჯახის სხვა წევრები დიდი ხანია, ეჭვობენ, რომ ჟვანია და უსუპოვი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სახლში გარდაცვლილები მიიყვანეს. ეს ექსპერიმენტი ამყარებს ამ ვერსიას?

- მთავარი საქმე ძიების პროცესშია და ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. რეალურად ჩვენ ბრალდებულებს ვედავებოდით იმას, რომ ისინი გულგრილად მოეკიდნენ სამსახურებრივ ვალდებულებას და ამან გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება. გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზებზე და გარემოებებზე საუბარი ჯერჯერობით მიზანშეუწონელია, იმ თვალსაზრისით, რომ დეტალები შეუსწავლელია და მნიშვნელოვანი ნიუანსებია გასააზრებელი ამ სისხლის სამართლის საქმეში.

- პროცესზეც არაერთხელ თქვით და დასკვნით სიტყვაშიც, რომ ზურაბ ჟვანია მიატოვეს საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში. ეს არ გამორიცხავს ვერსიას, რომ ამ ბინაში ყოფილი პრემიერი გარდაცვლილი მიიყვანეს?

- ამ მოცემულობით, ზურაბ ჟვანია დატოვებულ იქნა კონკრეტულ ობიექტზე და ზუსტად ამას ვედავებოდით ხარშილაძეს და ძაძამიას, მაგრამ ეს მცირედი გარემოება თუ შეიცვალა პირობითად და გამოძიებას სხვა მიმართულება მიეცა, ამის შესახებ გამოძიებაში ნათლად იქნება აღბეჭდილი და მითითებული. რეალურად ეს არსებითად განაჩენზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს იმდენად, რამდენადაც ცალსახაა, რომ ქმედებით, რომელიც ბრალდებულების მიერ იქნა განხორციელებული, დადგა გარდაცვალების შედეგი, ანუ - მიატოვეს პრემიერ-მინისტრი და გარდაიცვალა იმის გამო, რომ მის გვერდით არ იყვნენ დაცვის თანაშრომლები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ მისი უსაფრთხოება.

ამ მოცემულობით, ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ ის მიტოვებულ იქნა საბურთალოს ქუჩის #53 ა-ში, თუმცა რა მოხდა შემდეგ გარდაცვალებამდე, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. მაშინ, როდესაც ჟვანია 00:00 საათზე მივიდა ბინაში, იგი გარდაცვლილი ნახეს, 03:30 საათზე. შუალედში სად წავიდა, რა მოხდა და როგორ გარდაიცვალა, ეს ძიების პროცესშია. დეტალური ამონაწირების მიხედვით, თუ რეალურად ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ის ნომერი, რომლითაც ირეკებოდა და თავად ბრალდებულების ჩვენებებიც იმაზე მეტყველებს, რომ ჟვანია ამ ბინაში მიიყვანეს 00:00 საათზე.

- ორივე ბრალდებულმა ისაუბრა ვანო მერაბიშვილის ფაქტორზე, - მიხეილ სააკაშვილს როდესაც შეატყობინეს ჟვანიას გარდაცვალება, მან თქვა, რომ "ამ საქმეს ვანო მიხედავს". რა როლი შეიძლება ჰქონდეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელიც ცნობილია, რომ მთავარი საქმის ფარგლებში, გამოძიებამ უკვე დაკითხა?

- არაერთი მოწმე დაიკითხა არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურასთან დაკავშირებით. გამიჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს მთავარ საქმეზე. დარწმუნებული ვარ, ობიექტური ჭეშმარიტება იქნება დადგენილი, შესაბამისად, გამოძიება ეცდება, რომ ეს საკითხიც დაადგინოს აუცილებლად.

- საინტერესოა, რამდენად არის კვლავ აქტუალური საფერფლის არსებობა ამ საქმეში. გარდაცვლილი პრემიერის ძმა ამბობდა, რომ ზურაბ ჟვანიას თავში საფერფლე ჩაარტყა მიხეილ სააკაშვილმა და დაზიანებები თავის არეში ამიტომ აღენიშნებოდა. . .

- ცალსახაა და ვიდეოშიც ჩანს, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში სავარაუდო დაზიანებები აღენიშნება. ექსპერტ ლევან ჩაჩუას სწორედ ამას ვედავებოდით, რომ გულგრილად მოეკიდა ვალდებულებას, არ ასახა ეს დაზიანებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვის, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ძირითად საქმეში ფიგურირებს, გარკვეული პერიოდულობით გადაისინჯება, ყოველმხრივ ხდება ამ საკითხების შესწავლა. თუ გამოძიებას მსგავსი ეჭვები გაუჩნდება, აუცილებლად განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას. დღეს რაიმე ვერსიაზე საუბარი, გარდაცვალების მიზეზთან, დანაშაულის ჩამდენ პირთან, დანაშაულის საგანთან, ამ ეტაპზე ნაადრევია, ვინაიდან გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. როგორც კი მოხდება კონკრეტული შედეგის დადება, საზოგადოების მყისიერ ინფორმირებას მოვახდენთ.

- თუ არის მიღებული გადაწყვეტილება ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე, რაზეც აქტიურად საუბრობდა ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და შემდგომ ამ საქმის პროკურორი?

- დაიგეგმება ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები და, სტრატეგიის შესაბამისად, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება თანმიმდევრულად, მათ შორის, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, შესაძლებელია ეს საგამოძიებო მოქმედებაც ჩატარდეს.

- ამ საქმეზე ბრალდებული იყო ექსპერტი ლევან ჩაჩუაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და ახლა მისი საქმე სააპელაციოშია გასაჩივრებული. ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი და ხარშილაძე-ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი, რა პერსპექტივას უტოვებს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეს?

- ლევან ჩაჩუა გამართლებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ეს არ მიუთითებს, რომ ის გამართლებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და დამნაშავედ სცნობს წარდგენილ ბრალდებაში ლევან ჩაჩუას. ეს, ბუნებრივია, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება - არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც გულგრილად მოეკიდნენ საქმეს, ლევან ჩაჩუამ კი, თავის დროზე არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი ვალდებულება - არ შეამოწმა პრემიერ-მინისტრი. როდესაც საუბარი გვაქვს პრემიერ-მინისტრზე, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღებაა საკითხის მიმართ საჭირო, თუმცა ჩაჩუა აბსოლუტურად გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და ყურადღებას არ აქცევდა გვამის გაკვეთისას არსებულ სავარაუდო დაზიანებებს. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, წაადგება ძირითად საქმეს და კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს დეტალებს, რომელთა ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მიმდინარეობს. თუმცა, იმის თქმა, რომ ეს ორი განაჩენი გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს ძირითად საქმეში, გადაჭარბებულია.

- რა არის მთავარი, რაც გიქმნით საფუძველს, რომ ზურაბ ჟვანია საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა?

- ძალიან ბევრი ჩვენება იყო სასამართლო პროცესზე, მათ შორის ექსპერტ კახაბერ ერისთავის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა, რომ ნაჭდევები, რომელიც განვითარებულია ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში, მიყენებული იყო სიცოცხლის პერიოდში ან გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს კობა ხარშილაძის მითითება, რომელიც ამბობდა, რომ მან ჟვანიას ხელოვნური სუნთქვის დროს მიაყენა აღნიშნული დაზიანება. ექსპერტმა ცალსახად დააფიქსირა ეს პოზიცია, რომ გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდგომ 5 წუთის პერიოდში, უნდა ყოფილიყო მიყენებული დაზიანება. შესაბამისად, ამან თავის მხრივ, გამორიცხა ის გარემოება, რომ დაზიანება მიყენებულ იქნა კობა ხარშილაძის მიერ. ხარშილაძე გაცილებით გვიან მივიდა შემთხვევის ადგილზე. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ბელქანიას ჩვენებას, რომ გამათბობელს მურის კვალი არ აღენიშნებოდა. საუბარი იყო ნუგზარ მხეიძის და ალექსანდრე მელიმონაძის ჩვენებებზე, ესენი არიან "თბილგაზის" ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ 02:30 საათიდან, 03:00 საათამდე პერიოდიდან, გაზი საბურთალოს ქუჩაზე არსებულ კორპუსს, რომელშიც ჟვანია იმყოფებოდა, არ მიეწოდებოდა. ბრალდებულებმა აღნიშნეს, რომ 03:30 საათიდან 04:30 საათამდე მივიდნენ ამ ბინაში და, როდესაც შევიდნენ, გაზის შიშინის ხმა ესმოდათ და გამათბობელი გამორთეს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც ისინი მივიდნენ ბინაში, გაზის შიშინის ხმას ვერ გაიგებდნენ, რადგან გაზი უკვე გადაკეტილი იყო კორპუსში. ეს გარემოებები ქმნის რეალურ საფუძველს იმისა, ვიფიქროთ, რომ ზურაბ ჟვანია CO-თი არ გარდაცვლილა.

- თუ ხარშილაძე და ძაძამია ცრუობენ, რატომ ჰქონდათ მათ მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარდგენილი?

- ბრალდების მხარემ მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინა მათ ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, რითაც უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულებმა დატოვეს დასაცავი პირი, მიატოვეს მარტო და არ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, ბრალდება სწორედ ამ მიმართულებით იყო წარდგენილი, რადგან განზრახვა, რომ ბრალდებულებმა ჟვანია განზრახ დატოვეს და რაიმე სხვა სახის მანიპულაციები განახორციელეს, რამაც გამოიწვია ყოფილი პრემიერის სიცოცხლის მოსპობა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დადასტურებულა.

ხათუნა გაგნიძე

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ