არქეოლოგებმა კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, დღეს, 10:30 საათზე, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას მოინახულებს. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამოვლინდა ახალი აღმოჩენა ძვ.წ აღ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს", - აცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

სამინისტროს ცნობით, გრაკლიანის უდიდესი კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია - ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული - მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება - მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.

"გრაკლიანის გორა" წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV - ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია