მუზეუმი თბილისში, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს მოხვდებიან

მუზეუმი თბილისში, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს მოხვდებიან

1996 წელი. წინანდალი, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი. ეზოში შესვლამდე კლასის დამრიგებელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიას გვიყვება.

ემოციები და შთაბეჭდილებები, რომელიც სახლ-მუზეუმში შესვლის შემდეგ მივიღე, ახლაც კარგად მახსოვს. მას შემდეგ იყო ბევრი მუზეუმი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები... რამდენიმე დღის წინ კი ისეთ განსხვავებულ და უცნაურ მუზეუმში აღმოვჩნდი, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.

ჩვეულებრივი მუზეუმებისგან განსხვავებით, ამ "საგამოფენო დარბაზში" წარმოდგენილი ექსპონატები არც ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამკაულები, არც ჭურჭელი ან ისტორიული ნივთებია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მუზეუმში, პალეობიოლოგიური, ორნითოლოგიური (ფრინველები), მამოლოგიური (ძუძუმწოვრები), იქთიოლოგიური (თევზები) და აგრეთვე ბოტანიკური (ჰერბარიუმების სახით) 500-მდე ექსპონატია. პირველ ემოციებს გაოცება, გაოცებას კი შიში ცვლის, როდესაც კოლბებში მოთავსებულ ანომალური ნაყოფისა და ემბრიონების განყოფილებასთან ვჩერდებით. ეს ის ადგილია, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს შეძლებენ ნახონ ექსპონატები...

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქალბატონი ელენე აბზიანიძე საუბარს მუზეუმის ისტორიით იწყებს. ამბობს, რომ ექსპონატების ნაწილი თითქმის ორი საუკუნისაა.

- ბიოლოგიური მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრასთან დაარსდა, გასული საუკუნის 40-იან წლებში, პროფესორ ვალერიან როსტომბეგოვის მიერ. მინდა გითხრათ, რომ მუზეუმი ყოფილ საბჭოთა კავშირის სამედიცინო ინსტიტუტებს შორის ერთადერთი იყო. აქ დაცული საექსპოზიციო მასალების ნაწილი წარმოადგენს კავკასიის მუზეუმის (1852-1919) ექსპონატებს. 1983 წელს, ხანძრის გამო ექსპონატების ნაწილი დაზიანდა. წლების განმავლობაში მუზეუმი გაუქმებული იყო. 1996 წელს, როდესაც უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა და აღმოვაჩინე, რა მდგომარეობაში იყო მუზეუმი თავისი უნიკალური მასალით, ძალიან მომინდა მისი აღდგენა. ორი თვის განმავლობაში, ყველა თანამშრომელი ვიყავით ჩართული პროცესში. მიუხედავად უმძიმესი გარემო პირობებისა, შევძელით მუზეუმის აღდგენა. მართალია, გრძელი და რთული გზა განვვლეთ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ მომავალ თაობას შემოვუნახავთ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა წლების წინ შექმნეს. დღეს ეს მუზეუმი უკვე ჩვენი ისტორიაა. აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად მოწვეული გვყავდა სამუზეუმო საქმის ექსპერტი, გია ზარქუა, რომელმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა, აღადგინა თითოეული ნიმუში და შექმნა შესანიშნავი ექსპოზიციები.

- იქნებ უშუალოდ მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებზე მოგვიყვეთ...

- მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები. პალეობიოლოგიური ექსპონატებიდან აღსანიშნავია სილურული, კემბრიოული და იურიული პერიოდის მოლუსკების, ტროლობიტების, ამონიტებისა და გრაფტოლიტების უნიკალური გაქვავებული მასალები. შემდგომ წლებში მუზეუმის მასალები შეივსო ქართველი მეცნიერების მიერ, საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემური და უნიკალური ჯგუფებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ემბრიოლოგიური ექსპოზიცია - ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების (ამნიოცენტული გარსით) ამსახველი ექსპონატები. არანაკლებ საინტერესოა ემბრიოლოგიური პათოლოგიების ამსახველი პრეპარატები (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, და სხვა).

- რაც შეეხება ანომალიების გამომწვევ მიზეზებს?  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია