ზღვა და მთა ერთ რეგიონში - აჭარა ტურისტებს თავისი მრავალფეროვნებით აკვირვებს

ზღვა და მთა ერთ რეგიონში - აჭარა ტურისტებს თავისი მრავალფეროვნებით აკვირვებს

ზღვა და მთა ერთ რეგიონში - აჭარა ტურისტებს თავისი მრავალფეროვნებით აკვირვებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრიორიტეტიც წელს ზღვასთან ერთად აჭარის მაღალმთიანი რეგიონებია.

დეპარტამენტმა ეკო-ტურისტული რუკა შეიმუშავა, რაც სამთო ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. რუკაზე აღწერილია ტურისტული ობიექტები, ღამის თევის ადგილები, კულტურული ძეგლები და კვების პუნქტები. სპეციალურად შექმნილი ტურისტული პორტალი gobatumi.com სამ ენაზე ფუნქციონირებს, რომელიც ტურისტებს აჭარაში ტურებისა და მარშრუტების დაგეგმვაში ეხმარება. http://gobatumi.com/ge/what-to-do/tours-and-routes

როგორც „ამბები.გე“-ს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს სოფო გუჯაბიძემ განუცხადა, დეპარტამენტს ქალაქისა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით რამდენიმე საინფრომაციო ცენტრი აქვს, სადაც შედის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ტურებზეა მოთხოვნები:

„ეს არის ქედაში სოფელი მახუნცეთი თავისი ღვინის სახლით და ჩანჩქერით. უფრო შემოდგომაზე სოფელი სახალვაშო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთავთვის. ასევე, ბოტანიკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი. ეს არის ბათუმიდან სულ ახლო მდებარე ტერიტორიები, რაც ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ.

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა მაჭახელას ხეობა, განვახორციელეთ საინფორმაციო ტურები და ამ ხეობის მიმართ გაიზარდა ინტერესი. ასევე, ხიხანის ციხე სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის შესანიშნავია. თითქმის ყველა საინფორმაციო ტურში ჩართული გვაქვს ერთი დღე მთიან აჭარაში იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი პოპულარიზაცია გაეწიოს ამ რეგიონის პოტენციალს“, - აღნიშნა სოფო გუჯაბიძემ.

სანამ სამთო ტურიზმი განვითარების საფეხურებს გადის ტურისტების უმრავლესობა აჭარას მაინც ზღვის გამო სტუმრობს. ოფიციალური მონაცემებით გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 6 %-ით გაიზარდა. ეს ზრდა ყველაზე თვალნათლივ ბათუმის სანაპირო ზოლზე შეიმჩნევა:

„მიმდინარე წლის საუკეთესო მაჩვენებელი ფიქსირდება. 6%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 7 თვიან, იანვარ-ივლისის მონაკვეთს 3.4%-იანი ზრდა გვაქვს.

სეზონი არის ძალიან წარმატებული, მით უმეტეს იმ რეალობის ფონზე, რაც ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ხდება. თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი იყო გასული წლის ნაკედების შენარჩუნება, თუმცა გვაქვს უფრო კარგი შედეგი - არა მხოლოდ შენარჩუნდა ნაკადები, არამედ ზრდის მაჩვენებელიც გვაქვს სახეზე. ვითვლით როგორც იმას, თუ რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ნაკადები ასევე რიცხოვრივად. ზრდის მაჩვენებლით გასულ წელთან შედარებით ტურისტების ნაკადები განსაკუთრებით მომატებულია ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან ანუ ის სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც ტურიზმის დეპარტამენტმა ჩაატარა სარეკლამო ღონისძიებები. რიცხობრივი მაჩვენებლით ისევ ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი“, - აღნიშნა სოფო გუჯაბიძემ.

როდესაც მზე ზღვაში ჩაეშვება და გარუჯვის თემა უკანა პლანზე გადაიწევს, დღის წესრიგში უკვე ღამის გართობა დგება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვიზიტორებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის და სპეციალურად გაკეთებულ ვებ-გვერდზე gobatumi.com დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციებს ათავსებს. ტურისტული პორტალი ადაპტირებულია მობილური ტელეფონებისა და ფლანშეტებისთვის. დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების უფროსის ვაკო აფხაზავას ინფორმაციით, ვებ-გვერდზე ყოველდღიურად მინიმუმ 1 200 უნიკალური მომხმარებელი შედის, ბოლო 6 თვის მონაცემებით კი 108 000 მომხმარებელი ფიქსირდება. მისივე თქმით, პორტალი ასევე, ინტეგრირებულია სოციალურ მედიასთან და facebook გვერდზე 100 000-ზე მეტი ლაიქერია:

„პორტალს აქვს სხვადასხვა მოდულები, რომელიც საინტერესოა მომხმარებლებისთვის. გვაქვს კალნდარი, სადაც განთავსებულია ბოლო 3 თვის ივენთები. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დღე, კონკრეტული ღონისძიებაზე დაკლიკვის შემდეგ ჩანს თუ რომელ საათზე და სად ტარდება, ფასიანია თუ უფასო. ვებ-გვერდი მორგებულია მობილურ მოწყობილებებსა და პლანშეტებზე. ვგეგმავთ ვებ გვერდს დავამატოთ დაჯავშნის სისტემა“, - აღნიშნა ვაკო აფხაზავამ.

ვებ-გვერდი სამენოვანია, თუმცა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ინტერნეტთან არ მეგობრობენ, ტურიზმის დეპარტამენტმა მათი კომფორტისტვისაც იზრუნა და სხვადასხვა ინფორმაციების შესაბამისი ფლაერები დაბეჭდა. ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, ასევე დაიბეჭდა აჭარის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტებისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს შესახებ ბროშურები. ვიზიტორებს აჭარაში სტუმრობის ინდივიდუალური მიზეზი აქვს. ზოგს ბუნება და ღირსშესანიშნაობები იზიდავს, ზოგს კი ზღვა და ტრადიციული სამზარეულო.

იხილეთ ვიდეო

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია