ჟურნალისტის ექსპერიმენტი - იარსებებ თვეში 161,9 ლარად?

ჟურნალისტის ექსპერიმენტი - იარსებებ თვეში 161,9 ლარად?

ზაფხულია - დასვენების სეზონი. ჰოდა, ჩემი ოჯახი, 3 ადამიანის შემადგენლობით (ჩემი გამოკლებთ, რა თქმა უნდა) მთელი თვით დასასვენებლად წავიდა.

ვინაიდან ოჯახის წევრების ჯანმრთელობას (მით უმეტეს- არასრულწლოვნების) საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებდი, მარტოდ დარჩენილმა გადავწყვიტე, რომ ხელსაყრელი დრო დადგა და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა მეძლევა.

მცირე შესავალი, ექსპერიმენტის დაწყების წინ:

საქართველოში რომ ხალხის მატერიალური მდგომარეობა სახარბიელო არაა, ეს არც თქვენთვისაა უცხო. ირგვლივ ყველა გაჭირვებასა და უსახსრობაზე წუწუნებს.

ჟურნალისტები კი დავიღალეთ იმაზე ლაპარაკით, რომ საარსებო მინიმუმი არ შეესაბამება არსებულ რეალობას. მით უმეტეს- ლარის გაუფასურებისა და გაძვირებული პროდუქტის პირობებში. თუმცა, სასურსათო კალათის გადახედვას არავინ აპირებს და 2015 წლის საარსებო მინიმუმად (შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის) ა.წ. მაისის მონაცემით, 161 ლარი და 90 თეთრია დადგენილი.

ჩემი ექსპერიმენტის არსი ის გახლავთ, რომ მთელი თვის განმავლობაში ვიცხოვრებ საარსებო მინიმუმის შესაბამისი (იგივე გახდება პენსიაც, სექტემბრიდან) თანხით ანუ 160 ლარით. მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ გავანაწილებ ამ თანხას, რაზე ვიტყვი უარს, შევძლებ თუ არა, რომ ვიმყოფინო სახელმწიფოს მიერ დადგენილი "მინიმუმი" და ამავე დროს, ვიკვებო ნორმალურად (დღის რაციონის შესაბამისი ნორმების ცხრილს ქვემოთ წარმოგიდგენთ), გადავიხადო კომუნალური გადასახადები და ერთი სიტყვით, თავი გავიტანო 1 თვის განმავლობაში. ეს ერთგვარი დღიური გამოვა და ვფიქრობ, ძალზე საინტერესოც.

ახლა კი ჯერ იმის შესახებ, როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი და შემდეგ მოგახსენებთ პირველ შედეგებს.

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. ეს გახლავთ კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის, ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება წარმოადგენს მასში შემავალი პროდუქტების ღირებულებათა ჯამს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების (კომუნალური გადასახადები, მედიკამენტები, ტრანსპორტი და სხვ.) წილი- 30%. ეს გახლავთ "საქსტატის" მონაცემები.

უფრო "ადამიანური" ენით რომ ვთქვათ, დაანგარიშდება იმ პროდუქტის საერთო ფასი, რაც ადამიანს (შრომისუნარიან მამაკაცს) თვის განმავლობაში სჭირდება საარსებოდ, ამას მიემატება არასასურსათო ხარჯი და ეს გახლავთ საარსებო მინიმუმი.

დილა დავიწყე იმით, რომ მარტივი არითმეტიკული გამოთვლით გავიგე, რა თანხა უნდა დავხარჯო დღის განმავლობაში.

160:30=5,3, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში უფლება მაქვს, დავხარჯო 5 ლარი და 30 თეთრი.

სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რადგან თანხა ძალიან მეცოტავა, მაგრამ ექსპერიმენტს ვაგრძელებ, რამეთუ, მიზანი დასახულია...

მაშ, ასე... ხარჯები მინიმუმამდეა დასაყვანი, ამავე დროს, უნდა ვიკვებო ნორმალურად...

პირველ რიგში, უარს ვამბობ ავტომანქანაზე, რადგან საწვავის ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება...

ასევე უარი უნდა ვთქვა სიგარეტზეც (ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება)...

უნდა ვჭამო ხშირად და ცოტა... მივიღო ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები...

საუზმედ უმჯობესია, მძიმე ნახშირწყლების, კვერცხის მიღება.

კალორიული საკვები- დღის პირველ ნახევარში. სადილზე- ხორცი ან თევზი, ბოსტნეულთან ერთად. ვახშმად- უცხიმო საკვები. შევეცდები, შეძლებისდაგვარად მივყვე ამ პრინციპს.

ბუნებრივია, ბოსტნეულის წვნიანები უფრო ნოყიერია და იაფიც. ძეხვეულსა და ყველს

ჩემი ჯიბე ვერ გასწვდება. თანაც, ახლა ზაფხულია და ბოსტნეული შედარებით იაფია.

სახლის გარეთ (კაფეში, რესტორანში) ჭამა გამორიცხულია, ამიტომ მზა კერძების სამსახურში ტარება მომიწევს.

I დღე

ცხოვრება ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე და 3 ლარითა და 70 თეთრით მაღაზიას ვეწვიე.

კარაქი- 1 ლარი

წიწიბურა- 1 ლარი

მარილი- 60 თეთრი

კარტოფილი (9 ცალი)- 1 ლარი

დამრჩა 10 თეთრი... შემდეგი დღის ხარჯიდან 50 თეთრი "ვისესხე" და პურიც შევიძინე, რომელიც, როგორც მივხვდი, 3 დღე უნდა ვიმყოფინო (მაცივარში შევინახავ, რომ არ გაფუჭდეს).

შეძენილი წიწიბურას ნახევარი მოვხარშე, ცოტა კარაქი და მარილი დავუმატე და მივირთვი.

3 კარტოფილი მოვხარშე, 1 ნაჭერ პურთან ერთად ცელოფანში გავახვიე, ჩანთაში ჩავდე და დავიძარი.

სამსახურში მეტროთი წასვლა გადავწყვიტე. მეტრომდე კი საკმაო მანძილი ფეხით გავიარე... კარგად ცხელოდა... თანაც, ჩანთაში ჩადებული ცხელი კარტოფილი მიათმაგებდა სიცხის შეგრძნებას- დამეწვა გვერდი (ამის შემდეგ ცოტა ადრე მოვხარშავ და გაცივებას მოასწრებს).

მეტრო - 50 თეთრი... უარს არ ვიტყოდი, გზად რაიმე გამაგრილებელი სასმელი მეყიდა, მაგრამ ჩემი ბიუჯეტი ამის საშუალებას არ მაძლევს. სახეზე მომსკდარ ოფლს ხელით ვიწმენდ, რადგან ერთჯერად ცხვირსახოცებზე ფული დავზოგე.

დღის განმავლობაში უსიგარეტობის გამო შექმნილ დისკომფორტს გმირულად გავუმკლავდი, ვისადილე ჩემი 3 ცალი კარტოფილით და მინდა გითხრათ, რომ გემრიელიც კი მომეჩვენა. ამართლებს ანდაზა- "როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია