ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს 01:00 საათიდან 07:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით განხორციელდება.
დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. "რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.