ბათუმში ოთხბალიანი შტორმია, ძლიერი წვიმის გამო ბათუმის საბაგიროდან ქალაქის გასასვლელისკენ მოძრაობა შეფერხებულია და საცობია შექმნილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურში 90 გამოძახება დაფიქსირდა.
მისი განმარტებით, უამინდობის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა და სამაშველო სამსახურში გამოძახებები ძირითადად, პირველი სართულების დატბორვისა და გზებზე ჩარჩენილი მანქანების შესახებ შედის. დატბორილია ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ჯაფარიძის ინფორმაციით, სრულად აღჭურვილი სამაშველო მანქანები თბილისიდან და ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებიან.
ძლიერი წვიმა ბათუმში: დატბორილი ქუჩები და წყალში ჩარჩენილი მანქანები
ასევე, აჭარის მასშტაბით არსებული სამაშველო ბრიგადები სრულად მობილიზებულია. ამასთან, ძლიერი წვიმის დროს 26 მაისის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, მელიქიშვილის, ბაგრატიონის ქუჩების ნაწილი დატბორილია. მოსახლეობის თქმით, ავტომობილებს გზებზე გადაადგილება უჭირთ. დატბორილია, ძირითადად, ის ქუჩები, სადაც სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ჯერ არ გაკეთებულა. გარდა ამისა, ბათუმში რამდენიმე უბანში ელექტოენერგია გაითიშა.