რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა - როგორ აისახება ეს საქართველოზე

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა - როგორ აისახება ეს საქართველოზე

ბოლო თვეების განმავლობაში დოლართან შედარებით თითქმის ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, თუმცა რუსული რუბლი ამ მხრივ ლიდერობას არავის უთმობს.

რუსი ანალიტიკოსები შეშფოთებით ადევნებენ თვალს თავიანთი ვალუტის გაუფასურებას და ყველაფერს დასავლეთის სანქციებით და ნავთობის ფასის ვარდნით ხსნიან, ბიზნესი კი, ვალუტის ცვალებადობის გამო სერიოზულ წნეხს განიცდის. სწორედ ამიტომ ხორბლის მწარმოებლებმა რუსეთში გადაწყვიტეს, რომ პროდუქციის ექსპორტი დროებით შეწყვიტონ. ამ დღეებში უკვე გაცხადდა, რომ ახალი კონტრაქტების გაფორმება რუბლის კურსის სტაბილიზაციამდე უნდა შეჩერდეს. როგორ იმოქმედებს ეს ქართულ ბაზარზე? ხომ არ უნდა ველოდეთ ახლო მომავალში ფქვილის, ან პურის გაძვირებას? - ამ შეკითხვებს საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა უპასუხებს, რომელიც bpn-ის შეკითხვებს პასუხობს:

- რუსულ ხორბალს ქართული ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთი ამ სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორია: ბოლო სამი წლის განმავლობაში ხორბლის 90 პროცენტი სწორედ რუსეთიდან შემოგვქონდა, ეს იმიტომ, რომ რუსულ ხორბალს კარგი ფასი ჰქონდა. დღესაც ასეა, უბრალოდ, რუსი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას დროებით არ ჰყიდიან.

- რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა?

- საქმე ის არის, რომ რუსეთს ხორბალზე ე.წ. მცურავი ბაჟი აქვს დაწესებული, რაც ნიშნავს, რომ ხორბლის ფასი დოლარის კურსით მიბმულია რუსული რუბლის კურსზე და რადგანაც რუბლის კურსი ბოლო ხანებში მკვეთრად გაუფასურდა, ექსპორტიორებს ხორბალზე ბაჟი გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, რუსული ხორბალი გაძვირდა. ამავე დროს, რუსეთში წელს ხორბლის უხვი მოსავალი მიიღეს და ამ მოსავლის რეალიზაცია სჭირდებათ. რუსეთში საექსპორტო გადასახადის შემდეგი სქემა მოქმედებს: გამყიდველი ხორბლის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ საბაჟო გადასახადს ითვლიან მაშინ, როცა გემი უკვე დატვირთულია. ამას კი 3-4 დღე მაინც სჭირდება. შესაბამისად, თუ მე დღეს დეკლარირებას ვაკეთებ და დოლარი ღირს 70 რუბლი, ხვალ შეიძლება იყოს 75, ან სულაც - 80. ამიტომ, ბიზნესისთვის ეს სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. კონტრაქტი დეკლარირების დროს იწერება, მაგრამ მხარეებმა არ იციან სამი-ოთხი დღის შემდეგ ვალუტის კურსი როგორი იქნება. აქედან გამომდინარე, გამყიდველი მყიდველს ზუსტ ფასს ვერ ეუბნება. სწორედ ამიტომ, ექპორტიორებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ ექსპორტი, ვიდრე რუბლის კურსი არ დარეგულირდება და ვიდრე ქვეყანაში სტაბილური კურსი არ ჩამოყალიბდება.

- ხომ არ იმოქმედებს ეს ხორბლის მსოფლიო ფასზე?

- თუ რუსეთის კონკურენტებმა - საფრანგეთმა, უკრაინამ და სხვებმა მსოფლიო ბაზარს უკეთესი ფასი შესთავაზეს, თავისთავად ცხადია, რომ რუსული ხორბალი კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ან ბაჟი უნდა შეცვალონ, ან რაღაც უნდა იღონონ, რომ მსოფლიო ბაზარზე პოზიციები არ დაკარგონ. ეს უკვე რუსეთის მთავრობის გადასაწყვეტი თემაა. ამ სიტუაციაში დადებითი ფაქტორია ის, რომ რუსეთს წელს ხორბლის ძალიან კარგი მოსავალი აქვს, რომელიც უნდა გაიყიდოს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია