ლევან გვაზავას ადვოკატის კომენტარი პროკურატურის ვერსიაზე

ლევან გვაზავას ადვოკატის კომენტარი  პროკურატურის ვერსიაზე

ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატის დარეჯან გილაშვილის განცხადებით, მათ არ აქვთ იმის საფუძველი, რომ გამოძიებას არ ენდონ. აღნიშნული განცხადება გილაშვილმა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მათ პროკურატურის მიერ წარდგენილი ვერსიის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შეუძლიათ.

"ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ ვიცით საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. ჩვენ არ შეგვიძლია პროკურატურის ვერსიის არც უარყოფა და არც დადასტურება. თუმცა, რადგანაც პროკურატურამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, მათ ამ ვერსიის გავრცელების საფუძველი ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ გამოძიებას. ჩვენ დაველოდებით სხვადასხვა სახის ექსპერტიზების საბოლოო დასკვნებს. საბოლოო პასუხს ყველა კითხვაზე ექსპერტიზების პასუხები გასცემენ. ველოდებით კიდევ ლევან გვაზავას გამოჯანმრთელებას, რადგან მან იცის რეალურად რაც მოხდა", _ განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილ რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია გამოირიცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი Mერცედეს მლ-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან - ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა.

აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა"-ში.

ზემოაღნიშნული გარემოებები და მათ შორის მანქანაში მომხდარი ორი გასროლის ფაქტი დადასტურებულია როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ასევე შემთხვევის ადგილზე მოკლე დროშივე მისული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რის შედეგადაც ნანახი და ამოღებულია სავარაუდოდ ,,გლოკი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მხოლოდ ორი მასრა, ტყვიის ერთი გულა და ლევან გვაზავას კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

ამდენად, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ