"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე

"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე

"ქრონიკის" ჟურნალისტი გურამ როგავა საკუთარ არხზე მიმინარე მოვლენებს ვრცელი და ძალიან გულწრფელი სტატუსით უკეთებს ანალიზს. როგავა არ მალავს, რომ "რე-აქცია" და "იმედის კვირა" შესაძლოა, ეთიკითა და ესთეტიკით ბევრისთვის არ ყოფილიყო მოსაწონი, თუმცა დასძენს, რომ აღნიშნულს გადაცემის დახურვასთან კავშირი არ აქვს.

"ქრონიკის" რეპორტიორი არხიდან სოლიდარობის ნიშნად წასვლას შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში ასეთ ქმედებებს სასიკეთო შედეგი არასდროს მოუტანია, და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, რომლებიც არხის ჟურნალისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ "იმედში" რჩებიან, უხეში ფრაზით პასუხობს.

"რე-აქციის" და "იმედის კვირის" ესთეტიკა/ეთიკა არ მომწონს, გემოვნებაზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ეს, ამ მომენტისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზუსტად ვიცი, გადაცემების დახურვასთან ამას კავშირი არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თოქ-შოუების "საკუთარი ნებით მაყურებელი" არასდროს ვყოფილვარ, მიჩნდება პროტესტის გრძნობა, რადგან ბევრი რამ ბუნდოვანია, "იმედის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მოტივი გაუგებარია.

ფაქტია, რომ ამ გადაცემებში მწვავედ შუქდებოდა პრობლემები და მეტ-ნაკლებად იყო შედეგიც, შესაბამისად, ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და შემოსავლიანი.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ტელევიზიის ოფიციალური განცხადებით იგებენ და ასე "იმედში" პირველად არ ხდება.

რაც შეეხება ვიღაცების მოწოდებას, რომ სოლიდარობის ნიშნად "ქრონიკელებმაც" უნდა დავტოვოთ ტელევიზია. არ ვიზიარებ ასეთ მიდგომას, გაქცევა გამოსავალი არ არის.

ვინც ასეთ სიტუაციაში გაიქცა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელევიზიიდან, ამან რა შეცვალა?!

გაქცევის შედეგი ხშირად იყო ის, რომ გაქცეულების ადგილებზე მოვიდნენ მორჩილი ჟურნალისტები, დავალებების 5-იანზე შემსრულებლები.

დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, დარჩენა, არდანებება, ბოლომდე ბრძოლაა ღირსეული საქციელი.

უნდა დარჩე და ბოლომდე კეთილსინდისიერად აკეთო შენი საქმე.

შესაძლოა, ხშირად არ გიწევდეს მასშტაბური პრობლემების გაშუქება, შესაძლოა ზოგჯერ იქ არ იყო, სადაც მოვლენის ეპიცენტრია, მაგრამ რაც და სადაც შეგიძლია, ყველგან მაქსიმალურად უნდა ეცადო, რეალური სურათი ნათლად ჩანდეს, არაფერი დამალო, ხელი არავის დააფარო...

სულ რომ პეპლებზე და გვირილებზე მომიწიოს რეპორტაჟების კეთება, იქაც ვიპოვი პრობლემებს!

ასე რომ, ძვირფასებო, გაქცევა გამოსავალი არ არის და არც ისაა გმირობა, რომ დარჩე და იბრძოლო. ეს ვალდებულება და პროფესიული პასუხისმგებლობაა.

ვერცერთ ჩემ რეპორტაჟს ან ჩართვას ვერ იპოვით, სადაც ხელისუფლების/ოპოზიციის ხარვეზები დავფარე ან მწვავე შეკითხვებს თავი ავარიდე.

ვინც გაღიზიანდება და მეტყვის, რომ ამ სტატუსით ვცდილობ, თავი გმირად წარმოვაჩინო (ადრე მისაყვედურეს, ასეთ საჯარო განცხადებებს იმიტომ აკეთებ, რომ თავი გმირი გგონიაო), ცდებით. არ მჭირდება თქვენი კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები. უბრალოდ, ზოგიერთი ფეისბუქ-ექსპერტის ბაქი-ბუქი ყელში ამოვიდა.

ემიგრაციიდან საუბარი კიდევ ძალიან მარტივია. თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ. თუ გაიქცევი, იმ მოტივით, რომ "ამ ქვეყანას არაფერი ეშველება", მაშინ მართლა არაფერი გვეშველება. თუ თავად არ იბრძოლე ცვლილებებისთვის, ამას შენს ნაცვლად სხვა ვერ/არ გააკეთებს.

იმ ემიგრანტებს ვგულისხმობ, ვინც გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ "იმედში" ვრჩებით და მაგალითად ევროპაში არ გავრბივართ.

და ბოლოს, წარმატებები ინგა გრიგოლიას და მის გუნდს. დარწმუნებული ვარ, მალე სხვა არხზე ვიხილავთ ყველას", - წერს გურამ როგავა "ფეისბუქზე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია