ქართველებს რომ მსგავსი გაკეთებინათ მეჩეთში, დიპლომატიურ სკანდალამდე მივიდოდა საქმე.
ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის საყდარში, სადაც ამჟამად წირვა–ლოცვის ჩატარებაც იკრძალება, აზერბაიჯანელებმა ფილმი გადაიღეს, სადაც ისინი ტაძრის კედლებზე დარბიან, შედიან საკურთხეველში და იქ აღმოსავლური ორთაბრძოლის ელემენტების გამოყენებით ჩხუბობენ.
ჩვენ დავუკავშირდით არქიმანდირტ დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც წლების მანძილზე ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი იყო და კომენტარი ვთხოვეთ:
– ვისი გადაღებულია ეს ვიდეო ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ ეს ვნახეთ იუთუბზე, ტელევიზიამ გადაიღო თუ რომელიმე კერძო პირმა ვერ გეტყვით, თუმცა ვისი გადაღებულიც არ უნდა იყოს ცალსახად ვანდალიზმია. ფილმის გადაღება, ტაძარში იქნება, თუ ნებისმიერი ტიპის სამლოცველოში მიუღებელი ნამდვილად არაა, მაგრამ ის რაც იქ ხდება – საკურთხეველში კედლებზე სირბილი ეს მიუღებელია, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც მოსახლეობა გაღიზიანებულია, რადგან აზრებაიჯანში ქართული მსახურება შეწყვეტილია.
– მას მერე რაც ეს ვიდეო საქართველოში გავრცელდა, იუთუბიდან აიღეს, როგორ ფიქრობთ უკურეაქციის შეეშინდათ?
– იქაც არაა ყველა ერთნაირი და აღმოჩნდა ვიღაც ნათელი წერტილი, რომელსაც ეყო გონიერება და აიღო ეს ვიდეო, რათა დაძაბულობა არ გამოეწვია ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის.
– ჩვენთან რომ მოხდარიყო მსგავსი და მეჩეთში ასეთი ტიპის ვიდეო გადაეღოთ, როგორი რეაქცია ექნებოდა აზერბაიჯანულ მხარეს?
– თქმაც მიჭირს, აუცილებლად დიპლომატიურ სკანდალამდე მივიდოდა საქმე. აზერბაიჯანული მხარე საკუთარ სარწმუნეობას და საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძალიან უფრთხილდება და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისაგან. ამ კონკრეტულ ფაქტზე აუცილებლად უნდა იყოს ქართული მხარისაგან მკვეთრი რეაქცია, რადგან ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მხოლოდ ერთი სახელმწიფოსგან არ უნდა იყოს მეგობრობა. ამ ფაქტზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს და ყველაზე კულტურული ფორმა რაცაა ამ ყველაფრის მოსაგვარებლად არის ბოდიში, თუმცა ამის გამკეთებელი არავინაა, იმიტომ რომ აქედან პასუხს არავინ მოსთხოვს.
– ჩვენმა მხარემ რომ მოსთხოვოს პასუხი, მოიხდიან ბოდიშს?
– ვერაფერს ვერ გეტყვით, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდათ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რადგან ქურმუხის ტაძარი მუსულმანთათვისაც ძალიან პატივსაცემია და დარწმუნებული ვარ იმათაც არ მოეწონებოდათ ეს ვანდალიზმი. სხვათაშორის, მოქმედება არ ხდება მხოლოდ ქურმუხში. გავრცელდა მეორე ვიდეოც, სადაც მოქმედება მიმდინარეობას ლექართში, რომელიც დაკონსერვებულია და იქ ტურისტებსაც არ უშვებენ.
– მამა დემეტრე, უკვე რამდენიმე თვეა თქვენ ჰერეთში აღარ მოღვაწეობთ ამ ხნის მანძილზე წირვა–ლოცვას აღავლენდა ვინმე?
– სამწუხაროდ, შეწყვეტილია და მხოლოდ მარიამობას ჩატარდა. აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაა რომ მღვდელი რომელიც ჰერეთში იმსახურებს, უნდა იყოს აზერბაიჯანის მოქალაქე.
– მამაო, ვიდრე იქ მსახურობდით, თქვენ თუ გაძლევდნენ უფლებას რომ ქურმუხში წირვა აღგევლინათ?
– რა თქმა უნდა, არა. არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება იქ წირვა ჩაატაროს, მხოლოდ გიორგობას გვაძლევნენ უფლებას რომ პარაკლისი გადაგვეხადა, ხოლო დანარჩენ დღეებში, როგორც ტურისტს ისეც კი აკრძალული გვქონდა იქ ასვლა.
მამა დემეტრესთან ინტერვიუ უკვე მზად გვქონდა როდესაც კახში მყოფმა ჩვენმა მეგობარმა შემდეგი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა:
დღეს რამდენიმე საათის უკან კახის წმინდა გიორგის ტაძარში მოსული იყო აზერბაიჯანის სულიერი ლიდერი შეიხი ალაშუქურ ფაშა ზადე, რომელიც სავარაუდოდ ამ ვიდეოების და კახში ქართული წირვა ლოცვის შეწყვეტის გამო არსებული მღელვარების გამო ჩაიყვანეს.
ფაშა ზადემ მრევლს განუცხადა, რომ მათი მხრიდან მზაობაა მღვდლის მიღებაზე, თუმცა საქართველო აჭიანურებს ამ საკითხსო. ასევე ოცეულის (ეს არის ოცი ადამიანს ჯგუფი,რომლის მოთხოვნის საფუძველზეც იხსნება ტაძარი, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება ტაძრები, მეჩეთები და ასვეე, უშიშროების ხალხი ვინც ტაძარს და ქართულ საქმეს აფერხებს.) თავმჯდომარეს, იაგო კაციაშვილს გადასცა 2900 მანათი საჩუქრად, მღვდელი ვინც ჩამოვა იმას გადაეციო. ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები, იმედია ქართული მხარე ჩაერევა და ყველაფერი დარეგულირდება.
AMBEBI.GE
ლადო გოგოლაძე
იხილეთ ვიდეო