ეკლესიები საქართველოში, რომელიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა

ეკლესიები საქართველოში, რომელიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა

უძველესი დროიდან საქართველოში მტრის შემოსევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ეკლესია-მონასტრები იყო, სადაც მხოლოდ წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა და მხოლოდ სასულიერო ფუნქცია არ ჰქონია...

მიუხედავად მტრის მიერ ეკლესიების სასტიკი განადგურებისა, მათი აღდგენა ხდებოდა, თუმცა პირვანდელი სახის დაბრუნება არც ისე ადვილი იყო.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ისტორიკოსი გელა ქისტაური იმ ეკლესიებს ასახელებს, რომლებიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა.

გელა ქისტაური:

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან, ეკლესია-მონასტრები ქართული სწავლა-განათლებისა და ქართული სულიერების ცენტრებად გადაიქცნენ. მტრის პირველი საზრუნავი იყო, რომ ეს ეკლესია-მონასტრები გაენადგურებინა, ამით ფაქტობრივად ქართველ ხალხს სულიერ საზრდოს უხშობდა, რასაც ჰქვია ქართული კულტურა, განათლება და ცნობიერება.

ეკლესია-მონასტრები არა მარტო სწავლა-განათლებისა და სასულიერო მოძღვრების კერა იყო, ამავე დროს ისინი, განსაკუთრებით მონასტრები, თავშესაფარს წარმოადგენდნენ. ბევრ ეკლესია-მონასტერს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, გამაგრებული იყო თავდაცვითი ნაგებობით და ომიანობის დროს მოსახლეობაც აფარებდა თავს. ყოველივე ეს იმას განაპირობებდა, რომ მტერს იერიში პირდაპირ ეკლესია-მონასტრებზე მიეტანა.

სიონის ეკლესია

რუსუდანის მეფობის დროს, ჯალალ-ედ-დინის შემოსევას კონკრეტული ეკლესიის დარბევა-განადგურება უკავშირდება. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ-ედ-ედნმა აიღო თბილისი და გაანადაგურა როგორც ქრისტიანი, ისე მუსულმანი მოსახლეობა. მისი ბრძანებით სიონის ეკლესიას მოუშალეს გუმბათი, დადგეს ტახტი, სადაც თავად დაბრძანდა და აქედან ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ხოცავდნენ თავისი მოლაშქრეები თბილისის მაცხოვრებლებს.

ხიდის დასაწყისში თბილისის ქრისტიანული ეკლესიებიდან გამოიტანეს ხატები, წმინდა ნივთები, დააწყეს ხიდის დასაწყისში და ქრისტიან მოსახლეობას წმინდა ხატებზე ფეხით გადავლა უბრძანეს. ვინც გადაივლიდა ცოცხლად დატოვებდნენ, ვინც არ გადაივლიდა - სიკვდილით დასჯიდნენ. როგორც ცნობილია, ქართველებმა არ შეურაცხყვეს წმინდა ხატები და ამის გამო ჯალა-ედ-დინმა ასი ათასი კაცი სიკვდილით დასაჯა. მისივე ბრძანებით სიონის მონასტერი გაანადგურეს.

ლარგვისი, რუისი, რკონი, ქვათახევი

რამდენიმე ეკლესია-მონასტერი გაანადგურა თემურ-ლენგის შემოსევებმა. როგორც ცნობილია, მან რვაჯერ ილაშქრა 1386-1403 წლებში. ამ რვა ლაშქრობის დროს მთლიანად მოოხრდა და განადგურდა აღმოსავლეთ საქართველო, განსაკუთრებით ეკლესია-მონასტრები. 1400 წელს, მისი მეექვსე ლაშქრობის დროს ქსნის ხეობაში დაბანაკებულმა თემურ-ლენგმა მარბიელი ლაშქარი გააგზავნა ქსანში, ისინი ლარგვისამდე მივიდნენ და ლარგვისის სამონასტრო კომპლექსიც გაანადგურეს.

ამის შემდეგ თემურ-ლენგის ურდოები შიდა ქართლს, კერძოდ საამილახვროს შეესივნენ. საამილახვროს დარბევის დროს მათ გაანადგურეს რუისის საკათედრო ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო ცენტრი იყო.

პირდაპირი ცნობა გვაქვს, რომ რუისის საკათედრო ტაძარი თემურ-ლენგის ბრბოებმა გაანადგურა.

მისი მარბიელი ლაშქრობის ერთ-ერთი შედეგი რკონის სამონასტრო კომპლექსის განადგურებაა, მათ ეკლესია დაწვეს. რკონთან ახლოს არის ქვათახევის ეკლესია, რომელსაც ალყა შემოარტყეს, ეკლესიას მცირე გალავანი ჰქონდა და სამწუხაროდ აიღეს. იქ მყოფი ბერები დახოცეს, გამოკეტეს ეკლესიის კარები და ბერ-მონაზვნები ქვათახევის მონასტერში ამოწვეს.

ვარძია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი შაჰ-თამაზის ლაშქრობებს შეეწირა, რომელმაც საქართველოში 1541-1554 წლებში ოთხჯერ ილაშქრა. 1551 წელს მესამე ლაშქრობისას ის სამცხე-ჯავახეთიდან შემოიჭრა და მოარბია ეს ტერიტორია. მან დაანგრია ვარძია, დახოცა ბერ-მონაზვნები და თან დიდძალი ქონება წაიღო, როგორც ძვირფასეულობა, ასევე ხატები, წიგნთსაცავი. ვარძიას დიდი დრო დასჭირდა, რომ ისევ აღდგენილიყო, თუმცა პირვანდელი სახე ვეღარ დაიბრუნა

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია