საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ

საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ

ყაზბეგი, მესტია, სიღნაღი, ბათუმი – და კიდევ რამდენიმე ყველასათვის ცნობილი ადგილი, რომელიც ტურისტების ნომერ პირველი სანახავი ადგილია, თუმცა საქართველოში ბევრისათვის უცნობი არაპოპულარული ადგილია, რომლებიც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების გამო, განსაკუთრებული და საინტერესოა. მათ აქვთ მაღალი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ბევრმა მათ შესახებ არ იცის.

AMBEBI.GE-მ ასეთი ადგილების დასახელება ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარეს, ილია ოქრომელიძეს სთხოვა.

ილია ოქრომელიძე:

ტურიზმში რამდენიმე მიმართულებაა. ზოგი ყველასთვის ცნობილია, თუმცა უამრავი ადგილია არაპოპულარული, რომელიც ძალიან ლამაზი და საინტერესოა. განსაკუთრებით გამოუკვლეველი და ნაკლებად ცნობილია მღვიმეები, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა.

მელოურის მღვიმე

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმეების ათეულიდან ხუთი საქართველოში მდებარეობს, უბრალოდ აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მთელ საბჭოთა პერიოდში მღვიმეების გახსნა ხდებოდა აფხაზეთში, დანარჩენი საქართველო, სადაც მღვიმეების პოტენციური რესურსი არსებობს იმ პერიოდში გამოკვლეული არ იყო, დღეს კი მკვლევარები იმდენად ცოტანი არიან, რომ ამის კვლევის რესურსი არ აქვთ.

ერთ-ერთი ასეთი, ბევრისთვის უცნობი მელოურის მღვიმეა იმერეთში, რომელიც ყველაზე დიდი მღვიმეა თავისი მასშტაბებით, დაახლოებით 7 კილომეტრზე შეიძლება გადაადგილება, შიგნით არის ორი კანიონისებური ხეობა, რამდენიმე ჩანჩქერი, თუმცა ბევრისთვის ცნობილი არ არის (ფოტო: GRAF.GE)

ბატეთის ტბა

შიდა ქართლში არის ბატეთის ტბა, რომელიც რიწის ტბის მცირე ზომის ანალოგია. ტბაში ძალიან გამჭვირვალე წყალია, გარშემო წიწვოვანი ტყეებით დაფარული ფერდობია და იქ მხოლოდ მოყვარული მოლაშქრეები თუ დადიან. ბატეთის ტბა თავისი სილამაზით შიდა ქართლში ყველაზე გამორჩეული ტბაა.

მარნეულის არქეოლოგიური ველები

ძალიან საინტერესოა ქვემო ქართლი, რომელიც რატომღაც ტურისტულად ნაკლებ პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ყველაზე ახლოსაა. არქეოლოგიური ობიექტები, ყველაფერი ძველი თუკი რამეა, ქვემო ქართლშია თავმოყრილი.

დასტურდება, რომ პირველი ღვინის წიპწა იქ არის ნაპოვნი. თაფლის წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ, ეს არქეოლოგიური ტურიზმისთვის ძალიან საინტერესოა. იქ არის გადათხრილი გორა, ხარუხლოს გორა.

ტობას, ონიორეს და აბაშის ჩანჩქერები

მარტვილის მუნიციპალიტეტში უამრავი ჩანჩქერია, რომლებიც მღვიმეებიდან გადმოედინება. ასეთია ტობას, ონიორესა და აბაშის ჩანჩქერები. ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

ლევანის ტბა

ჯავახეთშია ლევანის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ეს ულამაზესი ტბა ვულკანური მთების შუაგულშია მოქცეული, გამჭვირვალე წყლით და ულამაზესი პეიზაჟებით.

ჩხიკვთა სამება

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში არის სოფელი ჩხიკვთა, სადაც არის სამების ბორცვი, ეს ბორცვი არის მთა, რომლის წვერზე უზარმაზარი ლოდებით აშენებული ციხის გალავანია.

მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ლოდები არსად არ მოიპოვება და მეცნიერულად ცოტა აუხსენლია, ათასობით წლის წინ როგორ აიტანეს ადამიანებმა ის ლოდები იქ რომ დაელაგებინათ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

მელოურის მღვიმე, ბატეთის ტბა, მარნეულის არქეოლოგიური ველები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია