"ევროპის მაგისტრალი E117 " ჩრდილო კავკასიაში, მინერალურ წყლებში იწყება და საქართველოსა და სომხეთის გავლით, ირანის საზღვართან მთავრდება. ამ მაგისტრალის ერთი პატარა მონაკვეთი "საქართველოს სამხედრო გზის" სახელით არის ცნობილი, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს.
ისტორიული ცნობები
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობების გავლით სკვითური ტომების მიგრაცია ხდებოდა. სტრაბონის (ძვ. წ. I საუკუნე - ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, იქ ვიწრო და რთული გზა გადიოდა, რომელიც მიუდგომელი კედლით მთავრდებოდა. გზასა და დარიალის კარს წინა აზიის დიდი სახელმწიფოები აკონტროლებდნენ.
XII საუკუნის I ნახევარში დავით IV აღმაშენებელმა საქართველოში ამ გზით 45 ათასი ოჯახი ყივჩაყი გადმოასახლა.
აღნიშნული გზა XVIII საუკუნის II ნახევრიდან უფრო გააქტიურდა. იმავე პერიოდიდან მის მიმართ დიდ ინტერესს რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებაც იჩენდა, რადგანაც რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის ურთიერთობა ამ გზით ხდებოდა. რეგულარული მიმოსვლა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის 1799 წელს დაიწყო (გეორგიევსკის 1783 წლის ტრაქტატის შემდეგ). 1800-იან წლების დასაწყისში კი "საქართველოს სამხედრო გზა" სახელწოდება მიიღო.
მშენებლობა
ახალი გაფართოებული გზის მშენებლობა 1803 წელს დაიწყო, რაც ტვირთად დააწვა მთის მოსახლეობას, და მთიულეთის აჯანყების (1804 წელი) დაწყების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. გზის მიმართულება სხვადასხვა დროს იცვლებოდა, ბოლო პროექტით 1855 წელს ზემო მლეთის აღმართის ტრასის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1861 წელს დასრულდა. 1909 წლიდან კი თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო.
ამჟამად საქართველოს სამხედრო გზა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალია... საბჭოთა კავშირის დროს მისი რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩატარდა (აიგო რკინაბეტონის ხიდები და სხვა რთული ტექნიკური ნაგებობები). ზამთრის თვეებში დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო უღელტეხილზე გზა უმეტესად ჩაკეტილია.
ცნობილია, რომ გზის მშენებლობა საერთოდ დიდ ხიფათთან არის დაკავშირებული. ორი საუკუნის წინ, ცხადია, საფრთხე უფრო სერიოზული იქნებოდა. ამიტომ მშენებლებს თითო კლდოვანი მონაკვეთის ქვეშ, გზის გაყვანა წლების განმავლობაში უხდებოდათ. ახალი მონაკვეთის გასაჭრელად, მუშების თოკებით დაბმა და უფსკრულზე დაკიდებაც აუცილებელი ხდებოდა.
გზით მოხიბლული ცნობილი ადამიანები
მაგისტრალი ბუნების სილამაზეს ბევრმა ქართველმა და უცხოელმა პოეტმა, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ (ჭავჭავაძე, ყაზბეგი, პუშკინი, ლერმონტოვი, მაიაკოვსკი) უმღერა.
მის შესახებ ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი და რომაელი მწერალი პლინიუსი ჯერ კიდევ I საუკუნეში წერდნენ. იგი ხშირად მოიხსენიება სხვადასხვა პერიოდის საქართველოს ისტორიულ ქრონიკებშიც... ამ გზიდან მოსულმა "თერგდალეულებმა" იმდროინდელი საქართველოს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანეს.
ასე რომ, ევროპისა და აზიის კვეთაზე არსებული საქართველოს სამხედრო გზა ერთ-ერთი ძველი და ისტორიული ადგილია, რომელსაც დიდი ისტორორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს.
მარშრუტი
მაგისტრალი კავკასიონის მთავარ ქედზე გადის და თბილისსა და ვლადიკავკაზს აერთებს. მისი სიგრძე 208 კილომეტრია. გზაც და ირგვლივ განაშენიანებაც ბევრი რეალური თუ გამოგონილი ამბის, ასევე ისტორიული მოვლენის და პიროვნების თავგადასავალის აღმნუსხველია. ის ჯვრის უღელტეხილზე (2395 მ) გადის.
თბილისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიჰყვება და სოფელ მუხათგვერდთან, ხიდით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს მიუყვება, ხოლო წიწამურის შემდეგ არაგვის მარჯვენა მხარეს გრძელდება. დაბა ჟინვალთან მდინარე მთიულეთის არაგვის ვიწრო ხეობაში შედის. გაივლის დაბა ფასანაურს. სოფელ ზემო მლეთიდან მლეთის აღმართს სერპანტინებით აგრძელებს და ჯვრის უღელტეხილით მთავრდება. უღელტეხილიდან გზა მდინარე ბიდარის ვიწრო ხეობაში ეშვება. შემდეგ კი მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს მიდის, გაივლის სოფლებს - კობს, სიონს, გარბანს და დაბა სტეფანწმინდას. სტეფანწმინდიდან კი ხიდით მდინარე თერგის მარცხენა მხარეს ინაცვლებს. მდინარე ჩხერის შესართავთან დარიალის ხეობა იწყება. იქედან, გველეთის ხიდით კვლავ მდინარე თერგის მარჯვენა მხარეზე გადადის, გაივლის სოფლებს ზემო ლარსსა და ჩიმს. შემდეგ შედარებით ფართო ბალთის ხეობაში შედის, რომელიც კლდოვან ქედს კვეთს. იქედან ჯერ საძოვრებიან, შემდეგ ტყიან ქედს კვეთს და ვლადიკავკაზთან მთავრდება.
ცნობილი პუნქტები
მდინარე ბიდარის ხეობაში ნარზანის ცნობილი მინერალური წყაროებია. მინერალური წყლებით მდიდარია თრუსოსა და უხათის ხეობები.
ბიდარის ხეობაში თვალში მოგხვდებათ მოყვითალო – ჟანგისფერი ფერდი, რომელზეც მინერალური წყალი მოედინება, რის გამოც ამ ფერდს ასეთი უცნაური შეფერილობა აქვს.
სტეფანწმინდის დასახლების ყველა კუთხიდან მყინვარწვერი იგივე "ხევის პატარძალი" მოჩანს. მის ფონზე კი "გერგეტის სამება" – მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილზეა აგებული.
გზაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლება, სტეფანწმინდა (ყაზბეგი) დღეს მზად არის თანამედროვე სტანდარტებით ქართველ და უცხოელ ტურისტებს უმასპინძლოს. აქტიური დასვენების მსურველებს ამ ადგილიდან ყაზბეგის სხვადასხვა ხეობაში (მყინვარის, ჭაუხის, ხდეს, გველეთის და დარიალის) გავიდეს.
ლარსის იქით, უკვე რუსეთის ტერიტორიაა და ხეობაში ნახევარი საათის სავალია, რომლის შემდეგაც გზა სწორდება და ვლადიკავკაზში შედის.
ამ საინტერესო გზის ქართული მონაკვეთის ბოლოს, დარიალის ხეობაა, სადაც ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე კი ცოტა ხნის წინ ახალი, გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსი აშენდა. ყველა ამ მონაცემის, პუნქტისა და პარამეტრის გათვალისწინებით, საქართველოს სამხედრო გზა საოცრად საინტერესო მონაკვეთია.
მოამზადა ლალი ფაციამ