დახურული პოლიტიკური თოქ-შოუები და ეთერიდან მოხსნილი წამყვანები,- ეს არის თემა, რომლის ირგვლივ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სხვადსხვა არხის ჯურნალისტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს. არის თუ არა მედიაში მიმდინარე მოვლენები "ხელების გადაგრეხის" პოლიტიკა და ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ბრძოლის ველის მოსუფთავება და ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი მსგავს განცხადებას არასერიოზულს და ღიმილის მომრგველს უწოდებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ტელევიზიიებიდან პოლიტიკური გადაცემები ხელისუფლების ჩარევით გააქრეს.
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2" ამ შეტევას გაუძლებს.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მეორე წრეზე აპირებს წასვლას - 2012 წელს იყო უკვე მცდელობა, რომ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები გადაებირებინათ ძალიან დიდი ფულის ფასად: მიჰყავდათ აბსოლუტურად ყველა, დაწყებული ცნობილი ჟურნალისტებიდან, დამთავრებული ტექნიკური პერსონალით, ოღონდ კი შიგნით რღვევა დაწყებულიყო, თუმცა არ გამოუვიდათ და ჩვენ მაშინ ეს ბრძოლა, პრაქტიკულად, უდანაკარგოდ დავასრულეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთ შემოტევასაც გავუძლებთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.
გრიგოლია იმედზე გადაცემების დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.
"მაქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ავტორიც არის ბიძინა ივანიშვილი. როცა იხურება პოლიტიკური თოქ-შოუ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქვე მინდა მივმართო "ოცნებას", რომ თოფაძეს ხშირად ნუ გააკეთებინებთ განცხადებას, რადგან რასაც შიგნით ამბობთ, ხშირად გარეთ გამოაქვს" - აღნიშნა გრიგოლიამ.
საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და წამყვანის კითხვებს უპასუხა, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პოლიტიკური შოუს წამყვანმა, ეკა მიშველაძემ.
გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის და "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის წყვილზე თვალთვალი ხორციელდებოდა. მიშველაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს.
მოგვიანებით გადაცემაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ჩაერთო, რომელსაც მიშველაძის თვალთვალის შესახებ, კითხვით მიმართა ჟურნალისტმა მერაბ მეტრველმა.
სესიაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.
"მედია პალიტრის" ჟურნალისტის და ტელე/რადიო წამყვანის მერაბ მეტრეველის თქმით, ხელისუფლება ერთ წრეზე ტრიალებს, რადგან როცა იგრძნობს ძალაუფლების შესუსტებას, მედიას ესხმის თავს. ამის მაგალითად მან "იმედში" 2007 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება მსგავსს არ გააკეთებს.
სწორედ იმ დროს, როცა მიშველაძე წამყვანის კითხვებს პასუხობდა, ალექსი პეტრიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ეკა მიშველაძეს შემდეგი ტექსტით მიმართა: ეკა! თუ ძალიან უხერხული არ იქნება, ლიკანი წამოიღე რააა :))))))))"
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემის წამყვანს მიმართა, რომ ნუ მოერიდებათ ხმამაღლა განაცხადონ, რომ ერთი პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს ემსახურებიან, რაზეც გაბუნიამ უპასუხა, რომ მისი რჩევა "რუსთავი 2"-ს არ სჭირდება.