საქართველოში, ქართული მენტატილეტისა და ტრადიციების გავლენა საზოგადოების შეხედულებებზე აისახება. არსებობს სხვადასხვა საკითხები, რომლებზეც მსჯელობის დროსაც შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებები გამოვლინდეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული რეზონანსი აქვს ყოველთვის, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენაა.
ქალის მიმართ, რომელიც შვილს ქორწინების გარეშე აჩენს, რამდენიმე წლის წინ ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულება იყო. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, საზოგადოების ძირითადი ნაწილი იმ აზრს ემხრობოდა, რომ ქალმა უნდა შექმნას ოჯახი და ასე გააჩინოს შვილი. თუმცა დღეს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. AMBEBI.GE-სა და "პალიტრა TV"-ის მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ საინტერესო ტენდენციები გამოკვეთა.
გამოკითხვის ამ შედეგების განზოგადების პრეტენზია რედაქციას არ აქვს, თუმცა საინტერესოა ტენდენციები, რომელიც ამ მცირე გამოკითხვამ გვიჩვენა.
გამოკითხვამ განსხვავებული ტენდენციები გამოავლინა. მცირე ნაწილისთვის მიუღებელია ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა. ზოგი თვლის, რომ ეს დადებითი მოვლენაა, უმეტესობა კი აღნიშნავს, რომ ეს ქალის უფლებაა და მისი გადასაწყვეტია, გააჩენს თუ არა შვილს ქორწინერბის გარეშე. გამოკითხვის შდეგების მიხედვით, საზოგადოება, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მეტად სცემს პატივს ქალის პიროვნულ არჩევანს. არის თუ არა მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შეიცვალა, და რა საფრთხეების წინაშე აყენებს ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს ქალის ასეთი არჩევანი, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ესუბრა.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ეს თემა სერიოზულია და ფუნდამენტური კვლევას მოითხოვს, თუმცა, ზოგადად, საზოგადოებაში შემწყნარებლობის არსებობა მნიშვნელოვანია:
"მნიშვნელოვანია შემწყნარებლობა, როგორც ფასეულობა საზოგადოებაში. ისეთი საკითხი, როგორიც არის შობადობა და ქალის სურვილი, რომ მან ბავშვი შვას ქორწინების გარეშე და მარტოხელა დედის სტატუსი თავის თავზე აიღოს, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და საკუთარ თავზე ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. თუ საზოგადოება ამას შემწყნარებლური პოზიციიდან განიხილავს, ეს ერთის მხრივ ნიშნავს, რომ საზოგადოება პიროვნებას აკისრებს პასუხსიმგებლობას და მისი გადაწყვეტილება და თავისუფალი არჩევანი პატივისცემის საგანი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ბავშვის ამქვეყნად მოვლინება და საერთოდ, ბავშვის გაჩენა, როგორც ფასეულობა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.
მისივე თქმით, როდესაც ქალი ბავშვის გაჩენას ქორწინების გარეშე გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, რადგან ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი ტრავმის მიღების საშიშროების წინაშე დგას. თუმცა როდესაც ბავშვი უკვე ჩასახულია, მისი დაბადება სწორი არჩევანია:
"არასრულფასოვან ოჯახში აღზრდილი ბავშვი უკვე ტრავმატიზაციის რისკის ჯგუფშია. როდესაც დედა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის მნიშვნელოვნად უნდა იყოს ინფორმირებული იმ რისკების შესახებ, რომელიც ამ თვალსაზრისით, ბავშვის ფსიქოლოგიაშია ცნობილი. ქალის ეგოცენტრული მოტივაცია, რომ მას შვილის ყოლა და დედის ინსტიქტის რეალიზაცია სურს, არ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი ბავშვის ინტერესები. თუმცა ეს მაშინ, როცა ქალი ამ საკითხზე ფიქრობს. როდესაც ბავშვი უკვე ჩასახულია, ბავშვი უნდა დაიბადოს. სიცოცხლეზე მაღალი პრიორიტეტი არ არსებობს", - ამბობს თეა გოგოტიშვილი.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE