გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" გუშინ წამყვანის შეკითხვებს ჟურნალსტმა ეკა მიშველაძემაც უპასუხა. გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის და "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის წყვილზე თვალთვალი ხორციელდებოდა. მიშველაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა თვალთვალის ფაქტი არ უარყო. როდიდან უთვალთვალებდნენ და რა ფორმით წყვილს, ეს იყო სატელეფონო მოსმენა, ფარული თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ინფორმაციის შემცველი აუდიო ან ვიდეოჩანაწერები, ამის გარკვევას AMBEBI.GE ეკა მიშველაძესთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
- მეტ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ. რთული არ არის იმის გაგება, გითვალთვალებენ თუ - არა. სანამ ჩვენ ოჯახს შევქმნიდით, დიდი ხნით ადრე დაიწყო ჩვენი თვალთვალი შესაბამისი სამსახურის მიერ.
- აპირებთ თუ არა ამ საკითხზე სამართალდამცავებს მიმართოთ?
- ამ თემაზე საუბარი მე უკვე დავასრულე.
AMBEBI.GE მიშველაძის და პეტრიაშვილის ფაქტთან დაკავშირებით კამპანია "ეს შენ გეხებას" ერთ-ერთ ავტორს, ლაშა ტუღუშს დაუკავშირდა.
"ეს შენ გეხებაში" ბევრი ორგანიზაციაა გაწევრიანებული და ამ კუთხით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვიტყვი. ასეთი ინფორმაციის მოსმენა არ არის სასიამოვნო, ცუდია ასეთი ფაქტი. ეს მუდმივად გვახსენეს იმ ავბედით დროს, როცა მასიური ხასიათი ჰქონდა ასეთ ქმედებებს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად ჩაატარონ გამოძიება. ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა დაუშვებელია. ისინი მეუღლეები არიან და ძნელია ასეთი ინფორმაციის მოსმენის დროს სიმშვიდის შენარჩუნება. ეს აღმაშფთებელი ფაქტია, ამას პასუხი უნდა გაეცეს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება, - ამბობს ლაშა ტუღუში.
მართალია, ეკა მიშველაძე დუმს და არც იმას ამბობს, მოითხოვს თუ არა მისი თვალთვალის ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას, სამაგიეროდ არ დუმს და ხმამაღლა აფიქსირებს პოზიციას "ფეისბუქ-საზოგადოება".
მერაბ მეტრეველი:
ეს ისეთი ფაქტია, რომელმაც, თუ დადასტურდა, შეიძლება ეს ხელისუფლება დაამთავროს! ამიტომ არ უნდა წავუყრუოთ!
ზაზა ბიბილაშვილი:
ფარული მოსმენების კანონი ხომ გახსოვთ? აი, ის, პრეზიდენტმა რომ ვეტო დაადო. იმ კანონზე უმრავლესობამ ვეტო დაძლია, რათა ბიძინა ივანიშვილს კანონიერად ესმინა და ეყურებინა ჩვენთვის. არ გაგიკვირდებათ და, უსუფაშვილები და მეჭიაურები მაგ საქმეშიც ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ.
სალომე ასათიანი:
ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ამბავი და არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც თავის დროზე ლანგარზე მიართვეს ავტორიტარული მმართველობის მექანიზმები - თვალთვალის და შანტაჟის ჩათვლით - ისინი კეთილი ნებით დათმოს. მითუმეტეს ვიცით, რომ თვისებრივი ცვლილება და სტრუქტურული ტრანსფორმაცია არ მომხდარა, თუნდაც მოსმენების უფლებასთან მიმართებით. ხოლო არჩევნების მოახლოების და რეიტინგის ვარდნის ფონზე ეს მექანიზმები სულ უფრო და უფრო "საჭირო" გახდება. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი მეტი გავიგოთ თუნდაც ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ.
თამარ ოჭორიშვილი
AMBEBI.GE