ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი 2015 წლის 13-20 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალი წელს მეათედ ტარდება. იგი 2006 წელს დაარსდა და უკვე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქ. ბათუმის მერია.
წელს ფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ოთარ იოსელიანი, მერაბ ნინიძე, ნასტასია კინსკი, ნიკი კარიმი, მაია კომოროვსკა, ზელიმირ ზილნიკი, ლანა ღოღობერიძე, ბაკურ ბაკურაძე. კინოფესტივალს დაესწრებიან მონაწილე ფილმების რეჟისორები, მსახიოებები და ასევე ინდუსტრიული პლატფორმის კუთხით წარმოდგენილი პროდიუსერები და კინოინდუსტრიის ექსპერეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
საავტორო კინოს ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას გახსნის ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი - „ზამთრის სიმღერა“, (საფრანგეთი / საქართველო, 2015წ. 117 წთ.).
საავტორო ფილმების ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
- საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები
- დიდოსტატთა კოლექცია
- ქართული პანორამა
- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
- რეტროსპექტივები
- “SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
- მასტერ-კლასები
2015 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).
კინოფესტივალის ჟიურისა და რეტროსპექტივის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://gobatumi.com/ge/what-to-do/festivals-2015/biaff-2015/231, ისევე როგორც ფესტივალის ვებ-გვერდსა და სოც.მედიის გვერდზე: http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;