მრავალი საკითხის მსგავსად, უცხოელზე ქორწინების თემისადმი დამოკიდებულება საქართველოში, დროთა განამავლობაში იცვლება. თუმცა, გლობალიზაციის მომხრე ადამიანი ყველა ეპოქაში მოიძებნებოდა. თუ ადრე ქართული საზოგადოებისთვის დიდი ნაწილისთვის უცხოელზე ქორწინება გარკვეული მიზეზების გამო მიუღებელი იყო, დღეს დამოკიდებულება შეიცვალა. "პალიტრა TV"-მ და AMBEBI.GE-მ მცირე გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
რედაქციას გამოკითხვის შდეგების განზოგადების პრეტენზია არ აქვს, თუმცა მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმ ტენდენციების გაცნობა, რომლებიც გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.
გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობის დროს ეროვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც რელიგიაზე გაამახვილა ყურადღება. ერთერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ისიც აღნიშნა, რომ უცხოელ ქალს ცოლად არ მოიყვანდა, რადგან ეს არ აღიქმება ქართულ ტრადიციულ ქცევად.
რაზე მეტყველებს ახალგაზრდების სურვილი, იქორწინონ უცხოელზე და შეიცავს თუ არა რამე საფრთხეს ეს ტენდენცია, ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა.
ფსიქოლოგის თქმით, ადამიანების სურვილი, შექმნან ოჯახი უცხოელთან, ციფრული ტექნოლოგიის ეპოქის გავლენითაა ნაკარნახევი:
"ჩვენ ახლა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და კულტურული საზღვრები საერთოდ აღარ არსებობს. ეს არის ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის შედეგი. კულტურულ სივრცეში სიტყვა უცხოელი აღარ არსებობს. ახლა უცხოელი უფრო პოლიტიკური ცნებაა, ვიდრე კულტურული, ვიდრე სოციალური და ვიდრე ეკონომიკური. და მალე თავის მნიშვნელობას აქაც დაკარგავს. ეს ბუნებრივია, რომ ტერიტორიული კუთვნილება უკვე არსებითი არ არის და კულტურული იდენტობა საერთო, ერთიანი და გლობალურია", - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა.
მისივე თქმით, შერეული ქორწინება ეთნოსის გაჯანსაღებას უწყობს ხელს: "გენეტიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტია შერეული ქორწინება, მით მეტად ჯანსაღი ხდება ეთნოსი და თაობა. შერეული ქორწინება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ის, რომ თვითიდენტობის საკითხი, ეროვნული კუთვნილება უკვე სუსტდება, ეს ფაქტია. ეს შეუქცევადი პროცესია. ეს არის გლობალიზაცია. ციფრული ტექნოლოგიის რეზულტატი", - ამბობს ფსიქოლოგი.