საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დღეს, პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ქაშიბაძემ მონაწილეობა მიიღო პლენარულ სესიაზე "ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები - თანამშრომლობა ინოვაციებისათვის" და გამოსვლაში ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაში ინოვაციების წახალისების განსაკუთრებულ როლს, გამოხატა მზაობა თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისათვის.
ირაკლი ქაშიბაძის თქმით, უმნიშვნელოვანია საქართველოს შესახებ ინფორმაცია ევროპაში ისეთი საერთაშორისო დონის ფორუმებიდან და ტრიბუნებიდან ისმოდეს, როგორიც კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმია.
ეკონომიკური ფორუმი 8 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. მასში 60 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სტუმარი - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები მონაწილეობენ.
კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი პოლონეთის ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. წელს რიგით 25-ე კონფერენცია იმართება.