რა უნდა პაატა ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში?!

რა უნდა პაატა ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში?!

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი, ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდება და ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე იქნება.

ამავე ინფორმაციით, საჯარო რეესტრში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი, 2015 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე ბოლოს დროს ხშირად საუბრობენ, თუმცა მომღერალი და ქველმოქმედი ამბობს, რომ თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტს უწმინდესისგან კურთხევას აუცილებლად აიღებს. (გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან)

"თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ", - ეს განცხადება მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა, ქველმოქმედმა პაატა ბურჭულაძემ ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მანვე ბრძანა: "ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს! ამას ყველა ლიდერი მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული... რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფ-რო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგა¬დოებას". კითხვაზე, მისთვის პატრიარქს თუ უთხოვია პოლიტიკაში მოსვლა, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა: - "არასოდეს! პატრიარქი არავის სთხოვს ამას".

მოკლედ, უკვე ამ ინტერვიუში კარგად გამოჩნდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას მსოფლიო ბანი კატეგორიულად არ გამორიცხავს, ამ ორიოდე დღის წინ კი ქართული მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს შემოდგომისთვის გადადგამს. მეტიც, პაატა ბურჭულაძე უკვე რეგიონებში აქტიურობს და მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება.

შეგახსენებთ, საოპერო მომღერალი წლებია ქველმოქმედებითაა დაკავებული. "ერთად გადავარჩინოთ მომავალი" - ამ მოწოდებით 2004 წელს პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" დააარსა, რომლის მთავარ იდეად ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების თავშესფრით უზრუნველყოფა გამოცხადდა. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ბურჭულაძე საპატრიარქოს სრული მხარდაჭერით სარგებლობდა და ეკლესიის ფავორიტი იყო.

მართალია, საქართველო ოფიციალურად სეკულარი სახელმწიფოა, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ეკლესიის როლი მაინც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირების ნაწილის სურვილი ჩაერიონ და გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმდენად დიდია, რომ ისინი წმინდა სინოდის დადგენილებასაც კი უგულვებელყოფენ, რომელიც ეკლესიის მსახურებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას უკრძალავს. თავის მხრივ, არც პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები იხევენ უკან რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან. ქართული საზოგადოება ამის მაგალითებს თითქმის ყოველ კვირას საკუთარი თვალით ხედავს, როდესაც დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები მისი უწმინდესობის, ილია მეორის ქადაგებებს საკუთარი ინტერპრეტაციით აწვდიან საზოგადოებას და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ამ გზით ცდილობენ.

მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის ამბიციებს უკავშირდებოდეს, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია პოლიტიკურ ველზე ავტორიტეტიანი მოთამაშეების მკვეთრი დეფიციტია.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."