ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად დაზარალებულები: ნახევარ მილიონამდე ქართველი, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული

ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტად დაზარალებულები: ნახევარ მილიონამდე ქართველი, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული

მე ვერ დავგეგმავ ახალი ავტომობილის შეძენას და ვერ ავიღებ სესხს, თუ ზუსტად არ მეცოდინება მომდევნო 2-3 წელი რა იქნება და გამეზრდება თუ არა ყოველთვიური ხარჯი, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე კომერციულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში, კერძოდ კი დოლარში სესხზე მოთხოვნის შემცირებას. კეპულაძე ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სესხებზე მოთხოვნის შემცირება დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესის დაწყებიდან. ორგანიზაციის თავმჯდომარე ამის განმაპირობებელ სამ მთავარ მიზეზს ასახელებს - ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკის მდგომარეობა და გაუარესებული მოლოდინები.

კეპულაძის ინფორმაციით, ბოლო 6 თვის მონაცემებით, სესხების გაცემა შემცირებულია, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაზე.

"შედარებით მოიმატა მაისში და ივნისში სესხების გაცემამ ლარში, მაგრამ დოლარში იანვრის შემდეგ, სესხების გაცემა სულ კლებაშია. ივლისის მონაცემებით, 1 080 560 სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული ლარში, ხოლო დოლარში 33 698 ხელშეკრულება, როდესაც დოლარში წინა წლის ოქტომბერში იყო 52 747 ხელშეკრულება. ფაქტია, რომ სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია და ეს გამოწვეულია იმით, რომ ხალხს ურჩევნია აღარ აიღოს უცხოურ ვალუტაში სესხი, რადგან მოლოდინი უარესის აქვს".

კეპულაძე დოლარში სესხების მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ცუდ მოლოდინებს ასახელებს. მისივე თქმით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ცუდი მოლოდინების გაბათილებისთვის და დადებითი მოლოდინების შექმნისთვის ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

"როდის არ იღებს სესხს ადამიანი, -  როდესაც ეშინია ხვალ რა იქნება. მე ვერ დავგეგმავ ახალი ავტომობილის შეძენას და ვერ ავიღებ სესხს, თუ მომდევნო 2-3 წელი ზუსტად არ მეცოდინება რა იქნება და გამეზრდება თუ არა ყოველთვიური ხარჯი. დადებით მოლოდინს ჩვენ მოქალაქეებს და მომხმარებლებს არაფერი უქმნის. ჩვენს მოქალაქეებს ძირითადად უარყოფითი მოლოდინები აქვთ ეკონომიკური მომავლის. ეს არის უარყოფითი ტენდენცია. ამ უარყოფითი მოლოდინების გაბათილებაზე და დადებითი მოლოდინების შექმნაზე უნდა იმუშავოს ერთობლივად მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა. არ შეიძლება ერთმანეთზე თავდასხმები, მითუმეტეს მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე. ეს უარყოფით მოლოდინს აჩენს ჩვენს ინვესტორებში, ასევე არარეზიდენტ მომხმარებლებში, რომლებიც ჩვენი ბანკებით სარგებლობენ. ისინი უყურებენ ამ მდგომარეობას და ძალიან დიდი უნდობლობა ჩნდება ქვეყნის ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ და ისინი გაცილებით ფრთხილად მოეკიდებიან სესხის აღებასაც და დეპოზიტის გახსნასაც. ამიტომ არის საჭირო, რომ ერთიანი პოლიტიკა იყოს და ჩანდეს, რომ ყველაფერი რიგზეა მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში კრიზისია და ა.შ.", - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, სესხებზე მოთხოვნის შემცირება ნაკლები ადამიანის დასაქმებასაც გამოიწვევს.

"ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უი, რა კარგია, ხალხი ნაკლებ ვალს იღებს, მაგრამ ნაკლები სესხის აღება, როგორც იურიდიული პირებისგან, ასევე ფიზიკური პირებისგან ნიშნავს, რომ ნაკლები ფული ტრიალებს ეკონომიკაში, ნაკლები ადამიანი დასაქმდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ დადებილი მოლოდინი, ცდილობენ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას და ვერ ფიქრობენ განვითარებას. ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ კავშირშია. ეკონომიკაში ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ვალუტის გაუფასურება პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - აღნიშნა "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა.

კეპულაძე აღნიშნავს, რომ დღეისათვის 500-600 ათასამდე ადამიანს აქვს ვალი უცხოურ ვალუტაში სესხი.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ყოველთვიურად გაეზარდათ მომსახურება ამ სესხის. ამ ადამიანებს ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდათ, გასავალი კი გაეზარდათ, ამ დროს კი ხელფასი იგივე დარჩათ. ხელფასის მომატების პერსპექტივა ნაკლებია, რადგან ბიზნესი ხელფასებს ვერ გაზრდის, რადგან ყველა მიმართულებით ვხედავთ გაყიდვების შემცირებას. ფიზიკური პირები ერიდებიან დამატებითი ხარჯების აღებას, თუნდაც რემონტის გაკეთებისთვის, უძრავი ქონების შეძენისთვის, სამომხმარებლო სესხის აღებას და ა.შ. ისინი ცდილობენ თავი გაიტანონ და პლიუს ამას ემატება კომუნალური გადასახადების გაზრდა, სხვა გადასახადების გაზრდა, ინფლაციაც მიზნობრივ მაჩვენებელსაც ფაქტობრივად გადაცდა", - აღნიშნა კეპულაძემ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია