ინციდენტი მოხდა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში. 17 წლის გოგონას ნათესავები 21 წლის ვახა ტოხოსაშვილის ახლობლებს სახლში მიუვარდნენ. გოგონას ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და პანკისში ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა, მამაკაცებმა წაიყვანეს იმ მიზნით, რომ სირიაში საცოლედ გაუგზავნონ 21 წლის ვახა ტოხოსაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთ დაჯგუფებაში იბრძვის.
ინციდენტს კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი შეესწრო. არასრულწლოვანი გოგონა აცხადებდა, რომ ის ვახა ტოხოსაშვილის მამიდაშვილს ომალოდან ჯოყოლოში ნებით გამოყვა და თანახმაა სირიაში წავიდეს.
გოგონას გათხოვების და სირიაში გაგზავნის წინააღმდეგები არიან მისი ნათესავები. გოგონას დეიდა ამბობს, რომ გუშინ გოგონას ბიძას სირიიდან დაუკავშირდნენ და თავის მოჭრით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ გოგონას სირიაში გაგზავნაზე უარს იტყოდა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას ბიძამ დაუდასტურა. მისივე თქმით, ზეწოლა გოგონაზეც განხორციელდა.
პოლიცია დაპირისპირების ადგილზე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გამოჩნდა. მათ გოგონა ტოხოსაშვილის ნათესავების სახლიდან გამოიყვანეს და დაკითხვაზე დუისის ქვეგანყოფილებაში გადაიყვანეს.
დღესვე პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან გოგონას დედაც ჩამოვიდა. მისი თქმით, ის შვილის გათხოვების კატეგორიული წინააღმდეგია, მითუფრო სირიაში. გოგონას დედა ითხოვს, სამართალდამცავებმა დააკავონ ყველა ის პირი, რომელიც პანკისიდან გოგონებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, სირიაში ქისტ მებრძოლებს საცოლედ უგზავნის.