ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში ვითარება დაიძაბა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა გახშირდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ერაყში საჯარისო ნაწილები შეიყვანა და "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლების წინააღმდეგ მოკლევადიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თავად ქვეყანაში კი ვითარება იქამდე მივიდა, რომ ქურთებით დასახლებულ ქალაქ ჯიზრეში დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც 8 დღე გაგრძელდა. ამ ქალაქში შეტაკებებს ათობით ადამიანი შეეწირა. რა გავლენას იქონიებს მეზობელ და პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი ვითარება საქართველოზე და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში? - გვესაუბრება ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია:
- მოდი, გავიხსენოთ, თურქეთში ტერორიზმის თვალსაზრისით ბოლო წლებში რა ვითარება იყო. თურქეთი რამდენჯერმე იქცა "ალ-ქაიდას" სამიზნედ, გარდა ამისა, თავად თურქეთში რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, მათ შორის""ქურთთა მუშათა პარტია", თუმცა პირადად მე თავს შევიკავებდი მისი ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებისგან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის აშშ-მა არაერთხელ შეიყვანა, ევროპის ბევრ ქვეყანაში მას ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავენ. სულ რამდენიმე დღის წინ 13 წელი შესრულდა ამ პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის დაპატიმრებიდან. როგორც წესი, ამ თარიღს ყოველთვის თან სდევს საპროტესტო აქციები და ქურთების გამოსვლები. თუმცა დღეს შექმნილი ვითარება წინა წლებისგან განსხვავებულია. მოგეხსენებათ, ოჯალანს თურქულმა სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა - ჩამოხრჩობა მიუსაჯა, თუმცა განაჩენი არ აღსრულდა და დღეს ის თურქეთის ხელისუფლების მძევალია და, ფაქტობრივად, ირიბად ჩართულია "ქურთთა მუშათა პარტიასა" და თურქეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებაში.
ამ ორგანიზაციის იდეოლოგია არ ეყრდნობა არანაირ რელიგიურ საფუძველს, ის არის მარქსიზმთან მკაფიოდ დაახლოებული ძალა, რომელიც ბოლო წლებში ყველაფერს აკეთებდა, რათა დასავლელი სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა მოეპოვებინა. მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთანაც. მეტიც, რუსეთს ადანაშაულებდნენ, რომ "ქურთთა მუშათა პარტიის" ბაზები არსებობდა მის ტერიტორიაზე, კერძოდ, იაროსლავის ოლქში.
ამ პარტიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა სომხეთთან. ქურთთა პრობლემა წლების განმავლობაში იდგა თურქეთის წინაშე, დღეს კი ის განსაკუთრებულად გამწვავდა. ეს პრობლემაა ირანის, ერაყისა და სირიისთვისაც, სადაც ეთნიკურად ქურთების დიდი ანკლავებია. იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც სირიაში განვითარდა, "ქურთთა მუშათა პარტიამ" მყარი პლაცდარმი სწორედ სირიაში პოვა. დღეს უკვე აშკარაა, რომ თურქეთი უფრო დიდ ხიფათს ხედავს სწორედ "ქურთთა მუშათა პარტიისგან" და არა "ისლამური სახელმწიფოსგან".
- რატომ, რეალურად გაჩნდა პერსპექტივა, რომ იმ არეულობაში, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთშია, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს შეუქმნის?
- დიახ, ეს რეალური საფრთხეა. მართალია, ოფიციალური ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თურქული მონაცემებით, თურქეთში მცხოვრები ქურთების რიცხვი 8-დან 12 მილიონამდეა. თავად "ქურთთა მუშათა პარტიის" მტკიცებით კი ეს რიცხვი 20 მილიონს აჭარბებს. ფაქტია, რომ დღეს ქურთების ყველაზე დიდი ანკლავი თურქეთშია.
იხილეთ გაგრძელება