რა ხდება პეკინის #23-ში?- მორიგი საპროტესტო აქცია

რა ხდება პეკინის #23-ში?- მორიგი საპროტესტო აქცია

პეკინის #23-ში კომპანია "ელზუროს" წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის, "საპოვნელას" შენობის ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აგებას აპროტესტებენ. მომიტინგეების თქმით, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და საკუთარი პირობები გააცნეს.

"ჩვენ შევხდვით საბურთალოს მაჟორიტარს, დავით უსუფაშვილს. მას გავაცანით ჩვენი პრობლემები, რომ აქ მშენებლობის დაწყება გარშემომყოფი ავარიული საცხოვრებელი კორპუსების კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს. ველოდებით ასევე დავით ნარმანიასთან შეხვედრას. ჩვენ ხელისუფლებას მშენებლობის შესაჩერებლად და შემხვედრი ნაბიჯების გადმოსადგმელად სამი დღის ვადას ვაძლევთ. იმ შემთხვევაში თუ ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიას ტექნიკა არ დატოვებს, ჩვენ არ შევჩერდებით და გადავკეტავთ გზას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარეხ გელაშვილმა.

საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არა ამ უბნის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა. "ეს არა მარტო ამ უბნის, არამედ ამ ქალაქის და ამ ქვეყნის პრობლემაა. საჭიროა პროტესტი იყოს ძლიერი, რომ გამოიბერტყოს ყურები დედაქალაქის მერიამ და ხეების ჭრის ნაცვლად ადამიანებს მოუსმინოს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საბავშვო ბაღისა და ხეების ნაცვლად კორპუსების აშენება დაუშვებელია.

"თბილისში საშინელი პრობლემებია საბავშვო ბაღების და ბაღებში ბავშვების ადგილების კუთხით. დავით ნარმანია თავს იქებს, რომ საბავშვო ბაღებს აშენებს. კი ბატონო, შენდება საბავშვო ბაღები მართლა, თუმცა რატომ ანგრევ საბავშვო ბაღს იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია ამ კუთხით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე კი მიიჩნევს, რომ მშენებლობის უკან სახელმწიფოს მაღალჩინოსნები დგანან.

"კომპანიამ მრავალმილიონიანი ქონება ფაქტობრივად უფასოდ ჩაიგდო ხელში. ეს ადამიანი, ვინც ამის მფლობელია, ზურაბ გამეზარდაშვილი არის შს მინისტრის მოადგილე და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მშენებლობას სწორედ მაღალჩინოსნები მფარველობენ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით: "არ დაგანებებთ საცხოვრებელი კორპუსების დანგრევას". საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული მოქალაქეა შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია ასევე საპატრულო პოლიცია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია