პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან ინტერვიუს ჩაწერა მოასწრო.
თბილისის ყოფილმა მერმა ციხეში გატარებულ დღეები გაიხსენა.
"მთავარი გამოწვევა ჩემთვის არის მარტოობა, იმიტომ რომ ხანდახან გრძნობ, რომ ქვედა ყბის ატროფია გეწყება, ეს არის ერთის მხრივ უნიკალური გამოცდილება, რომელიც ემოციურად მთელი ცხოვრება გაგყვება. თითქოს რაღაც მესამე თვალს გიხსნის, მეორე ნაპირიდან უყურებ ცხოვრებას. რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ მომეპოვებინა ლამპა. ერთი სარკმელი აქვს ჩემს საკანს, მაგრამ საკმარისი სინათლე არაა, ჩემთვის კი კითხვა მთავარი საქმეა იქ. თან იქ შემიგროვდა ჩემთვის საინტერესო ბიბლიოთეკა. ცხოვრებას იწყობ იქ, შენ უნდა გაათვითცნობიერო, რომ ეს შენი ახალი ცხოვრების წესია," - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ქალაქის ყოფილმა მერმა მისთვის პაემანის უფლების არქონაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურა არადამაჯერებელ არგუმენტს ასახელებდა. უგულავას როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფს პაემანით სარგებლობის უფლება არ ქონდა.
"ეს ცალკე ცინიზმია. მესმის, რომ მათი პასუხი ფორმალურია, მაგრამ ეს ფორმალური პასუხიც ბიუროკრატიამ უნდა გაათვითცნობიეროს. მაგალითად მეუბნებიან, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უარს გეუბნებით პაემანის უფლებით სარგებლობაზე, ე.ი. გამოძიების ინტერესია მე შევხვდები თუ არა 5 წლის ბავშვს? გავიგე, რომ ეს სტანდარტული პასუხია, მაგრამ ეს პასუხი სამართლიანობის განცდის ინსტიქტებს ანგრევს," - განაცხადა გიგი უგულავამ.