ამერიკაში, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გელა ჯოხაძე გარდაცვილილი იპოვეს. როგორც მისმა ძმამ, ომარ ჯოხაძემ გვითხრა, გელა 16 წლის განმავლობაში პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში ცხოვრობდა და სამშობლოში პირველად წელს ჩამოვიდა. აქ ერთი თვე დარჩა და ისევ ამერიკაში დაბრუნდა, - დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ის მისმა უახლეოსმა მეგობარმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
ომარ ჯოხაძე:
- გელა ერთ-ერთი ის ჟურნალისტი იყო, ვინც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, მისი ჩამოყალიბების დროს მუშაობდა. შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ის და "რუსთავი 2" -ის კიდევ ერთი თანამშრომელი, გოგიტა ლეკვეიშვილი ამერიკაში წავიდნენ...
- იქ რაზე მუშაობდა?
- მშენებლობაზე, მაგრამ ამავდროულად თავის პროფესიას, ფოტოხელოვნებასა და ოპერატორობას ბოლომდე ვერ შეელია. ძალიან დიდი არქივი აქვს შექმნილი, სადაც როგორც საქართველოს იმ წლების ცხოვრება, ისე იქაური ქართველების ყოფაა თავმოყრილი, მათ შორის ქართული ეკლესიის დაარსება, ასევე, დოკუმენტური ფილმ "გუთანზე" მუშაობის დეტალები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა აქვს... გელა აქედან ჩასული ქართველი ჟურნალისტების მასპინძელი იყო.
- 16 წლის განმავლობაში წელს პირველად ჩამოვიდა სამშობლოში?
- დიახ, აქამდე ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა, წელს 30 ივლისს ჩამოვიდა და 2 სექტემბერს გავაცილეთ და 3-ში გარდაიცვალა...
- რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?
- რამდენიმე ვერსია არსებობს. საქმე ის არის, პროფესიით ექსპერტ-კრიმინალისტი ვარ, მუშოაბის 21-წლიანი სტაჟი მაქვს და ჩემი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. როგორც კი ფილადელფიაში ჩაფრინდა და სახლში მივიდა, სკაიპით დაგვირეკა, - კარგად ვიმგზავრეო. სახლიში იყო. სკაიპით მაქვს ნანახი მისი სახლი და ვიცანი იქაურობა. საუბრის შემდეგ, ძალიან დაღლილი იყო და თან ტანისამოსს იხდიდა, - თქვენ არ დამირეკოთ, როგორც კი გამოვიძინებ, მე თვითონ დაგირეკავთ, - გვითხრა. გავიდა დრო, მაგრამ არ შეგვეხმიანა. ყველა სოციალური ქსელიდან ვეცადე დაკავშირებას, მობილურზე ვურეკე, მაგრამ არ პასუხობდა. ჯერ გამიკვირდა, მერე ცუდად გავხდი, ეტყობა გულმა მიგრძნო ეს საშინელება. შემდეგ, მის იქაურ მეგობარს, "რუსთავი 2"-ის ყოფილ თანამშრომელს, გია კიწმარიშვილს დავურეკე, - გელას ვერ ვუკავშირდები და იქნებ დამეხმარო-მეთქი... გელასგანვე ვიცოდი, რომ საქართველოში ვიღაცებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და წასვლისას რამდნჯერმე ვთხოვე, - ფრთხილად იყავი-მეთქი. ერთი სიტყვით, ეჭვები მქონდა...