ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში. ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი იოაკიმე და ანნა ნაზარეთში ცხოვრობდა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ანნა - აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც გულით იცავდნენ. ისინი ჩემომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ ცნობილნი.
ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო გამსჭვალული. მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ-მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მწუხარებით ავსებდათ: იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფელად და სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო, რომ დავითის შთამომავლებს იმედი ჰქონდათ, რომ მათგან აღთქმული მესიის შობით - კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ.
50 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ უშვილობას აყვედრიდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მას უყვარდა ანნა და პატივს სცემდა, მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად ერთად იტანდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას და იმედს არ კარგავდნენ.
დიდ დღესასწაულებზე იერუსალიმში ადიოდნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რომ თანამემამულეებთან ერთად, მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, უშვილობა აყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა". სხვებმაც, ვინც იქ ესწრებოდნენ, დაუმატეს: "შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი". იოაკიმესთვის მძიმე იყო ამგვარი ყვედრების ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ღამე ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა, შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ეს ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ტიროდა და ღმერთის წინაშე ლოცულობდა. უეცრად მას ღვთის ანგელოსი გამოეცხადა და უთხრა: "ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს".
ანგელოსმა ანნას დაავალა, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. სიხარულით აღვსილმა ანნამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს". ამ აღთქმის შემდეგ იერუსალიმისკენ ისწრაფა, რათა უფლისთვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად უდაბნოში იყო და უთხრა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".
ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს. მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან დეკემბრის მეცხრე დღეს დღესასწაულობს მოხუცებული, შვილიერებას მოკლებული მშობლებისგან ღვთისმშობლის მუცლადღებას; რადგანაც ბავშვის დაბადება ღვთის განსაკუთრებულ წყალობად მიიჩნეოდა, რადგანაც საჭირო იყო, რომ სხვადასხვა სასწაულებს მოემზადებინა ყველაზე მთავარი სასწაული, რომ ქალწული შობდა ქვეყნიერების მხსნელს. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისგან.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა. ის გამოვიდა ოდესღაც დავითის ტომიდან, რომელიც მაშინ უკვე დამცირებული და ყოველგვარ ბრწყინვალებას მოკლებული იყო... იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისთვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ, ანგელოსის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.
AMBEBI.GE
ლალი ფაცია