საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტესა და ჟოზეფინა დე ბორნეს ამპირის უნიკალური საძინებელი თბილისშია. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ანტიკვარული ნივთი ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში მცხოვრები ოჯახის საკუთრებაა. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მფლობელის ვინაობას. ექსპერტიზის წინასწარი შედეგებით, ეს ხელოვნების ნიმუში ნამდვილად საფრანგეთის საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს. უნიკალური ავეჯის ისტორიის შესწავლას სპეციალისტები განაგრძობენ და უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლასა და ხელოვნების ნიმუშის დეტალურ დათვალიერებას გეგმავენ. თუმცა იმის ვარაუდს, რომ საძინებელი ნამდვილად იმპერატორს ეკუთვნოდა, საწოლზე გამოსახული ნაპოლეონისა და ჟოზეფინას ფიგურები იძლევა.
ქართველი ექსპერტები ამპირის ავეჯს XVII-XVIII საუკუნეებით ათარიღებენ. დასახელდა ანტიკვარული ნივთის სავარაუდო ფასიც. კერძოდ, 5 მილიონი ევრო. სწორედ ამ ფასად გეგმავს მფლობელი მის გასხვისებას იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული მხარე უნიკალური ავეჯის საფრანგეთში, კერძოდ კი ლუვრის მუზეუმში დაბრუნებას გადაწყვეტს. მოლაპარაკებები სახელმწიფოებრივ დონეზე გაიმართება. სადაც ამჟამინელი მფლობელის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
"პრაიმტაიმთან" საუბარში ოჯახის დიასახლისი იხსენებს, რომ უძველესი ნივთები მისი მამამთილის საკუთრება იყო და გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ერგოთ.
- როგორც გადმოცემით ვიცი, ეს ანტიკვარული ავეჯი მეორე მსოფლოი ომის შემდეგ მოხვდა ჩვენს ოჯახში. ჩემი მამამთილი ცნობილი ფინანსისტი იყო და ქართველ ებრაელებთან ერთად მუშაობდა. მაშინ თბილისში ჯერ კიდევ უამრავი ებრაელი ცხოვრობდა და მათი ქონებისა და ანტიკვარების შესახებ ლეგენდებს დღემდე ყვებიან. სწორედ მათი დახმარებით შეიძინა ჩემმა მამამთილმა მე-17 საუკუნის საწოლი და კბაინეტი, ანუ მაგიდა, 12 სავარძელი, ტახტი და კარადა.
- თუ იცით, ვის ეკუთვნოდა ეს ავეჯი თქვენს მამამთილამდე?
- ასევე, გადმოცემით ვიცი, რომ ქართველი გენერლისგან შეიძინა, რომელიც პეტერბურგში მოღვაწეობდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ეს ავეჯი ერმიტაჟის საკუთრება იყო, მაგრამ მერე ამ გენერლის მფლობელობაში აღმოჩნდა. სწორედ მისგან შეიძინა და შემდეგ თბილისში ჩამოიტანა.
- როგორც წესი, ასეთი ავეჯის დამზადებას წლები სჭირდება და თან ის კონკრეტული დიდგვაროვნისთვის ან მეფისთვის მზადდებოდა. ხომ არ არის მითითებული, ვისთვის იყო დამზადებული?
- არა, ეს ინფორმაცია არ იყო დატანილი. ეწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას დასჭირდა კვალის წაშლა.
- ეს ავეჯი თქვენს სახლზე 50-ჯერ ძვირი ღირს და რატომ არ ყიდით?
- არის ძალიან დიდი დაინტერესება. მოდიოდნენ და დღემდე მოდიან ბროკერები, საელჩოს თანამშრომლები... უღებენ ფოტოებს, გაკვირვებულები არიან, მაგრამ, როცა გაყიდვაზე მიდგება საქმე, ხან ფასზე ვერ ვთანხმდებით, ხანაც ჩვენი მიზეზით იშლება გარიგება. მთავარი მზეზი მაინც ჩემი მეუღლეა, რომელმაც რამდენჯერმე ჩაშალა გარიგება, ვერ ელევა და ამიტომ. ისე, თუ გავყიდით, მირჩევნია, საქართველოში დარჩეს, რადგან ძალიან რთულად მოხდა მისი ქვეყანაში შემოტანა და არ მინდა, რომ თბილისი დატოვოს.
- რომელი ქვეყნების ელჩები იყვნენ დაინტერესებული?
- თითქმის ყველა ნამყოფია, ბოლოს საფრანგეთის ელჩი იყო, შეიძლება ითქვას, სამუზეუმო სივრცე მაქვს სახლში. გაოცებულები მიდიან, ვერ იჯერებენ, რომ ასეთი უნიკალური ავეჯი ნახეს თბილისში.