ფშავის ხევისბერი საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე საუბრობს

ფშავის ხევისბერი საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე საუბრობს

შუაფხოში ფშაველების სალოცავის, "ცაბაურთის მთავარანგელოზის" ხევისბერი გივი პარკენაშვილი "ვერსიას" ფშავისა და ფშაველების ადათ-წესებზე, საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, ასევე მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე ესაუბრება.

- ხევისბერო, ცაბაურთის მთავარანგელოზის სალოცავს ბევრი მომლოცველი ჰყავს?

- ცაბაურთის მთავარანგელოზს უძველესი დროიდან ჰყავს მომლოცველები და ხატის ყმები. ფშავში ხატი ღვთისშვილთანაა გაიგივებული. მათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძები, ოდესღაც ხორციელნი იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ. ხორციელობის ჟამს ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს, დევ-კერპებს ებრძოდნენ. სწორედ ამის გამო უქცევია ღმერთს ისინი სულიწმინდებად და ფშავის ხევი უჩუქებია, ამიტომ დღეს ფშაველები, თავს ამ სულიწმინდადქცეული ხატების ყმებად მიიჩნევენ. ცაბაურთობა ყოველი წლის ივლისში იმართება. აქ მთის შესაბამისი წესები მოქმედებს - იკვლება საკლავი, იჭრება ქადები, ვკითხულობთ ლოცვებს, უფალს ვავედრებთ საქართველოს, ქრისტიანებს და სრულიად პლანეტა-დედამიწის მცხოვრებლებს. ცაბაურთობა ერთ-ერთი დიდებული და უდიდესი დღესასწაულია ფშაველი ხალხის, განსაკუთრებით კი, ამ სალოცავის ყმებისთვის. ამ ხატის ყმა იყო უდიდესი პოეტი ვაჟა-ფშაველა, რომლის ვაჟკაცურ ქმედებებზეც ამბებს ყვებოდნენ უხუცესი ფშაველები. ცაბაურთის მთავარანგელოზი იმდენად სასწაულმოქმედი სალოცავია, რომ მახსოვს, ჩემს ბალღობაში აქ დავრდომილი ქალი მოიყვანეს და, მთავარანგელოზისა და ღვთის შეწევნით, ფეხზე დადგა, გაიარა. მთავარია, ადამიანს რწმენა ჰქონდეს, უფლისგან განდგომილი არ იყოს და შემოქმედი ყოველთვის დაეხმარება.

- როდის გადაწყვიტეთ, ჩამდგარიყავით ღვთისა და ერის სამსახურში და ხევისბერი გამხდარიყავით?

- ცოდნა მხოლოდ წიგნიდან არ მაქვს მიღებული, ბევრი რამ სულიწმინდის მადლით ვისწავლე. ყველაფერი ჩემს თავს, იესო ქრისტეს წმინდა ხელდასხმით მოხდა. არ ვიცოდი სჯულის აღვლენა, ლოცვაც კი არ ვიცოდი... ცაბაურთის ხევისბერობის გადაწყვეტილება ღვთის მეოხებითა და ხალხის თხოვნით მივიღე. არ მეგონა, სულიერი მამები ამხელა პასუხისმგებლობას თუ დამაკისრებდნენ. როდესაც ლოცვას აღვავლენ, თითქოს ხორციელი ადამიანი აღარ ვარ, ჩემში თითქოს სულიწმინდა სახლდება და ვამბობ იმას, რაც მას სურს. იგი ჩემი ბაგით საუბრობს. ამას გულმა და გონებამ რომ გაუძლოს, ისე ვიღლები, ლამის გონი იქვე დავკარგო - სისხლხორციელ ადამიანს არ ძალუძს ამ მადლის მიღება, ამიტომ განსაკუთრებული მარხვით ვემზადები. მე-13 წელია ვმარხულობ და დღეგამოშვებით ვიკვებები. წყალსაც დღეგამოშვებით ვსვამ. ზოგი ამბობს, ცოდვასა შვრებიო, მაგრამ ეს მე არ მომიგონია - თუ გინდა, ძალა მოიკრიბო და განიწმინო, ასე უნდა მოიქცე. თუ ამას არ გავაკეთებ, სულიწმინდა არ შემოვა ჩემში და ვიქნები ჩვეულებრივი ადამიანი.

- ბევრი მიიჩნევს, რომ სალოცავებისთვის მსხვერპლთშეწირვა წარმართული და მიუღებელია. ამ ტრადიციის გაგრძელებას მიესალმებით?

- მსოფლიოში პირველი ტაძარი იერუსალიმში, ღვთის კურთხევით, სოლომონ ბრძენმა აგო ხელსაწყოების გარეშე. ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ქვეყნების სარწმუნოების ნავსაყუდელი. სწორედ ამ ტაძარში დაიკლა ათასობით საქონელი და მათი სისხლი ეპკურა ხალხს, რათა მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვებისგან განწმენდილიყვნენ. ასე ხდება დღესაც. მსხვერპლთშეწირვის შემდეგ, ხატში პირველად გამოყვანილ ოჯახის ახალ წევრს შუბლზე სისხლით ჯვარს იმიტომ ვუსახავთ, რომ ყველანაირი ცოდვისგან გათავისუფლდეს. მხვერპლთშეწირვა ადამიანის ცოდვების გამოსასყიდლად ხორციელდება. ასე რომ, საკლავი იმიტომ არ იკვლება, ჭამო და უხეშად რომ ვთქვათ, ხორცით გაძღე და ცეკვა-თამაში გამართო.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ სასულიერო პირებთან და თქვენს მიერ აღსრულებული წესები და ლოცვები ტაძარში მოქმედ წესებთან შესაბამისობაში თუა?

- მღვდლები გვედავებიან, რომ იესო ქრისტე შეეწირა ხალხის მაგივრად, კაცობრიობამ კი ცოდვების გამოსასყიდად საკმარისი და უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ დღეს მოვლენილ ცოდვებს ხალხი ვეღარ უძლებს... მაგიტომაა ამდენი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ვინც ამბობს, ქრისტესი ვარო, ქრისტეს მსგავსად უნდა ცხოვრობდეს. აი, ამ დაწყევლილ ცხვრებაში რომ ცხოვრობ, ამბობ, ქრისტესი ვარო და არ ერიდები ამის თქმას, ვერანაირად ვერ გახდები ქრისტესი. უნდა გაექცე ამ ცხოვრებას, უფრო სწორად, გაერიდო და ბევრ რამეს აირიდებ თავიდან. ენა-ყბაზე მეტად, არაფრით ნადგურდება ადამიანი. ეს ყველაზე მეტად ანადგურებს ადამიანის სულიერებას. იესო ქრისტე ამბობს, "ნუ გგონიათ, რომ რჯულის გასაუქმებლად მოვედი, მე რჯულის აღსასრულებლად მოვედი". რჯული იყო, სანამ იესო ქრისტე მოევლინებოდა ქვეყნიერებას. ცოდვების განსაწმენდად ადამიანებს ჭირდებოდა რაღაც და დაუწერეს რჯული, რადგან ცოდვები რჯულით შეიცნობა. ამას პავლე მოციქული კარგად ხსნის - თუ შენ არ გინდა რჯულის აღსრულება, მაშინ სულიერად იცხოვრე. სამღვდელოების პირები ამბობენ, რომ ისინი სულიერი მოძღვრები არიან, მაგრამ... სულიერი მოძღვრობა ის კი არ არის, მწიგნობარი იყო. ქრისტემ უთხრა მათ, რომ ისინი არიან მწიგნობრები და მხოლოდ მწიგნობრობით ვერ შევლენ სასუფეველში.

არ ვამბობ, რომ მწიგნობრობა და წიგნიერება ცუდია, უბრალოდ, ამ ცოდნას სულიერებაც უნდა ემატებოდეს. ბევრი ამოეფარა ანაფორასა და ტაძარს ისე, რომ უფლის სახელს გაიძახის და ვითომ ლოცულობს ხალხთა მოსაჩვენებლად. ბოდიში მომითხოვია, სად გაგონილა ამ დაწყევლილ და ეშმაკისეულ ცხოვრებაში ღვთისმსახური კაცი ისე გასუქდეს, როგორც ბევრია ჩვენში, დევივით რომ ადევს მუცელი და ვეღარ ხედავს საკუთარ ფეხებს?! ღვთისმსახური უნდა იყოს ტანჯულ-წამებული! მე ბრალმდებელი არ ვარ. მათი საქმეები და საქციელია მათივე ბრალმდებელი. საბედნიეროდ, არიან ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც თავიანთი განათლებითა და სულიერებით ჩემს გულსაც ახარებენ... მინდა, ისინი ღმერთმა გააძლიეროს და გაახაროს.

- რას მიიჩნევთ ქართველი ხალხისა და ქრისტიანული სარწმუნოების გადარჩენის გზად?

- მე ვარ მთავარმოწამე და მაქვს ცნობა, რომ მე-4 წელია ქრისტეს მეორედმოსვლა დაიწყო. 2012 წლისთვის რომ იწინასწარმეტყველეს მაიას ტომელებმა, დაიშლებაო სამყარო, ხალხს ეგონა, ეს ერთ დღეში, ერთ წამში მოხდებოდა, მაგრამ მთავარანგელოზებმა როგორც მითხრეს, მეორედ მოსვლა 2012 წელს დაიწყო. იმედი მაქვს, საქართველოს მალე ეშველება, ურჯულოება მალე განიწმინდება ქვეყნიდან და ერიც დაისვენებს. მქონდა ხილვა შობის მარხვაში, სადაც იესო ქრისტე იყო მობრძანებული და გამომიცხადა, რომ მალე იქნება ყველაფერი და მალე, მალე წარიმართება ეს ყველაფერი, მთელი ქვეყნიერება წარიხოცება. 144 000 ათასი ადამიანი გადაირჩევა. ასე წერია იოანეს გამოცხადებაშიც, რომ ამ რაოდენობის ადამიანი იქნება გარჩეული 7 მილიარდი ადამიანიდან. ვინ იქნება აქედან რჩეული, ამას უფალი ღმერთი გადაწყვეტს.

მე ხომ მთავარი მოწამე ვარ, მამაზეციერის სიტყვებს ვამბობ, მე დამდებენ ბრალს, რომ ეშმაკის ხიბლში ვარ მოსული და მე ვირქმევ ჩემს თავზე, მაგრამ მამაზეციერმა ბრძანა, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც შენნაირად მემსახურებოდესო. იესო ქრისტემ ბრძანა, მოგევლინებათ ანტიქრისტე, რომელიც ძლიერ სასწაულებს მოახდენსო. ჩემგანაც იქნება სასწაულები, მაგრამ... ხალხი კი იტყვის, რომ აგერ, ეშმაკისგან ხო უნდა ყოფილიყო სინანულიო და ჩემზე იტყვიან ამას.

- როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, რომელია ღვთისგან მოვლენილი სასწაული და რომელი ეშმაკისგან?

- ვინც შეწყალებულ იქნება, ის აიღებს სწორ მიმართულებას. იგი თავისი ცნობიერებით მიხვდება სწორ გზას. თუ ღმერთმა შეიწყალა, მაგალითად, რომელიმე ადამიანი, მიეცემა მას ცნობიერება, წავიდეს იქით, საითაც უფალია. გაირჩევიან მარცხნივ თხები (ადამიანები) და მარჯვნივ ცხვრები (ღვთის ადამიანები). მარჯვნივ მოვხვდები თუ მარცხნივ, ჩემი არჩევანია. თუ ადამიანმა სწორი არჩევანი ვერ გააკეთა, თავისთავად დაიღუპება. დღეს ყველას სურს, საკუთარი რელიგია სხვა ქვეყანაზეც გაავრცელოს. ჩვენ ვართ ის ერი და იმ სარწმუნოების ხალხი, რომელიც ამას არ ვცდილობთ. მიმაჩნია, რომ სამი ანტიქრისტედან ერთ-ერთი რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი პუტინია.

ბაჩო ტურაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია