როგორ დაარსდა და რა აღმოჩენები კეთდებოდა საუკუნოვანი ისტორიის მქონე აბასთუმნის ობსერვატორიაში

როგორ დაარსდა და რა აღმოჩენები კეთდებოდა საუკუნოვანი ისტორიის მქონე აბასთუმნის ობსერვატორიაში

საქართველოში ბევრი ღირსშესანიშნავი დაწესებულებაა, რომელთაც ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა მათზე საზოგადოებას, ახალგაზრდებს ზერელე და ზედაპირული წარმოდგენა აქვთ. ამჯერად საქმე აბასთმუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ეხება, რომელიც 8 ათეულზე მეტი წლისაა. ის ყანობილის მთაზეა დაარსებული და ქართველი ასტრონომები იმ ადგილიდან და იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ცას აკვირდებიან და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობენ. ასე რომ, ეს ადგილი ერთ-ერთი სერიოზული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, ამასთან, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეც. დაახლოებით 8 წლის წინ, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და ერთ-ერთი სერიოზული სასწავლო ცენტრიც გახლავთ, სადაც ამ დარგით დაინტერსებული ახალგაზრდები პროფესიულად ყალიბდებიან.

რეალურად კი აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია სათავეს XIX საუკუნის ბოლოს იღებს. კერძოდ, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვისა და რუსი ასტრონომის სერგეი გლაზენაპის ხელმძღვანელობით: 1892 წელს აბასთუმანში, პირველი ობსერვატორია აშენდა. იმ ობსერვატორიამ რამდენიმე წელიწადში არსებობა შეწყვიტა, თუმცა იქ დღესაც არის იმდროინდელი სატელესკოპო კოშკი, რომელსაც "გლაზენაპის კოშკის" სახელი ჰქვია. რაც შეეხება გიორგი რომანოვს, ტუბერკულოზით იყო დაავადებული და იმპერიის საუკეთესო ექიმებმა აბასთუმანში მკურნალობა ურჩიეს. აბასთუმნის კლიმატისა და აბანოების სამკურნალო თვისებები ოდითგანვე იყო ცნობილი. ხოლო როდესაც რუსეთის იმპერიის ჯარები საქართველოში განლაგდნენ, სამხედრო ექიმები გაკვირვებით აღნიშნავდნენ, რომ დაჭრილთა მკურნალობა აბასთუმანში, სხვა ადგილებთან შედარებით, წარმატებულად მიმდინარეობდა.

აღნიშნული დაწესებულება დაბა აბასთუმანში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ობსერვატორიის დაარსების კონკრეტული თარიღი 1932 წლის 28 თებერვალია და ამ საქმის ინიციატორი, სულის ჩამდგმელი პროფესორი ევგენი ხარაძეა. იმ პერიოდის საბჭოთა სივრცეში ეს დაწესებულება პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია გახლდათ. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია - გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილებისა და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.

აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი "კუდიანი" ვარსკვლავი "კომეტა", რომელთაც "კომეტა 1942 თევზაძე 1" და "კომეტა 1942 თევზაძე 2" ეწოდათ. ეს პირველი ქართველის მიერ პირველი ასტრონომიული აღმოჩენა იყო. ამის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე "ჟოზეფ დონოჰოეს" მედლით და სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.

1932-1933 წლებში აბასთუმნის ობსერვატორია საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის გამგებლობის კუთვნილება იყო, 1934-1935 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გახლდათ. 1936-1940 წლებში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის, ხოლო 1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის შემადგენლობაში შედიოდა.

ობსერვატორია 2007 წლიდან, როგორც უკვე ვთქვით, ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და როგორც "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია", ასე იწოდება.

აბასთუმნის ატმოსფერო ყველანაირად აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რაც ცაზე ასეთი დაკვირვებისთვის არის აუცილებელი, რადგანაც იქაურობიდან ყოველთვის შორს იყო ინდუსტრიული ადგილები, გამოირჩეოდა მოწმენდილი ღამეებითა და უქარო ამინდებით. ჰაერი ისეთი გამჭვირვალეა, რომ პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით ნახვა ზოგჯერ დღისითაც კი შესაძლებელია.

ობსერვატორიის დაარსების წელს საბჭოთა კავშირში დამზადებული პირველი ტელესკოპი (33 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე სარკიანი ტელესკოპი) დადგეს. მოგვიანებით გერმანული ფირმა "კარლ ცაისის" მიერ დამზადებული 40 სმ-იანი რეფრაქტორი (ლინზიანი ტელესკოპი) დაიდგა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

ობსერვატორიის პირველი დირექტორი მისივე დამაარსებელი, 24 წლის ევგენი ხარაძე გახლდათ, რომელიც 60 წლის განმავლობაში დირექტორობდა ობსერვატორიას. 1976 წელს გერმანელმა ასტრონომმა რიჰარდ ვესტმა, აღმოაჩინა ასტეროიდი და მას ხარაძის სახელი დაარქვა...

ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, პირველ რიგში მეცნიერებაზე და, მათ შორის, ასტრონომიაზეც აისახება. გასული საუკუნის 90-იანმა წლებმა სერიოზული გავლენა იქონია ობსერვატორიაზე, მაგრამ ზოგჯერ ის არსებობას საერთაშორისო გრანტების დახმარებით განაგრძობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავად თუ კარაგად საქმიანობა არ შეწყვეტილა და როგორც ამბობენ, ყველაზე მძიმე წლებშიც კი დამთვალიერებლების ნაკადიც არ წყდებოდა.

მოკლედ, ცასა და ვარსკვალვებზე დაკვირვება, ასევე ასტრონომიაზე საუბარი კარგი აბასთუმანშია, სადაც მეცნიერებს არაერთი საინტერესო რამ აღმოუჩენით.

დღესაც არა მარტო საქართველოს კუთხეებიდან, არამედ უცხოეთიდანაც უამრავი ტურისტი ჩამოდის. აბასთუმნის ცის კარიბჭე მსურველებისთვის ღიაა.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია