ick.ge: 16 წლის გოგონა აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს

ick.ge: 16 წლის გოგონა აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს

16 წლის გოგონა აცხადებს, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს, საღამოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაიტაცეს და მთელი ღამის განმავლობაში "მოდულის" შენობაში ჰყავდათ. გოგონას თქმით, მას იძულებით აყურებინეს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლების მიერ ადამიანებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეომასალა. არასრულწლოვანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მისგან ითხოვდნენ ეთქვა, რომ იცოდა მისი ძმის სირიაში წასვლის განზრახვის შესახებ. გოგონას ძმა დავით ფირისებია ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით არის დაპატიმრებული.

"2015 წლის 26 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, როდესაც ჩემი არასრულწლოვანი დისშვილი გამოვიდა სამსახურიდან, დადიანის N16-ში მდებარე კაფე-ბარიდან, ორმა უცნობმა მამაკაცმა იძულებით ჩასვა შავი ფერის დაბურულშუშებიან ავტომანქანაში და წაიყვანეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მოდულის შენობაში. მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში ჰყავდათ დილის 10 საათამდე. ეხვეწებოდა, ახლობელთან დამარეკინეთ, რომ ვაცნობო სადაც ვარო, მაგრამ დარეკვის საშუალება არ მისცეს. მთელი ღამის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარის ქვეშ აიძულებდნენ ეთქვა, რომ იგი ყველაფრის საქმის კურსში იყო მისი ძმის დავით ფირისებიას გადაწყვეტილების შესახებ სირიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ასევე ჩემს დის შვილს ეუბნებოდნენ, რომ დათომ უკვე აღიარა, სირიაში რომ მიდიოდაო. როგორც დიანამ მომიყვა, მას მთელი ღამის განმავლობაში აყურებინებდნენ თავის მოკვეთის უმძიმეს კადრებს, რის გამოც ჩემი არასრულწლოვანი დისშვილი დღემდე ნორმალურად ვერ იძინებს. 27 აგვისტოს, დილით, როცა ის მოდულის შენობიდან გამოუშვეს, გავიგეთ, რომ ის კაფე-ბარიდანაც გაათავისუფლეს. ობიექტის მეპატრონემ მას უთხრა, რომ პრობლემების შექმნა არ უნდოდა", - აღნიშნავს არასრულწლოვანი გოგონას დეიდა სევა ფირისებია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" გაგზავნილ წერილში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი საჩივრის ავტორს, გოგონას და მის ადვოკატს გია ტაბლიაშვილს ესაუბრა. საჩივარში მოცემული ინფორმაცია სამივე მათგანმა დაადასტურა.

ადვოკატ გია ტაბლიაშვილის განმარტებით, კონტრტერორისტულ ცენტრს დავით ფირისებიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს მისთვის წარდგენილი ბრალის დასამტკიცებლად და ამიტომ, კანონდარღვევით ცდილობენ "სამხილების" მოპოვებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება პროკურატურას, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ დროისთვის ვერ შევძელით ინფორმაციის მოპოვება, დაიწყო თუ არა გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული წერილის საფუძველზე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ