დრამერი გიორგი პაპიაშვილი რამდენიმე დღის წინ, გორში დააკავეს. ის სამართალდამცავებმა სტალინის სახლ-მუზეუმთან აიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მას ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, თუმცა თავად ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უბრალოდ, მოშარდა. - დასალევად ვიყავით სტალინის ბაღში, ნასვამი ვიყავი, როცა სახლში ვრუნდებოდი. სტალინის ბაღიდან ქუჩა სადაც გადადის, იქ არის მაღაზია, მინდოდა მაღაზიაში სიგარეტი მეყიდა, როცა ე.წ. სტალინის ვაგონთან გავიარე, ცოტა ბნელი ადგილია და მოვშარდე. ამ დროს ცუდად გავხდი, თავბრუ დამეხვა და ვაგონის მოაჯირს გადავეყუდე. დამინახა თურმე პოლიციამ, კერძოდ პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა ნოზაძემ. მან გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი. მითხრა, ჩვენ დავინახეთ როგორ ცდილობდი ვაგონში შესვლასო. როცა დავინახე რა პომპეზურად შემოვარდა პოლიცია ადგილზე, მივხვდი, რაც ხდებოდა და გადავწყვიტე ტელეფონით გადამეღო ყველაფერი. პოლიციამ გამომართვა პირადობა და ტელეფონში გადაღებული ვიდეოც წაშალა. ამის შემდეგ გადამიყვანეს განყოფილებაში. არ უთქვამს, რომ მაკავებდნენ, მითხრეს სტალინის მუზეუმთან მოშარდვის გამო ადმინისტრაციულად უნდა დაგაჯარიმოთო. ამის შემდეგ დამადეს ბორკილები და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს დილის 7 საათზე. მეორე დღეს კი გაიმართა სასამართლო, პროკურატურა დაპატიმრებას ითხოვდა, სასამართლომ კი 4000 ლარიანი გირაო დამაკისრა. 8 ოქტომბერს არის შემდეგი პროცესი და 6 წლიანი პატიმრობა მემუქრება იმის გამო, რომ არ ჩამიდენია დანაშაული და უბრალოდ მოვშარდე სტალინის მუზეუმთან, მაგრამ პოლიციას ჩემი მოშორება უნდა და ამიტომ მოხდა ყველაფერი.- რას გულისხმობთ?
- ასე ვთქვათ, "გრიზნიაშია" ჩემთან პოლიცია, წინასაარჩევნო ხარვეზების გამო, მე მათთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი და აქედან დაიწყო ყველაფერი. მაშინ ვამხილე კუდის და სოდის თანამშრომლები, როგორ ახდენდნენ ზეწოლას ჩემზე და ახლა ამით მიხდიან სამაგიეროს. მე მზად ვარ ჩემი სიმართლე დავამტკიცო, ყველა კითხვას გავცე პასუხი, დასაკარგი არაფერი მაქვს, ცხოვრება დამილაქავა პოლიციამ აბსურდული ბრალდებით. მე არ ვაღიარებ ბრალდებას. უბრალოდ, მოვშარდე სტალინის სახლ-მუზეუმთან და ბრალად მედება ქურდობა.
AMBEBI.GE-მ ფაქტი შსს-ს პრესსამსახურშიც გადაამოწმა, სადაც მომხდარი დაგვიდასტურეს. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია 19/177-ე ქურდობის მუხლით.თამარ ბოჭორიშვილი AMBEBI.GE