არარსებული სახელმწიფო ქონება, რომელიც ახალციხის მერმა დააზღვია

არარსებული სახელმწიფო ქონება, რომელიც ახალციხის მერმა დააზღვია

"პროკურატურა ამ საქმით თუ დაინტერესდება, ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები შეექმნება“ დაახლოებით 5 თვის წინ, ახალციხის მერმა ადმინისტრაციული შენობა დააზღვია, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო. მერმა გიორგი კოპაძემ შენობა სადაზღვევო კომპანია "უნისონში“ 4 000 ლარად დააზღვია. საგულისხმოა, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მისივე შვილი, ელგუჯა კოპაძეა. ინფორმაცია ამის შესახებ მერიასა და კომპანიაშიც დაადასტურეს.

თუმცა, ახალციხის მერია მალე უნდა გადავიდეს საგანგებოდ მისთვის გარემონტებულ შენობაში. მანამდე კი ადმინისტრაცია დროებით არის შეხიზნული შენობაში, რომელიც მერმა, გიორგი კოპაძემ დააზღვია. იურისტების შეფასებით, საქმეში კორუფციული გარიგებისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები იკვეთება.

"როცა შენობა შენს ბალანსზე არ არის, მაშინ შენობის დაზღვევისა და თანხის გადახდის უფლება არ გაქვს. სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ამ შემთხვევაში მერს უფლება არ ჰქონდა ხელშეკრულება "უნისონთან“ გაეფორმებინა. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, თუ ხელშეკრულებას ხელს სამეთვალყურეო საბჭო მოაწერდა. რამდენადაც ვიცი, მუნიციპალიტეტებში სამეთვალყურეო საბჭოები არ არის. ამ ხელშკრულების დადების წინაპირობა თავიდანვე არ არსებობდა. საქმეში სერიოზული კორუფცია იკვეთება. მერია ფულს იმაში იხდის, რაც მისი საკუთრება არ არის, ხოლო სადაზღვევო კომპანია აზღვევს იმ შენობას, რომლის უკან უფლებამოსილი პირი არ დგას. ორივე მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურა ამ საქმით თუ დაინტერესდება, ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები შეექმნება“, - ამბობს bpn-თან საუბარში იურისტი ციალა რატიანი.

ახალციხის მერიასა და კომპანია "უნისონს“ შორის დადებული ხელშეკრულება (#69) 2014 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა. ეს ინფორმაცია საჯაროა და www.spa.ge-ზეა ხელმისაწვდომი. გიორგი კოპაძემ ახალციხელის ქუჩის ნომერ 2-ში მდებარე შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია 4 000 ლარად დააზღვია. შენობის საბაზრო ღირებულება კი 3 325 800 ლარს შეადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაზღვევის მომენტში შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხებოდა. ის მერიის ბალანსზე 2015 წლის 1 აპრილიდან გადავიდა. გამოდის, რომ ახალციხის მერმა შენობა მისი გადმოცემიდან 3 თვით ადრე დააზღვია.

დარღვევებია ხელშეკრულებაშიც. კერძოდ, ხელშეკრულების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტი ძალაშია 2014 წლის 29 დეკემბრიდან (ანუ გაფორმებიდან) 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ხელშეკრულების დასასრულს წერია, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია