ავღანეთში გარდაცვლილი ვასილ ყულჯანიშვილი ცოტა ხნის წინ რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გადაასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, გენშტაბის ოფიცრები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაესწრნენ.
"ძალიან მძიმე დღეა. როდესაც 21 წლის ახალგაზრდას კლავენ ომში, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველები, ყველგან, სადაც იცავენ მშვიდობას, იცავენ საქართველოს. დღევანდელი მსოფლიო კი იმდენი პრობლემითაა სავსე და იმდენი გამოწვევით, რომ სამწუხაროდ მშვიდობის დაცვა, ზოგჯერ იარაღით ხელში გვიწევს. როდესაც იარაღით ვიცავთ მშვიდობას, იქ მსხვერპლიც დგება. ეს ბიჭი ნამდვილად გმირია. 21 წლის ბიჭმა ყველაზე უფრო ძვირფასი გაწირა, მეორე ყველაზე უფრო ძვირფასი ამბისთვის - საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის და ამიტომ მე ვფიქრობ, ეს პატივისცემა, რომელიც რუსთაველებმა გამოხატეს, არის ყველაზე უფრო მინიმალური, რითაც ჩვენ შეგვიძლია დღეს პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ვასილ ყულჯანიშვილი მშობლიურ ქალაქში სპეციალური სამხედრო წესით, ლომოურის ქუჩიდან საცხოვრებელ ბინაში კი საპატიო ყარაულის თანხლებით გადაასვენეს.
ავღანეთში გარდაცვლილ 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს რიგითმა რუსთაველებმაც. მათ ქალაქის შემოსასვლელიდან, შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე ლომოურის ქუჩამდე, სამხედროებთან ერთად ცოცხალი კორიდორი გააკეთეს.
"დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას ძალიან სერიოზული სოლიდარობა აქვს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ეს პომპეზური დახვედრა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ორგანიზებულად გააკეთა, ძალიან ამაღელვებელია. ათასობით რუსთაველი გამოვიდა ქუჩაში ამ გმირი ჯარისკაცის და მათი თანაქალაქელის დასახვედრად. მათი ინფორმირება კი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდა. ხალხი რამოდენიმე საათის განმავლობაში ელოდა ვასილ ყულჯანიშვილის - თავიანთი გმირის შემოსვენებას ქალაქში, რათა სათანადო პატივი მიეგოთ. ეს ძალიან ამაღელვებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასე იკვრება ერი, ასე ყალიბდება სახელმწიფო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს სახლიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, სამშაბათს კი მას რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.



