2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგით, ჩვენ ვიწყებთ სვლას ამბიციურ გზაზე, რომელიც ითხოვს გაბედულ ნაბიჯებს, რათა ვუპასუხოთ კაცობრიობის წინაშე მდგარ უზარმაზარ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მდგრადი განვითარების 17 მიზნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგზე ბუნებრივი და დაუბრკოლებელი გადასვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"2000 წელს ათასწლეულის განვითარების მიზნების სტრატეგია მართლაც რევოლუციური იყო, რადგანაც მისი მეშვეობით გამოვნახეთ საერთო ენა გლობალური გამოწვევების დასაძლევად. საქართველოში, დაინტერესებული მხარეებისთვის ის იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ისინი, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსჯელობდნენ განვითარების შესახებ, ახდენდნენ მის პრიორიტეტიზაციასა და ადვოკატირებას. მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ამოქმედება ახალ ბიძგს აძლევს ამ ძალისხმევას. ამ პროცესში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ 2030 წლის დღის წესრიგის მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ჩართულობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ყველა ასაკის ადამიანისთვის ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მესამე მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტია".
პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით გადაიდგა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, C ჰეპატიტის აღმოფხვრის უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს.
"პაციენტებს უტარდებათ აუცილებელი ტესტები წინასწარი დიაგნოზისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით, ასევე გამოიყენება უახლესი მედიკამენტები ამ დაავადების სამკურნალოდ. სახელმწიფოს მხრიდან დედებისა და ბავშვების ჯანდაცვის მზარდ დაფინანსებას და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობის დონის შემცირებისთვის. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ ყოველ ათასზე ათი და თორმეტი პუნქტით დაიკლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტად დაასახელა ასევე მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა. მისი თქმით, მთავრობამ განახორციელა პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ასევე უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზანი, რომელიც მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და ინკლუზიურ ინსტიტუტებს ეხება.
"გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც განაპირობებს მთავრობის ეფექტიანობას. საქართველოში ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის კონსოლიდაციას, რომელშიც თავმოყრილი იქნება რეგულაციები ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეს მიზნები კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობასაც უნდა ეხებოდეს.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, უცხო ძალის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადაადგილების პირობებში.
მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელსაც ჩვენ ყველას ვუსურვებთ. ეს გზა გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას. მსოფლიოში ასეთი მომავალი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიქნებით ერთად. ეს არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივი. ეს არის ბრძნული და სწორი გზა - ჩვენი გლობალიზებული მსოფლიო ვერ გაამართლებს, თუკი ის გამორიცხავს მილიონობით ადამიანის მონაწილეობას. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ოკუპაციის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები უნდა შეეხოს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობასაც.
"რასაკვირველია, ეს მიზნები უნდა ეხებოდეს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობასაც. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება უცხო ძალის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადაადგილების პირობებში", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში ბოლო პერიოდში განხორციელებული ძირეული ცვლილებების შესახებ.
მისი თქმით, განხორციელებული ცვლილებების მიზანია ღია, ლიბერალური და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ენერგეტიკის სექტორის შექმნა, რომელიც ბაზარზე შესაძლებელ რყევებს გაუძლებს.
"ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან განხორციელებული ექსპორტი შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას აღემატება. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში, ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, დიდი შესაძლებლობები არსებობს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისა და ამ მოლაპარაკებების 2016 წლის სექტემბრისთვის დასრულებისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.