გაიზრდება თუ არა ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი

გაიზრდება თუ არა ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი

სულ მალე ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი, შესაძლოა, გაიზარდოს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია "გაზპრომთან" თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს.

როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, მას შემდეგ, რაც 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორ რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და შედეგად საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა ენერგეტიკის სფეროს აზერბაიჯანული გაზით დივერსიფიცირება მოახდინა და რუსეთიდან შანტაჟის თავიდან ასაცილებლად საერთო მოხმარებაში არასანდო რუსული გაზის წილი მინიმუმამდე დაიყვანა. ახლა კი მოლაპარაკება მიმდინარეობს 9 წლის წინ უარნათქვამი რუსული გაზის მოხმარების გაზრდაზე. ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, ბუნებრივი აირის მოწოდება დივერსიფიცირებული იყოს და ეს უკვე მიღწეულია, ამიტომაც რუსული გაზის წილის გაზრდა სახიფათო არ შეიძლება იყოს.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, შესაძლოა, აზერბაიჯანს აქვს გადაწყვეტილი, საქართველოში გაზის შემოტანა შეამციროს და ამიტომ განიხილება "გაზპრომის" გაზი. მაგრამ თუკი ქვეყანას ბუნებრივი აირი სჭირდება, საუკეთესო ვარიანტია, ირანთან დავიწყოთ მოლაპარაკება, ვიდრე რუსეთთან, რადგან რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის.

ცნობისათვის, კახა კალაძესა და "გაზპრომის" მმართველ ალექსეი მილერს შორის შეხვედრა პარასკევს, 25 სექტემბერს შედგა. როგორც "გაზპრომის" ოფიციალურ საიტზეა განცხადებული, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა და ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და ასევე საქართველოს გავლით მისი მესამე ქვეყანაში ტრანზიტის საკითხები განიხილეს. იქვე აღნიშნულია ისიც, რომ 2014 წელს "გაზპრომმა" საქართველოს 0,3 მილიარდი კუბ. მ. ბუნებრივი აირი მიაწოდა. მიღწეულია თუ არა შეთანხმება რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდაზე და რამდენი მილიონი კუბომეტრის მიღებაზეა საუბარი, ეს არ გასაჯაროვებულა. "მთელი კვირა" შეეცადა ენერგეტიკის სამინისტროს დაკავშირებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველო წელიწადში დაახლოებით 1,8-2 მილიარდ კუბ. მ. ბუნებრივ აირს მოიხმარს და მისი უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანიდან სხვადასხვა კონტრაქტებით შემოდის. დაახლოებით 275 მლნ კუბ. მ. შემოდის "შაჰ დენიზიდან" - ნაწილი 55-დოლარიანი (1000 კუბ. მ.-ზე), ნაწილი - 64 დოლარიანი. 150 მლნ კუბ. მ-ს იღებს "გაზპრომიდან" 110 დოლარად. ამას პლუს 900 მლნ კუბ. მ. შემოდის აზერბაიჯანიდან ორი სხვადასხვა კონტრაქტით - 500 მლნ კუბ მ. ე. წ. სოციალური გაზი 189 დოლარად და 400 მლნ კუბ. მ. აირი კომერციული ფასით - 240 დოლარად. რუსული გაზის წილი უმნიშვნელოა. ენერგოკომპანია "გაზპრომი" მხოლოდ 1,5 მილიონი კუბ. მ. გაზის მომწოდებელია და ისიც რუსეთ-სომხეთის ტრანზიტიდან შეღავათიან ფასად მიღებული ბუნებრივი აირია - გატარებული გაზის 10%, ანუ 150 მლნ კუბ. მ. 110 დოლარად. საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაზის ფასი იკლებს და მათ შორის საკმაოდ იაფდება რუსული გაზის საფასურიც. რუსეთში 2016 წლიდან გაზის გაიაფებაზე განცხადებები უკვე გაკეთდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია