ანტიდემპინგური კანონის მიღების აუცილებლობაზე საქართველოში უკვე წლებია მსჯელობენ, რადგან ეს არის ერთ-ერთი იმ კანონთაგანი, რომელიც სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივ და სატარიფო საკითხებს აწესრიგებს. ქართული წარმოება წლების განმავლობაში იჩაგრებოდა უცხოური დემპინგური პროდუქციისგან, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყნები სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას და გადამამუშავებელ მრეწველობას ყოველთვის სერიოზულ დახმარებას და სუბსიდირებას უწევდნენ. ამის გამო, საქართველოში მცხოვრებ გლეხს, თუ მეწარმეს არაკონკურენტულ ვითარებაში უწევდა საქმიანობა. დღეს ანტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედება უკვე რეალობად იქცა. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, თემურ მაისურაძე აცხადებს, სულ მალე გვექნება კანონი, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასების დაწესებას აუკრძალავს.
თემურ მაისურაძე: "ანტიმდემპინგური კანონი იმისათვის არის საჭირო, რომ გარე მოთამაშეებმა ფასებით არ დაჯაბნონ ჩვენი ეკონომიკური სუბიექტები. ეს კანონი დაადგენს თამაშის წესებს ბაზარზე და იმას, თუ რამდენით შეიძლება იმპორტიორებმა თავიანთი პროდუქციის ფასი დასწიონ. ეს უნდა მოხდეს ჩვენს ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რომლის ქვემოთაც მათ არ ექნებათ უფლება საქონელი შემოიტანონ. ახლა მთავარია ოქროს შუალედის დაცვა: ერთი მხრივ, მოსახლეობამ რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად უნდა შეიძინოს პროდუქცია და მეორეს მხრივ, მეწარმეს ჰქონდეს საშუალება, რომ განვითარდეს და მოგება მიიღოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს რეგულაციები როგორ შესრულდება, ან როგორი იქნება რეგულაციები საბაზრო სეგმენტში".
თემურ მაისურაძე იხსენებს პერიოდს, როდესაც ჩვენი ქვეყნის საზღვარზე აღურიცხავი ნაწარმი შემოჰქონდათ და დემპინგურ ფასებში ჰყიდდნენ: "გამოვყოფდი თამბაქოს ნაწარმს, რომელიც ათიოდე წლის წინ ერგნეთის ბაზრობის გავლით საქართველოში შემოდიოდა. მართალია, ამ ნაწარმის ფასი შედარებით დაბალი იყო, მაგრამ დემპინგის წესი ასეთია: შეიძლება იმპორტიორმა ერთი, ან ორი წლის განმავლობაში წაგებითაც იმუშაოს და როდესაც ყველა კონკურენტს მოსპობს, ბაზარზე თვითონ დარჩეს. პატიოსანი მეწარმეები ვერასოდეს გახდებიან იმ კომპანიების კონკურენტები, რომლებსაც ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირება შეუძლიათ. მე ახლა იმპორტიორებზე გესაუბრებით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დემპინგური ფასები ვიღაცამ ქვეეყნის შიგნითაც დააწესოს".