გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მარი ბროსეს ძეგლის კვარცხლბეკზე დადგეს - საზოგადოების მწვავე შეფასება და მერიის განმარტება

გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მარი ბროსეს ძეგლის კვარცხლბეკზე დადგეს - საზოგადოების მწვავე შეფასება და მერიის განმარტება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გახსნა. რეჟისორის ბიუსტი მისივე სახელობის სკვერში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ განთავსდა. როგორც "ამბები.გე"-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, ბიუსტის გახსნას გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ. მისულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ და რეჟისორის მეგობრებმა მიმართეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძის ღვაწლი დედაქალაქისა და ქვეყნის წინაშე, ნამდვილად იმსახურებს ამგვარ დაფასებას.

"დღეს ძალიან დიდი ადამიანის, საპატიო თბილისელის, უამრავი პრემიის ლაურეატის, უზარმაზარი ადამიანის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა. ეს არის სიმბოლური, მისი შემოქმედებისა და მისი მოღვაწეობის დაფასებისა, რაც მან მთელი ცხოვრების მანძილზე გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გიგა ლორთქიფანიძის შვილის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიუსტის

მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსება სიმბოლურია და თავისი დატვირთვა აქვს.

"გარდა იმისა, რომ ჩემთვის არის ასეთი ძვირფასი, მე ვფიქრობ, რომ ქალაქს შეემატა შემოქმედების თვალსაზრისით ძალიან კარგი სკულპტურა", - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა დაამზადა და დედაქალაქს საჩუქრად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ კვარცხლბეკზე, სადაც გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი განთავსდა, წლების წინ ქართველოლოგ მარი ბროსეს ძეგლი იდგა. ბრინჯაოს ძეგლი 1994 წელს დაიდგა, თუმცა 2004 წელს ის მოიპარეს. ერთი ძეგლის მეორეთი შეცვლას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

"გადასამოწმებელია, მაგრამ თუ ასეა, სირცხვილია!

მარი ბროსეს ბიუსტის კვარცხლბეკზე, რომელიც 2000-იანის დასაწყისში მოიპარეს (ბიუსტი ბრინჯაოსი იყო), ახლა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი დადგეს. შეგიძლიათ კვარცხბეკების მოყვანილობა ერთმანეთს შეადაროთ. მგონი მართლა ერთიდაიგივეა...

ფოტოები ფბ-ზე Zurab Medzvelia-საგანაა!", - წერს "ილიაუნის" ლექტორი ნანა ყიფიანი.

პოსტს ინტერნეტ-მომხმარებლები ეხმაურებიან:

"ყოჩაღ! პირველი ქართველოლოგი და საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული! მისმა გარდაცვალებამ ისე დასწყვიტა გული ქართველებს, ილიას და სერგეი მესხის ინიციატივით, პანაშვიდი სიონში გადაუხადეს".

"ვგიჟდები გიგაზე ისე მიყვარს, ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილია, მაგრამ რომ წავიკითხე ამ სკვერის ამბავი, შემეცოდა კიდევაც...."Sopho Todua (ეჰ, ნანა.) მოკლედ, საქმე ასეა: 1994 წელს ბროსეს დაუდგეს ბიუსტი, ელბაქიძის დაღმართი რომ იწყება, იმ სკვერში (ახლა გიგა ლორთქიფანიძის სახელობისაა). 2004 წელს ეს ბიუსტი მოიპარეს და, რასაკვირველია, აღარც აღადგინეს. მერე ბროსეს პიედესტალზე ასევე ბიუსტის დადგმა მოუნდათ სოფიკო ჭიაურელის ოჯახის წევრებს - სოფიკოსი, რასაკვირველია. დადგამდნენ კიდეც, მაგრამ მაშინ ვიღაც-ვირაცეებმა ხმა ამოიღეს, მათ შორის მეც დავწერე ამაზე და გადაიფიქრეს, გადაიფიქრა ოჯახმაც, როცა გაიგო, რა ხდებოდა. ჰოდა ახლა იმ ადგილას დადგეს გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი, სკვერსაც მისი სახელი მიანიჭეს. რომ იკითხა ვიღაცამ მორიდებულად, ბროსეს რას ერჩოდითო, საკრებულომ - აწი დავუდგამთ დედა ენის ბაღშიო. ჰოდა, ახლა ვკითხულობ: ეგებ რამე გვეშლება?".

"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი