ქართველი მაღალჩინოსნები, რომელთა სკამიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეწირა

ქართველი მაღალჩინოსნები, რომელთა სკამიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეწირა

მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობის პირი ხარ თუ არა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მაღალჩინოსნებს კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო, თავისუფლების აღკვეთა ელით."ambebi.ge" ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების შესახებ გიამბობთ, ვისაც ეს ბრალი წაუყენეს და ამის გამო პასუხისგება მოუხდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედებოდა ბრალად, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა 2006 წლიდან დაიწყო. მისი საქმე თავიდანვე ბევრ შეკითხვას ბადებდა. რადგან მისი დაპატიმრება იმ სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა, როდესაც ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები სხვადასხვა დანაშაულებში ამხილა. იგი ამ გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს. მას ბრალად გამოძალვა, ფულის გათეთრება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაედო. მოგიანებით პატიმრობა 10-მილიონიანი გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის ნება დართო. თუმცა ოქრუაშვილის განცხადებით, მას არც გირაოს თანხა გადაუხდია და არ ქვეყნიდან წასვლის სურვილი ჰქონია. აღმკვეთი ღონისძიების დამძიმება კი მისი მხრიდან გარკვეული პირობების დარღვევამ გამოიწვია: "ქვეყნის დატოვების პირობა იყო ის, რომ 2 წელი საქართველოში არ უნდა დავბრუნებულიყავი და სრული დუმილი უნდა დამეცვა. ჩემი მხრიდან დუმილის ნაწილობრივმა დარღვევამ აღმკვეთი ღონისძიების დამძიმება გამოიწვია", - განაცხადა ოქრუაშვილმა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის აეროპორტში დააკავეს. 2013 წლის 5 იანვარს მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის მოტივით შეწყვიტა.

გურამ ჩალაგაშვილი

წყალტუბოს ერთ-ერთ რესტორანში შუქის გათიშვის ბრალდებით სამართალდამცავები გურამ ჩალაგაშვილის საქმით დაინტერესდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ჩალაგაშვილის ბრალდებულის სახით დაკითხვა მის მიერ წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ელექტროენერგიის უმიზეზოდ გათიშვის დავალების გაცემას უკავშირდება, რის შედეგადაც დენი ქუთაისშიც გამოირთო. ის საგამოძიებო უწყებაში შარშან დაიბარეს. მას პოლიციამ ბრალი წაუყენა, თუმცა არ დაუკავებიათ. დაკითხვიდან გამოსულმა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამსახური არ გამოუყენებია ბოროტად; პირიქით, მან ეს მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გააკეთა. 12 იანვარს, როცა რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდა, იგრძნო დამწვრის სუნი, რაც სავარაუდოდ ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. მისივე განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით დაუკავშირდა შესაბამის უწყებებს და შუქი გაათიშინა.

გელა ხვედელიძე

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე თანამდებობიდან სკანდალურად გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა უფლებადამცველ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსება. შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საქმეზე დაკავებულიც გახლდათ, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

თენგიზ გუნავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ბენზინის ტალონების მითვისების ბრალდებით 2012 წელს დააკავეს. თენგიზ გუნავას ბრალად წარედგინა "სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის პირველი ნაწილი და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, კერძოდ: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მითვისება-გაფლანგვა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება შსს-ს მაღალჩინოსანს 3000 ლარის ღირებულების ბენზინის ტალონების მითვისებას ედავებოდა. თენგიზ გუნავა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დავით კირვალიძე

ე.წ. ტრაქტორების საქმეს შეეწირა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას სხდომაზე მიმართა, რაც პრემიერმა დააკმაყოფილა. კირვალიძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევები მან თავის თავზე აიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახსრების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების "მექანიზატორისა" და "ტექაგროსერვისის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. დავით კირვალიძე საბოლოოდ სასამართლომ გაამართლა, მაგრამ მინისტრის პოსტზე აღარ დაბრუნდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."