ვაკე-საბურთალოსთან დამაკავშირებელ ე.წ. ახალ გზაზე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგა. თუმცა, გზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები პარალელურად ისევ მიმდინარეობს.
სპეციალისტების თქმით, სტიქიის ზონაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაუშვებელია, რადგან მომავალში მსგავსი სტიქიური მოვლენის განმეორება გამორიცხული არ არის. მიუხედავად რეკომენდაციებისა, ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მაინც გრძელდება. სამშენებლო კომპანიამ "რედკო“ ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები ორი თვის წინ განაახლა.
როგორც bpn-ს კომპანიაში განუცხადეს, მშენებლობის ნებართვა 13 ივნისის სტიქიამდე აქვთ მიღებული. ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული სპეციალური კომისიის მიერ შედგენილ წითელ ნახაზებში აღნიშნული ტერიტორია არ მოხვდა. შესაბამისად, მშენებლობაც განაახლეს. კომპანია "რედკო" 16-სართულიან კორპუსს აშენებს.
"სტიქიის დროს ჩვენი ტერიტორია არ დატბორილა და არ დაზარალებულა. უბრალოდ ზარალი მოგვადგა იმ კუთხით, რომ სამშენებლო მასალები მშენებლობის წინ ელაგა, რომელიც წყალმა წაიღო. წყალმა წაიღო ერთი მანქანაც. მერიამ ნებართვა გასცა მშენებლობის გაგრძელებაზე. ვინაიდან წითელ ხაზებში არ მოვხვდით, ვაგრძელებთ მუშაობას. კორპუსს ვადებში ჩავაბარებთ. 11 სართული უკვე აშენებულია. სტიქიის განმეორების შანსი ძალიან მცირეა, რადგან როგორც იცით, მსოფლიო ბანკმა დააფინანსა დამბის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქია მოხდა, მეწყერსაშიშ ზონებში წყალი მაქსიმალურად ცოტა წამოვა. ჩვენ განგვიმარტეს, რომ ეს ტერიტორია მაქსიმალურად დაცული იქნება. ხოლო წითელ ხაზებში, სადაც ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი მოხვდა, მშენებლობა დაუშვებელია," - განმარტავენ "რედკოში".
ბპნ დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილი და უსაფრთხოა სტიქიური ეპიცენტრის ზონაში კორპუსის მშენებლობა და შესაბამის უწყებებს, ასევე, სპეციალისტებსაც დაუკავშირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მერიაში გვითხრეს, რომ სამშენებლო კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს და შესაბამისად, მშენებლობასაც ახორციელებს. "ალბათ, გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მშენებლობის განახლება იმ ტერიტორიაზე დაშვებულია", - დასძინეს მერიაში.
იხილეთ გაგრძელება