მიმდინარე სეზონზე მოსახლეობას მაღალი ტემპერატურა, დიარეა, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება აწუხებს. პირად საუბრებში მოქალაქეები ამ სიმპტომებს ენტეროვირუსს მიაწერენ და ხშირად, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშე, თვითმკურნალობით ცდილობენ გამოჯანმრთელებას.
Ambebi.ge დაინტერესდა, რა დაავადებაა ენტეროვირუსი. გაიზარდა თუ არა მიმართვიანობა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში და როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა, რომ აღნიშნულმა დაავადებამ მათი ჯანმრთელობა არ დააზიანოს. ამ საკითხებთან დაკავშირებით რედაქცია გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, ენტეროვირუსები ვირუსების ერთ-ერთი ჯგუფია, რომელიც სხვადასხვა სიმპტომატიკით მიმდინარე დაავადებებს იწვევს. მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ენტეროვირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელება არ აღინიშნება: ”ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოში არის ენტეროვირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელება, მტკიცებულებას მოკლებულია, რადგან ლაბორატორიული დადასტურება, რომ ამჟამად ცირკულირებს ენტეროვირუსი, ჯერ არ გვაქვს. ამასთან, ჩვენი ზედამხედველობის სისტემა არ არეგისტრირებს უჩვეულოდ მაღალ მიმართვიანობას კონკრეტული სიმპტომატიკით”, - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
თუმცა ის, რისი მატებაც ამ ეტაპზე მოსახლეობაში შეინიშნება, ბაქტერიული ინფექციებია: ”შემთხვევები, რასაც ვარეგისტრირებთ და მომატების ფაზაშია, არის ბაქტერიული ინფექცია, ეს არ არის ენტეროვირუსი”, - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი და განმარტავს, რომ მოსახლეობამ სიმპტომების დროს სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართოს, რათა მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობის ჩატარება მოხდეს: ”ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გამოხატული დიარეა (ანუ კუჭის აშლა, როგორც ამას მოსახლეობაში უწოდებენ), მაღალი ცხელება, გულისრევა და პირღებინება, უნდა მიმართონ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, რათა დადგინდეს მიზეზი და სწორი მკურნალობა ჩატარდეს”.
ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, რომ ნაწლავური ინფექციებით როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები ავადდებიან. თუმცა, ბავშვებში ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია. ნაწლავური ინფექციებით დაავადების შემთხვევები შემოდგომის სეზონზე იზრდება. რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული: ”აქ რამდენიმე ფაქტორია. შემოდგომის სეზონზე უხვად ხდება ჯერ კიდევ ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რომელიც საგულდაგულო გარეცხვას მოითხოვს მირთმევამდე. ასევე შემოდგომაზე სასწავლო პროცესები იწყება, ბავშვები ჰიგიენის წესებს არ იცავენ. ინფექცია გადაეცემა შიდა კოლექტივებში, შემდეგ ეს ვრცელდება ოჯახში და ასე შემდეგ”, - ამბობს ხათუნა ზახაშვილი და მოსახლეობას რჩევებს აძლევს.
თუ თქვენ აღნიშნული სიმპტომები გაწუხებთ:
1. მიმართეთ ექიმს, რომ ექიმმა განსაზღვროს მკურნალობა
2. დაიცავით ჰიგიენის წესები
3. კვების პროდუქტები და სასმელები გამოიყენეთ სწორად: საკვები უნდა იყოს მომზადებული კეთილსაიმედოდ და სასურველია, იყოს ახალი. თუ ვინახავთ საკვებს, ის სათანადო პირობებში უნდა შევინახოთ. ხილი, ბოსტნეული - ყველაფერი, რასაც უმად მივირთმევთ, უნდა იყოს საგულდაგულოდ გარეცხილი.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE