ტურიზმის ორიგინალური სახეობა - აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდება

ტურიზმის ორიგინალური სახეობა - აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდება

აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე რეგიონი ევრაზიიდან აფრიკის მიმართულებით გადამფრენ ფრინველებსაც მასპინძლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი. ე. წ. "ძაბრს" წარმოადგენს ბათუმის ვიწრო დერეფანი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. 2012-2013 წლებში აქ მსოფლიო რეკორდებიც დამყარდა როცა მტაცებელი ფრინველების მიგრაცია 1 300 000-ს აღემატებოდა.

მტირალას მთაზე, სოფელ შუამთასა და ჩაისუბანში ფრინველებზე დაკვირვებისთვის სპეციალური პლატფორმებია მოწყობილი, სოფლებამდე მისასვლელი ბილიკები კი მონიშნულია. წელს ფრინველთა მიგრაციას 120 უცხოელი სპეციალისტი აკვირდება. "ამბები.გე" გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს ესაუბრა:

დენიელ ჰენკლი ამერიკიდან ორი თვით ჩამოვიდა. ის სპეციალური ჭოგრიტით აკვირდება მიგრაციის პროცესს, ითვლის რაოდენობას და მტაცებლების იშვიათი სახეობების ფოტოკამერაზე დაფიქსირებას ცდილობს:

"აქ გასულ წელსაც ვიყავი ორი თვით. მიყვარს აჭარა და მომავალ წელსაც დავბრუნდები. ძალიან ლამაზი ქვეყანა და შესანიშნავი ხალხია, სახლები ჩვენი პლატფორმებიდან ახლოს მდებარეობს. საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. ძალიან ლამაზი, ფერადი და საინტერესო მტაცებელი ჩიტები დავაფიქსირე ჩემი კამერით. გუშინ გადავიღე ირაო, გამორჩეული ფოტოა, რაც კი აქამდე გადამიღია", - აღნიშნა დანიელ ჰენკლიმ.

ბელგიიდან ერთი თვით ჩამოსული ფილიპ ჩოლენი საქართველოს დღეს ტოვებს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო სამეფო არწივის ნახვა და ადგილობრივი ოჯახის მასპინძლობის ტრადიცია აღმოჩნდა:

"ბელგიიდან მეექვსედ ჩამოვედი ფრინველების მიგრაციის დასაკვირვებლად. აქ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ვიკრიბებით ჩიტების მოყვარულები. სხვადასხვა სახეობის არწივი ვნახე. განსაკუთრებით ბევრი არწივი გასული კვირიდან ფიქსირდება. ვნახე სამეფო არწივი, რომელიც ძალიან იშვიათი და გამორჩეული სახეობაა. მისი დანახვა მხოლოდ ამ სეზონზე შეიძლება და მოხარული ვარ, რომ ვნახე. რაც შეეხება აჭარას, საინტერესო კუთხეა. ძალიან კარგ ოჯახში ვცხოვრობ, სტუმართმოყვარეები არიან და გემრიელ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ. დღეს მივემგზავრები, მაგრამ მომავალ წელს ისევ ჩამოვალ და დავაკვირდები ფრინველების გადაფრენის შესანიშნავ სანახაობას", - აღნიშნა ფილიპ ჩოლენმა.

უცხოელი სპეციალისტების გარდა ფრინველების მიგრაციას ბათუმელი სტუდენტებიც აკვირდებიან. ლუკა კუტრანიძე და მისი სამი მეგობარი შაბათ-კვირას ფრინველების დარგოლვის პროცესში არიან ჩართულები, ხოლო სხვა დღეებში უცხოელ სპეციალისტებთან მტაცებელი ფრინველების რიცხვს ითვლიან:

"უნივერსიტეტში გავიგეთ ამ პროექტის შესახებ, ჩავეწერეთ და დავიწყეთ ფრინველების დაკვირვება. დღეს ვნახეთ ძერა, ქორი, არწივის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის გველის მჭამელი არწივი და მთის არწივი. მარჯანიც ვნახეთ დღეს. საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო საქმეა", - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

ფრინველების გადაფრენის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია "საბუკო" უზრუნველყოფს. ორგანიზაციის დირექტორის ალექსანდრე რუხაიას თქმით, ამ დრომდე 900 000 მტაცებელი ფრინველი დაფიქსირდა. ის არ გამორიცხავს, რომ გასული წლების რეკორდი წელსაც მოიხსნას:

"ამ ტერიტორიას გადამფრენი ფრინველებისთვის ძაბრს ვეძახით. როცა ფრინველი ევრაზიის კონტინენტიდან აფრიკის მიმართულებით მიდის, აუცილებლად უნდა გაიარონ ბათუმის ვიწრო დერეფანი. წელს 120 სპეციალისტი ჩამოვიდა ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, შვედეთიდან, უნგრეთიდან და ამერიკიდან. ყოველ საღამოს გვაქვს შემეცნებითი ლექციები, სადაც უცხოელი და ქართველი ექსპერტები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ამ დრომდე 40 სახეობის 900 000 მტაცებელი ფრინველი, მათ შორის ირაო, ქორი და არწივი დაფიქსირდა. მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ 2012 წელს, როცა დავითვალეთ 1 200 000 გადამფრენი მტაცებელი, თუმცა ჩვენივე რეკორდი მოვხსენით 2013 წელს, როცა ფრინველების რიცხვი 1 300 000 აღემატებოდა", - აღნიშნა ალექსანდრე რუხაიამ.

ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სოფიკო გუჯაბიძე ამბობს, რომ ფრინველების მიგრაციის ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონის პოპულარიზაციასა და იმ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობენ:

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკვე მეოთხედ უჭერს მხარს საერთაშორისო დონის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს. მართალია, ეს საკმაოდ ვიწრო სეგმენტია ეკო-ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ მას ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სოფელ სახალვაშოში 120-მდე დამკვირვებელია წელს ჩამოსული, ეს ხელს უწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და იმ ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლებიც ამ პლაცდარმების მიმდებარედ ცხოვრობენ", - აღნიშნა სოფიკო გუჯაბიძემ.

მტირალას მთის, სოფელ სახალვაშოსა და შუამთის ტერიტორიების გარდა მტაცებელ ფრინველებზე სადამკვირვებლო პლატფორმები მოწყობილია ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ისპანის ჭაობზე და ხელვაჩაურის მინუციპალიტეტში ჭოროხის დელტაზე. ფრინველების მიგრაციის პროცესი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია